CALCUTA
I N D I A
მახსოვს, როგორ ტაატით გადაჭრა ჩემი ბალიში ტარაკანმა
მახსოვს, სპილოს უზარმაზარი ჩრდილი ღამის გზაზე
შავი ყორნები, წითელ ფორტს თავს რომ დასტრიალებდნენ
პეპელა მარმარილოზე, როგორც ნამდვილი
მახსოვს სუნი, ფერი, გემო, სიცხე
ტაქსის მძღოლი უფრო მეტი თმით ყურებში, ვიდრე თავზე
მრავალფეხა მწერები ბაღში
თევზი ქოქოსის რძეში, წითელი წიწაკით ფარშირებული კიბორჩხალა და მანგო ლასი.
მახსოვს ინდოეთი
ლამაზი – გადაჭარბებული სილამაზით
დამთრგუნველი – საყოველთაო გაჭირვების უკიდეგანობის გამო
იმედის მომცემი – ადამიანთა ცნობისმოყვარეობითა და უბრალო სიკეთით
არის წუთები ძილსა და სიფხიზლეს შორის, დრო, როცა ჯერ კიდევ ზღვარზე ხარ, სხეული მოძრაობს და სუსტ იმპულსებს
ემორჩილება, მაგრამ გონებას არ სურს სიზმართან განშორება.
ასეთია ეს ქვეყანა ჩემთვის- სიზმრის ზღვარზე არსებული რეალობა.
კალკუტაში მატარებლით ჩავედით. ფართო, რკინის კონსერვის ქილით. ვაგონების უმეტესობას შუშები არ აქვს. მით უკეთესი, გისოსებს ადვილად ჩამოეკიდები გარედან და სოფლიდან სოფლამდე გაისეირნებ. ხელს დაუქნევ მათ, ვინც გზაზე გამოვიდა მატარებლის სანახავად. თუ უფრო ყოჩაღი ხარ სახურავზე აცოცდები, იქიდან დააკვირდები თვალუწვდენელ მინდვრებს. სადგურებში ვაგონებს ჰიჯრები დაივლიან. მხიარული, გამომწვევი ხითხითით გადაავლებენ თვალს მგზავრებს. კაცები, რომლებიც ნებით, სიცოცხლის რისკის ფასად, მტკვივნეული ოპერაციის ხარჯზე, „იბრუნებენ“ ნამდვილ სახეს, უარყოფენ კაცის სხეულს და მთელი ცხოვრება კასტის გარეშე დარჩენილი კასტრატები ნებაყოფილობით ატარებენ ერთმანეთის გარემოცვაში. ჰიჯრები ცეკვავენ ნათლობებზე, ლოცავენ ოჯახს, ღმერთმა დაგიფაროს და ჰიჯრას აწყენინო, თუ დაგწყევლა ვეღარაფერი გიშველის. ამიტომ ვაგონში ყველა მოლოდინით შეშდება სანამ ჩაივლიან.
ინდოეთმა სამუდამოდ შეცვალა ჩემი დამოკიდებულება გარკვეული მცნებების მიმართ. მაგალითად, მე აქამდე არ ვიცოდი რა იყო ხალხმრავლობა.
ადამაინების ზღვა, უწყვეტმა ნაკადმა, რომლის მორევმაც შეიძლება ჩაგითრიოს და სრულიად უკონტროლო ტივტივის ან კედლებზე მინარცხების შემდეგ, სადმე ტროტუარზე გაგრიყოს. არ ვიცოდი რა იყო სიღარიბე, მისი ის ზღვარი, როცა არაფერი გაგაჩნია, მართლა არაფერი, ნაჭრის ერთი ნაფლეთიც კი, რომ სიშივლე დაფარო. იბადები ქუჩაში შიშველი, ცხოვრობ და კვდები ქუჩაში- შიშველი. საოცარი ქცვეყანაა ინდოეთი, ინდუსტრიის მშენებელი, ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია აწარმოოს. მისი ეკონომიკა დღიდან დღემდე იზრდება, მაგრამ დალიტს მაინც არ აქვს უფლება ბრაჰმანს ხელით შეეხოს. კასტების სისტემა მუშაობს.
