მწვადი – შენ, ხაჭაპური – მე…
„ – კარაქიანი პური? იდეალურია! ვგიჟდები კარაქიან პურზე, შემიძლია, ყოველდღე ვჭამო და ერთხელაც არ დავიწუწუნო.” -აღტაცებით მითხრა მან და გამიღიმა.
რომანი, რომელსაც ოდესმე დავწერ ჩემი ბედნიერი ქორწინების შესახებ, ასე დაიწყება, თუმცა ჯერ არც დაქორწინებული ვარ, არც რომანის წერისთვის მომიკიდია ხელი და უფრო მეტიც, ძალიან იშვიათად შევხვედრილვარ საქართველოში აღზრდილ კაცს, რომელიც ქალის მწირ კულინარიულ შესაძლებლობებს მოიწონებს, ან უშფოთველად მაინც შეხვდება.
საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნით, თავისას მოითხოვს. „კაცს სახლში სადილი უნდა დახვდეს“, „კაცია და დალევს, აბა, რას იზამს“, „კაცია და გაივლის-გამოივლის“ – ამბობს ის და ჩვენც ვეთანხმებით, თავს ვუქნევთ და ვემორჩილებით, ან არ ვეთანხმებით, თავის ქნევის ნაცვლად, უკამყოფილოდ ვჭმუხნით შუბლს, მაგრამ ასეა თუ ისე, მაინც ვემორჩილებით, რადგან მამაკაცები, რომლებიც გვიყვარდა და გვიყვარს, იგივე საზოგადოებაში აღიზარდნენ. გამოდის, რომ გულისკენ მიმავალი შემოვლითი გზა, რომელიც კუჭზე არ გადის, საკმაოდ რთული და შორია.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრებისეული პრობლემები, რომელიც ურთიერთობის აწყობაში ხელს გვიშლის, ერთადაა თავმოყრილი ცხარე (მექსიკურ-ქართულ – მალაიზიურად შეზავებულ) წვნიანში და თუ ამ წვნიანს დავხვრეპთ, ჯამის ფსკერზე პრობლემების მიზეზს აღმოვაჩენთ. მიუხედავად იმისა, გვიყვარს თუ არა ცხარე წვნიანი, მისი დახვრეპა ნამდვილად ღირს. ღირს, დავინახოთ, რომ ჯამის ფსკერზე, ფერადი ყვავილების ნაცვლად, სულ სხვა თაიგული გველის – სტერეოტიპების თაიგული, რომლის სურნელითაც სავსეა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა.
ერთი, ძალიან გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, ჩვენ ქალი სამზარეულოში ვიცით. რასაც უნდა აკეთებდეს ის, რამდენ წარმატებასაც უნდა მიაღწიოს, ხაჭაპურის ცომის სისქე მაინც უმნიშვნელოვანესს კრიტერიუმად რჩება ნათესავ – მეგობრების მხრიდან ქალის შეფასებისას. ჩვენ ქალი სამზარეულოში ვიცით და გვიყვარს, როცა უზარმაზარი სუფრაა გასაშლელი, როცა სტუმრების წასვლის შემდეგ, სასტუმრო ოთახი გასარეცხი ჭურჭლითაა სავსე, როცა შინ დაბრუნებულ კაცებს დაპურება სჭირდებათ.
ასეა თუ ისე, ქალის შრომა სამზარეულოში იმდენად ჩვეულებრივ და კანონზომიერ ამბად ვაქციეთ, რომ მადლობის გადახდას და შექებასაც საჭიროდ აღარ მივიჩნევთ. სამაგიეროდ, საკმარისია, კაცმა ერთხელ მოინდომოს კერძის მომზადება, რომ იქვე, სამზარეულოს კედელზე მიმაგრებული დაფნის ფოთლების გვირგვინიც მას ერგება და სხვა ჯილდოებიც, რაც კაცობრიობას მოუგონია.
სამზარეულოში კაცებს საკუთარი ნიშა აქვთ. „უბრალო“ კერძებზე ისინი ხელს არ ისვრიან – სალათები და ფაფები მათი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. სამაგიეროდ, არავის უთმობენ ე.წ. „მამაკაცური კერძების“ მომზადებას. მწვადი, ხაში და მისთანანი, მათი საქმეა. ასე ითვლება და მორჩა.
პარალელების გავლება რთული არ არის. სამზარეულოშიც ის ხდება, რაც სხვაგან. ქალები მუშაობენ ბევრს, ქალები ჭრიან სამსახურებრივ პრობლემებს და მწვანილს, ქალები ეზიდებიან პროდუქტს ბაზრიდან სახლში და დოკუმენტებით სავსე ბაინდერებს – კარადიდან კარადაში, ქალების განკარგულებაშია სამზარეულოს დანებიცა და საკანცელარიო დანებიც, მაგრამ როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება, ქალები, როგორც წესი, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. დასკვნას, აკლია თუ არა მარილი სადილს, კაცები აკეთებენ. უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებსაც ისინი აწერენ ხელს. კაცები ინიშნებიან დეპარტამენტების უფროსებად, დეპარტამენტების, სადაც საქმე
რიგითი თანამშრომელი ქალების კისერზე გადადის და ამზადებენ მხოლოდ მათთვის სასურველ, „მამაკაცურ კერძებს“, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი – „შავ სამუშაოს“ ქალები შეასრულებენ. „კაცია და ხორცის გარეშე არ შეუძლია“, „ვაჟკაცი გოგოა, მწვადი ისე უყვარს“ – ეს ფრაზებიც ჩვენი რეალობიდანაა. თურმე ნუ იტყვით და საჭმელსაც ჰქონია სქესი, ქალები და მამაკაცები კი, შიმშილშიც უთანასწორონი ვყოფილვართ, თურმე ქალის სიძლიერე მისი რაციონით შეიძლება გავზომოთ.
აბა, „სალათისმჭამელი პრინცესა“ რისი მაქნისი უნდა იყოს?
არადა, სტერეოტიპები მარტო აზროვნების თავისუფლებას კი არ გვართმევს, თურმე გემოს რეცეპტორების მგრძნობელობასაც გვიქვეითებს. რთული მისახვედრი არ არის, რომ გამოქვაბულები დიდი ხნის წინ მოვიტოვეთ უკან და ტექნიკური პროგრესის პირობებში, არცერთი კერძის მომზადება აღარ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ ძალას. მამაკაცების გამორჩეული კულინარიული ნიჭი კი, რომელსაც ისინი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ავლენენ, ისეთივე მითია, როგორიც გახლავთ „კაცის ტვინი“, „კაცის მათემატიკური აზროვნება“, „კაცის მძღოლური უნარ – ჩვევები“ და ბევრი სხვა.
მე და ამერიკელმა მეცნიერებმა დავადგინეთ, რომ ცხოვრება სტერეოტიპების გარეშე უფრო მშვენიერია, სამზარეულო უფრო მრავალფეროვანი, კერძები კი – გაცილებით გემრიელი.
P. S. „ვცხოვრობდით ერთად და ტკბილად, როგორც მურაბა და ჯემი ბებიაჩემის სარკეებიან განჯინაში, როგორც ვერცხლის დანა-ჩანგალი სტუმრებისთვის გაშლილ მრგვალ მაგიდაზე, როგორც ნაღებისფერი კარაქი და რუხი პური…“ – ამასაც ჩემს მომავალ წიგნში ამოიკითხავთ, რომელიც ოდესმე მიეძღვნება ყველა ბედნიერ ქორწინებას, ყველა არასტერეოტიპულ ოჯახს.
წერას რომ შევუდგები, არ გამოგაპარებთ.