მაკო ჯაოშვილის ბლოგი

6_issue_culinart75

მითხარით როგორ იკვებებით და გეტყვით, როგორია თქვენი ფიქრები

მას შემდეგ, რაც „კულინარტობა“ ჩვეულებად ვაქციე, კულინარიასაც უფრო საღი თვალით ვუყურებ და არტს მითუმეტეს. შთაგონებისთვის სულ პატარა ემოციაც მყოფნის ხოლმე. გონებრივი დიეტა ძალიან მეხმარება.
სხეულსაც ვიკაჟებ და სულსაც. რა ხანია გავხდი ჩემი ცხოვრების შემოქმედი. ვხატავ გონებაში ლამაზ სურათებს,
ვძერწავ საკუთარ თავს და გონების საზრდოს პოზიტიური მიდგომით ვამდიდრებ.
რაც მეტად ვმუშაობ ამ მიმართულებით, მით უფრო ვივსები დადებითი ენერგიით. თანდათან ვისწავლე ბალანსის დაცვა ყველაფერში, მათ შორის, ჭამის პროცესშიც. კალორიების გამრავლება-გაყოფაზე ნამდვილად არ ვხარჯავ ძვირფას დროს, მაგრამ ყურს ვუგდებ ჩემს ორგანიზმს, რომელიც მკარნახობს, როდის რა მივირთვა. ის კი, ხან წიწიბურაზე მიმანიშნებს, ხან ბრინჯს ან მოხარშულ კარტოფილს ითხოვს. მეც უარს არ ვეუბნები და ვართ ასე ჰარმონიაში. როცა იმუნური სისტემის გაძლიერებაა საჭირო ან სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ექიმ-დიეტოლოგები წიწიბურათი მდიდარ კვების რაციონს გვთავაზობენ. ახლახან წავიკითხე რომ წიწიბურა ბუნებრივი აფთიაქია-ო და უფრო შემიყვარდა. კერძადაც მშვენიერია და გარნირადაც. ეს პატარა მარცვლები ენერგიულად მუშაობს – გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები, ჭარბი ქოლესტერინი, მძიმე მეტალის იონები.
ამის მიუხედავად, ბრინჯს უფრო საპატიო ადგილს ვანიჭებ. სასუსნავ გემრიელობებისადმი სიყვარული ნაწილობრივ ტკბილი ფლავით ჩავანაცვლე. დოზირებულად, ზოგჯერ ჩათუთქულ კომშს ან ვაშლს შევუხმატკბილებ ხოლმე, ზოგჯერ ქიშმიშის, გარგარის ჩირის და ნიგვზის ჯამს. ვაძლიერებ ორგანიზმს რკინით, მაგნიუმით და კალციუმით. სტრეს-გამძლეობაც გამოვიმუშავე. ჩვეულებრივ კერძებში „თეთრ მარგალიტს“ უფრო ვიყენებ, დიეტურ ამბავში – ყავისფერს.
კარტოფილი თავისი დაბალ კალორიულობით და კალიუმის შემცველობით ფავორიტ საკვებთა რიგებში ჩავწერე. უმეტესად, მოხარშული სახით, რა თქმა უნდა. შემწვარ-მოხრაკულის მოყვარული დიდად ისედაც არ ვარ. მოშუშულ-შებრაწული უფრო მიზიდავს. ჩემგან არ გესწავლებათ, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე სხეულსაც მოხდენილს ხდის და მეტაბოლურ პროცესებსაც აუმჯობესებს. სალათები და ნედლად მომზადებული კერძები შემიყვარდა ნამეტნავად.
ცალკეული პროდუქტისადმი არჩევანი ბუნებრივია, ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. უფრო მნიშვნელოვანია, რას როგორ მივირთმევთ. ადამიანთა უმეტესობა ჭარბი ნაყროვანებისკენაა მიდრეკილი. ბევრს ჭამენ და მერე სწრაფი გახდომის დიეტებს ეძებენ. მე ჩემებური ფორმულა შევიმუშავე. მსუბუქი კვება დავაყენე წინა პლანზე. ამაში რიტუალად ქცეული წყლის დალევა მშველის. ჟურნალის აქტიურმა მკითხველებმა იციან, რომ დილიდან 2 ჭიქა წყალი ყლუპ-ყლუპად, მერე დღისით, შუალედებში და ბოლოს, ძილის წინ, აუცილებელ ნორმად მიიღო ჩემმა სხეულმა. თავისთავად დარეგულირდა პორციების ზომაც და ჭამის ინტენსიობაც. სხვები თუ განტვირთვის დღეებს ანიჭებენ უპირატესობას, მე პირიქით, კვირაში ერთ-ორჯერ ვანებივრებ საკუთარ თავს ცომეულ-ფუნთუშეულით, შოკოლადებითა თუ ძეხვეულ-სოსისებით. ოღონდ ზომას მაინც ვიცავ, რომ წონა არ „გავანერვიულო“.
მეცნიერული ცოდნა პრაქტიკაში დავნერგე და კვირის ყოველ დღეს თავისი ფუნქცია მივუჩინე გონების სავარჯიშოდ. ერთი დღე ჯანსაღ კვებაზე ზრუნვისთვის გამოვყავი. პროფესიული ლიტერატურის გაცნობას კულინარულ თემაზე დაწერილი მასალებიც შევმატე. გავიგე, რა უკეთესია ნივთიერებათა
ცვლის მოსაწესრიგებლად. ასე თანდათან ვისწავლე სხეულის მოვლა. სუფთა ჰაერზე სეირნობით ზედმეტ ცხიმებს ვწვავ და ჟანგბადით ვამარაგებ ყველა ორგანოს. აქტიურმა ცხოვრების წესმა გონება გამინათა, არსებით საკითხზე კონცენტრირება გავაუმჯობესე და პოზიტიური აზროვნებაც გამიძლიერდა. სასარგებლო რჩევების გაზიარება ჩემეული ხასიათის ერთერთი შტრიხია და მოტივაციის წყაროც. ჰოდა, შევარჩევ რამე საინტერესოს მომდევნო ნომრისთვის. ჩემს ოპტიმიზმსაც გაგინაწილებთ და თქვენ ფიქრებსაც პოზიტიურ სახალისო ტალღაზე გადავრთავ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com