ინდოეთი ჯერ კიდევ ის ქვეყანაა, სადაც უმრავლესობისთვის საკვებს კულინარიასთან არავითარი კავშირში არ აქვს. საკვები ეს ის საზრდოა, რომელიც ფიზიკურ გადარჩენაში გეხმარება. თუ არ გაქვს კვდები. ამიტომ ინდოეთში თუ მდიდარი ხარ, ხარ მსუქანი, თუ ღარიბი -გამხდარი. ეს როგორც კი ცენტრს გასცდები, შედარებით კეთილმოწყობილ საცხოვრებელ კვარტლებისკენ გასწევ, პატარა ქუჩაზე მოხვდები, რომელიც მდინარესთან ჩადის და ღმერთების სკულპტურების მკეთებლებითაა დასახლებული. ჩალისა და თიხისგან შექმნილი მრავალხელა ღმერთები გაგაყოლებენ ას თვალს, სველი თიხის სუნი აგეკიდება და „კიუპისში“ მოხვდები, კალკუტის ყველაზე ცნობილ რესტორანში. ბენგალური სამზარეულო, საკმაოდ განსხვავდება ტრდიციული ინდურისგან. აქ უფრო ცოტაა სანელებლების სიმრავლე. მეტია ქოქოსის რძის, არახისის ზეთის და თევზის გემო.
აქ საჭმელი ბანანის პალმის ფოთლებზე მოაქვთ. ჩანგალს არ მოგცემენ თუ არ მოითხოვე. მარჯვენა ხელის ოთხი თითით მოაგროვებ საჭმელს, ერთმანეთში გადაურევ და ალესავ გემოებს, გუნდებად აქცევ და გადასანსლავ. პირი ჯერ დაგეწვება, მერე შენთვის უცნობი გემოების ფეიერვერკი აფეთქდება ხახაში და მსუბუქი წვის ფონზე
საოცარ ნეტარებას განიცდი. შენ ამ წუთას შეჭამე ინდოეთის ერთი მოზრდილი ნაჭერი, ინდოეთის ყველაზე ინტელექტუალურ ქალაქს, კალკუტას გემო გაუგე.
ჯერ კიდევ ის საზოგადოებაა, სადაც ქალის ზომიერი ჩასუქებულობა მის კეთილდღეობას განსაზღვრავს. ეს არის ინდოეთი ბოლივუდს გარეთ. მთელი ინდოეთი.
კალკუტა ულამაზესი ქალაქია, მაგრამ შეგრძენება, რომ დაბომბვა ახლახანს დასრულდა ერთი წამიც არ მტოვებდა. ქალაქის ცენტრში შენობების უმეტესობას შუშები არ აქვს. გგონია, რომ ამ მიტოვებულ, თვალებდათხრილ სახლებში არავინ ცხოვრობს, მაგრამ მერე ხვდები, რომ ეს ნანგრევები სავსეა სიცოცხლით. აქ ერთ ოთახში ხუთი ოჯახი ბინადრობს კიუპისში დავლიე პირველად და უკანასკნელად მკვახე მანგოს წვენი. ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც აღარ გავიმეორებ. სამაგიეროდ, სწორედ ამ რესტორნიდან, წვიმიან, ბნელ ქუჩაში გამოსულს, დამეუფლა ის განცდა, რომელსაც მთელი ცხოვრება დავდევ და ასე იშვიათად ვეწევი. ასეთი სიცხადით შეგრძნება, რომ ცოცხალი ვარ. პირი მეწვის, მცხელა და ალბათ, ამაღამაც წავაწყდები უცნაურ მწერს აბაზანაში. მაგრამ ახლა და აქ მინდა სწორედ ყოფნა, ახლა და აქ და არსად სხვაგან.