ქეთი მელუა

7_issue_culinart1

ქეთი, ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ ქართულ სამზარეულოზე. რადგან ჩვენ ორივე ქართველები ვართ, ამიტომ ჩემი პირველი კითხვა იქნება:

დაასახელოთ თქვენი საყვარელი სამი ქართული კერძი?
აჭარული ხაჭაპური, ტყემალი – უბრალოდ ყველაფერს უხდება და მოხარშული სიმინდი მარილით, შავი ზღვის სანაპიროზე, რომ იყიდება.

რამდენად ხშირად ამზადებთ?
სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვამზადებ, ამისთვის დრო აღარ მრჩება. მაგრამ მომწონს სალათების კეთება და თუ ოდესმე მექნება ძალიან ბევრი თავისუფალი დრო, ამ შემთხვევაში ვისურვებდი ვყოფილიყავი საუკეთესო პურის მცხობელი.

ამზადებთ ქართულ კერძებს?
სამწუხაროდ არა, ერთხელ ბაბუამ მასწავლა ხინკლის მომზადება და ბებიამ – ბლინის გამოცხობა, მაგრამ ეხლა ალბათ, თავიდან უნდა ვისწავლო ყველაფერი, სანამ რამის გაკეთებას დავაპირებ.

ვიცი რომ დედა საოცრად ამზდებს. რას გიმზადებთ ხოლმე ყველაზე ხშირად?
დედა ძალიან კარგი მზარეულია, ის ამზადებს ყველაფერს აჯაფსანდალიდან დაწყებული საცივით და ხაჭაპურით დამთავრებული. მე და ჯეიმსს ძალიან გვიყვარს მასთან ვახშამზე მისვლა. აქედან გამომდინარე ჯეიმსს ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო.

თუ არის რომელიმე ქართული ინგრედიენტი ,რომელსაც ვერ შოულობთ ლონდონში?
ვიცი რომ, ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ყველის ყიდვა იყო ძნელი, მაგრამ ახლა ირანულ მაღაზიაში იყიდება ქართული ყველის მსგავსი სახეობები და შესაბამისად, ეს საკითხიც მოგვარებულია.

რა არის შენთვის კულინარია?
მომწონს ადამიანები, ვინც ამ პროფესიასთან არიან დაკავშირებულები, მაგრამ მე ახალბედა და გამოუცდელი ვარ ამ სფეროში. ჩემთვის კულინარია, მაგიდასთან სასიამოვნოდ გატარებულ დროსთან და მოგონებებთან უფრო ასოცირდება.

როგორ ფიქრობთ, იყო კარგი შეფ-მზარეული, ეს ნიჭია თუ ამის სწავლაც შესაძლებელია?
მინდა ვიფიქრო, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, თუკი დიდ დროს და ენერგიას დაუთმობ საქმეს. არ უნდა დაკარგო იმედი და აუცილებლად მიაღწევ მიზანს. მე ამის მჯერა.

რომელ სამ რესტორანს გამოყოფდით ლონდონში?
“The Terrace“, მდებარეობს ჰოლანდის ქუჩაზე, ძალიან პატარა რესტორანია, სადაც ამზადებენ უგემრიელეს ბრიტანულ კერძებს. “The Covert garden”- ბარი და რესტორანი, ქალაქის ცენტრში. “The Kensington roof gardens” – ბარი და რესტორანი, სახლის სახურავზე გაშენებული ულამაზესი ბაღით.

რომელ კერძს ვერ გასინჯავდით ვერასდროს?
არასდროს გამისინჯავს ფუაგრა, არ მომწონს მისი მომზადების წესი, ვფიქრობ ასეთი სისასტიკით არ უნდა ექცეოდნენ ფრინველებს და ცხოველებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com