თაკო შოშიაშვილი: ოპერატორი, მოდელი და გიორგი ბახუტაშვილი: მსახიობი
რომელი პროდუქტი ჰგავს სიყვარულს?
გიორგი: ყველაზე მეტად ალბათ თაფლი, რადგან პირველ რიგში, ეს ტკბილი პროდუქტია. რაც შეეხება თვისებებს, მსგავსება იმაშია, რომ ორივე სასარგებლოა, თუმცა დიდი ოდენობით – მავნებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ის აქვს, რომ თაფლი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც არა ფუჭებადია.
თაკო: ჩემთვის სიყვარული ალუჩას ჰგავს
გიორგი: რატომ? სიყვარული მჟავეა?
თაკო: არა, არა, უბრალოდ ყველაზე მეტად ალუჩა მიყვარს და ამიტომ…
რომელია გიორგის საყვარელი კერძი?
თაკო: ყველაზე მეტად პიურე და კატლეტი უყვარს, დღეში ხუთჯერ რომ შესთავაზო ეს ტანდემი, უარს არ იტყვის…
გიორგი: კი, ნამდვილად მიყვარს
თაკო: საერთოდ, უპრეტენზიო მჭამელია.
რომელია თაკოს საყვარელი კერძი?
გიორგი: დიდად ჭამის მოყვარული არ არის, ადამიანები ხომ იმიტომ მიირთმევენ რომ შიათ, თაკო კი, – იმიტომ ჭამს რომ იარსებოს. უყვარს მექსიკური კარტოფილი, თავადაც ძალიან გემრიელად ამზადებს. გარკვეული პერიოდი ხორცსაც არ ჭამდა.
რომელ კერძს ამზადებს თაკო ყველაზე ხშირად?
გიორგი: პიურეს, იმიტომ, რომ იცის ძალიან მიყვარს, თუმცა რამდენჯერმე სერიოზული კერძიც გააკეთა, გუფთის გაკეთებაც კი იცის.
გიორგი: ხომ ამბობენ, კაცს ცოლი რომ მოჰყავს სუქდება, მე კი სულ ვამბობდი, – ამ სტერეოტიპს დავარღვევ და არ გავსუქდებითქო, მაგრამ ისე გემრიელად ამზადებს თაკო ყველაფერს, სულ რომ არ გშიოდეს, მაინც მოგინდება რომ დააგემოვნო.
გიორგი თუ ამზადებს?
თაკო: ძალიან გემრიელ შვრიის ფაფას ამზადებს. ხანდახან ერთად ვაკეთებთ რაღაცეებს.
როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თაკო: ეს ამბავი იმდენჯერ მოვყევი, რომ უკვე მეცინება, ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის სახლში გავიცანით 2013 წლის 22 ნოემბერს.
რომელია თაკოს საყვარელი დესერტი?
გიორგი: თაკო მიკარნახე…
თაკო: ძალიან ცოტა დროა, რაც ტკბილეული შემიყვარდა, ადრე იშვიათად მივირთმევდი.
გიორგი: ხშირად ჩიზქეიქს უკვეთავს, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ძალიან უყვარს. ტკბილეულს საერთოდ არ ჭამდა, ფეხმძიმობის პერიოდში შეუყვარდა და სულ ვამბობ, რომ ჩვენი შვილი მე მგავს, რადგან ტკბილეული ძალიან მიყვარს. თუ აუცილებელია რომ ვთქვა, მაშინ ჩიზქეიქი მოსწონს თაკოს ყველაზე მეტად.
თაკო: არ არის სწორი, დესერტებიდან ყველაზე მეტად “ბრაუნი” მიყვარს, მაგრამ გიორგი არ მაჭმევს, ეშინია რომ გავცივდები და ალბათ, ამიტომ არ გაახსენდა. რამდენჯერაც არ გამოვთქვი სურვილი, რომ ნაყინი ვჭამო, გიორგი ყოველთვის ჩიზქეიქს ყიდულობს ჩემთვის.
გიორგის საყვარელი დესერტი?
თაკო: ვერ ვიხსენებ…
გიორგი: შენ თავად მოგიმზადებია ჩემთვის
თაკო: …
გიორგი: ჩინური ტორტი
თაკო: როგორ დამავიწყდა… თან რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე რეცეპტის გასაგებად და მომზადების პროცესში.
ქართველი არაპროფესიონალებიდან ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო კულინარად?
გიორგი: თაკოს დედა, თინიკო აბულაძე
რომ არა თქვენი პროფესიები რამდენად შესაძლებელია, რომ კულინარია აგერჩიათ, როგორც პროფესია?
გიორგი: არა, ამისთვის პირველ რიგში ალბათ, გურმანი უნდა იყო. ჩვენ კი, ჭამის მიმართ რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება არ გვაქვს.
გიორგი თუ ამზადებს კერძებს?
თაკო: დილით საუზმის მომზადების მცდელობები აქვს, თუმცა შემდეგ სამზარეულო ისეთ დღეშია, რომ მირჩევნია თავად მოვამზადო საუზმე.
პროდუქტი ან კერძი, რომელიც ყველაზე მეტად არ უყვარს თაკოს?
გიორგი: კანჭი
პროდუქტი, რომელიც არ უყვარს გიორგის?
თაკო: ჭარხარლი
რომელია თაკოს საყვარელი ხილი?
გიორგი: ალუჩა
გიორგის საყვარელი ხილი?
თაკო: გაქვს საყვარელი ხილი?
გიორგი: კი მაქვს
თაკო: მარწყვი უყვარს
თბილისში სად გიყვართ სადილი?
სხვადასხვა კაფეებში, ერთი განსაკუთრებული ადგილი არ გვაქვს.
ყავა თუ ჩაი?
გიორგი: ყავას იშვიათად ვსვამდი, მაგრამ თაკომ მიმაჩვია
თაკო: ნებისმიერი სახის ყავა
რომელია თქვენი საყვარელი სამზარეულო?
გიორგი: ქართული
კერძი?
გიორგი: ლობიანი
თაკო: იტალიური სამზარეულო, კერძი კი, – ტორტელინი
რომელია თაკოს საყვარელი საუზმე?
გიორგი: შვრიის ფაფა
გიორგის საყვარელი საუზმე?
თაკო: ვერ გამოვიცანი რა ურჩევნია საუზმედ, თვითონ მარტო ყავა უნდა დილით, მაგრამ მე ვაძალებ რომ ისაუზმოს.
ფოტო: LIG Studio