When gastro met love – ანუ კულინარიით მოსულ სიყვარულზე
რეალურად, რამდენი ჩვენგანი სიღრმისეულად და სერიოზულად უფიქრდება რა არის “ის” რამაც გადამაწყვეტინა ამ ადამიანის ცხოვრების მეგზურად არჩევა? რამდენი ჩვენგანი, ბიჭი რომ მოეწონება, იწყებს ფიქრს: რა საერთო ინტერესები მაქვს მასთან? რა დაგვაკავშირებს მომავალში? რა გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას? მგონი არავინ. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთი პრაგმატულია ურთიერთობის დასაწყისში.
ნებისმიერი სასიყვარულო, რომანტიული თუ სექსუალური ურთიერთობა საწყის სტადიაზე, სხვადასხვა ეტაპებს
გადის: დანახვა, მოწონება, გაცნობა, მონდომება, პეპლები მუცელში, ჟრუანტელი, სისუსტე კუნთებში, სიმხურვალე თავში, უმადობა. ამას ზოგი სიყვარულს არქმევს (ქალები ძიირითადად) ზოგი სექსუალურ ლტოლვას (კაცები რა თქმა უნდა) და საწყისი ეტაპისთის ეგეც საკმარისია.
აი მერე რაც იწყება, იმას უფრო მეტი ძალისხმევა და ფიქრი სჭირდება. მივესალმები იმას რომ ჩვენ ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი წყვილი იწყებს თანაცხოვრებას, ოფიციალური ბეჭდის გარეშე. ყბადაღებული “ქალიშვილობის” თემაც ნელ-ნელა კარგავს აქტუალობას (ან უფრო დახელოვდნენ ახალგაზრდები). შესაბამისად, წყვილებს აქვთ საშუალება უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ჩამოაყალიბონ ერთობლივი ჩვევები. გაუჩნდეთ საერთო ინტერესები.
ეს უკანასკნელები ისეთივე აუცილებელი ინგრედიენტებია ურთიერთობაში ჰარმონიის მისაღწევად, როგორიც
ჯანმრთელი, რეგულარული და მრავალფეროვანი სექსი. ერთ-ერთი ასეთი საერთო ინტერესი და საერთო ჩვევა შეიძლება საკვებთან დამოკიდებულება და ზოგადად გასტრო-ჩვევები გახდეს.
მაგალითად, მე და ჩემი ცხოვრების მეგზურს (რა დეფინიციაა?!) ძალიან ცოტა რამ გვაქვს საერთო და 18 წელია იმ პრინციპით ვცხოვრობთ, “საპირისპიროები რომ იზიდავენ”. კარგად ვცხოვრობთ. ჰარმონიაში და დიდი ხანია აღარ ვეძებთ საერთოს. ამიტომ 18 წლის თავზე როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ თურმე გვქონია რაღაც საერთო და ეს ჯანსაღი კვება ყოფილა, ორივეს გაგვიხარდა.
პიონერი, რა თქმა უნდა მე ვიყავი და თუ სხვა მცდელობები, მაგალითად, რომ მას პოპ-მუსიკა შეყვარებოდა და მე-ტექნო და ელექტრონული მუსიკა, კრახით დასრულდა, საკვების არჩევისას სრული ჰარმონია გვაქვს. ჩემი ზიარება “ჯანკ ფუდის” ცნებასთან და მის მავნებლობასთან, თავის დროზე რომანტიულ გარემოებებში მოხდა (სხვა დროს მოგიყვებით) და მას მერე დავიწყე დაკვირვება რას ვჭამ, როგორ, რამდენს და როდის. ვეგეტარიანელ, ვეგან, გლუტენ-ფრი, ნო-დეირი (რძის პროდუქტები) და ალკოჰოლ-ფრი ტიპად ჯერ არ ვქცეულვარ, მაგრამ დანარჩენი ძალიან ჯანსაღად და სწორედ ვიკვებები. ჩემი ჩვევები ნელ- ნელა მასზეც გადავიდა და თუ 18 წლის წინ 5 კოვზ შაქარს იყრიდა ჩაიში და 5 წლის წინ შოთის პურით და ნუტელით ან კარაქიანი თეთრი პურით იწყებდა დილას. ახლა, თაფლიან ჩაის და ურძეო/უკარაქო შვრიის ფაფას მიირთმევს. კარტოფილს და მაკარონს პურს აღარ აყოლებს, ვახშამზე ტუნას და ავოკადოს სალათს თავად იმზადებს და ნახშირწყლები-ცილები-ცხიმების რაციონს, სპეციალური აპლიკაციების გარეშეც აკონტროლებს. საღამოობით ერთმანეთს ვუზიარებთ ახალ ახალ აღმოჩენებს მსოფლიო ნუტრიციის და დიეტოლოგიის მიმართულებით, ერთად ვაკვირდებით თანამედროვე ჯანსაღი კვების ტენდენციებს და მეტად კმაყოფილები ვართ ამ საერთო, ჩამოყალიბებული ჩვევით.
სამწუხაროდ, სამზარეულოს ქალღმერთად ვერ ვიქეცი. ჩემი კულინარიული შედევრები ორაგულით გრილზე, პასტა პესტოთი, სულგუნი-პომიდორი-ორეგანოთი, სალმონ- ავოკადოთი, გოგრის და ისპანახის სუპებით და
წიწიბურის ბლინებით შემოიფარგლება. ამიტომ ყველაზე გემრიელად რესტორნებში ვჭამ და არა სახლში. აი, აქ უკვე ვეღარ ვემთხვევით. მას სახლში ჭამა ურჩევნია, მე ჩემმა მეგობრებმა და რამდენიმე რესტორანმა თბილისში
ისე გამანებივრეს, გემრიელი და ჯანმრთელი საკვების დიდი არჩევანით, რომ შემიძლია ცოტა ხანი კიდევ არ ვინერვიულო, რომ სამზარეულო ჯერ არ დამიპყრია.
რესტორნებში და კაფეებში, სადილად ან სავახშმოდ ერთად სიარულის ჩვევაც, ალბათ როდესმე მოვა. თუ არ მოვა და იმათთან ერთად ვივლი, ვინც ჩემსავით კარგად იცის, კარგ რესტორანში ვახშმის გემო, ვინც ახალ
ქალაქში ჩასვლის წინ, წინასწარ მეგობარ-ახლობლებისგან იკვლევს იმ ქალაქის ‘ისეთ’ რესტორნებს და კაფეებს; ვინც ჩემსავით შემთხვევით აღმოაჩენს არ-დალისტურ, არ- გაბაზრებულ და თუნდაც ‘უმიშლენო’, მაგრამ ძალიან მაგარ რესტორანს და ვისთვისაც უცხო არ არის “გასტრონომიული ორგაზმის” ცნება.