კულინარიული კრახი ნიკა კოჩაროვი

6_issue_culinart1

ნიკა კოჩაროვი

“მგონია, რომ კულინარია ძალიან ჰგავს მუსიკას…”

კერძის მომზადებისა და მუსიკის შექმნის პროცესში ერთნაირი შეგრძნებები მაქვს. თითქოს დრო ჩერდება და ბოლომდე შედიხარ ამ საქმეში. როგორც მუსიკაში- ინსტრუმენტებს, კულინარიაში ინგრედიენტებს აზავებ ერთმანეთში და… ზუსტად იგივეა… “კულინარია ყოველთვის აინტერესებდა, ამ ბოლო დროს კი მუსიკაზე მეტადაც კი გაიტაცა. ყოველ დღე, ახალი რეცეპტით ამზადებს ვახშამს სტუმრებისთვის. საკუთარი ფანტაზიითა და გემოვნებით უკვე არაერთი საფირმო კერძი შექმნა. ოჯახში მთავარი მზარეული თვითონ არის და ძალიან მოსწონს ეს სტატუსი.
მისი, როგორც კულინარის ისტორია ინგლისში ცხოვრებისას დაიწყო. ეროვნული სამზარეულოს მონატრებისას საცივს, ჩახოხბილს და ხაჭაპურსაც კი აკეთებდა.
მიღწევებზე, კულინარიულ იდეებსა და კრახზე მუსიკოსი ნიკა კოჩაროვი მოგვითხრობს.
„ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად კულინარიით ვარ დაკავებული, მუსიკაზე მეტადაც კი… რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვამზადებ. ბოლო დროს ისე დავინტერესდი და ჩავუღრმავდი, რომ ინტერნეტში ვეძებ ინფორმაციას მარილის შესახებაც კი: რა ფუნქცია აქვს, რას შეიცავს, რისთვის არის… ერთ კერძს რომ გავაკეთებ, შემდეგისთვის ახალ ინგრედიენტებს ვამატებ და ვცვლი. საკუთარი რეცეპტებითაც მომიმზადებია სადილი. ახლახანს, ორჯერ გავაკეთე ჩემი მოფიქრებული სოუსი ბროწეულის სიროფითა და თაფლით. ძალიან უხდება ხორცს. ისე მაქვს ,,გარეკილი“ კულინარიაზე, ზოგჯერ მაშინაც ვამზადებ როცა არ მშია. ვცდილობ, კვერცხიც კი, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად შევწვა.“
მისი პირველი სერიოზული კერძი ტაილანდური მწვანე ქარი იყო. მას შემდეგ მიხვდა, რომ ყველაფრის დამზადება გამოუვიდოდა. ცდილობს განვითარდეს და ახალ-ახალი რეცეპტებით ინტერესდება. ერთადერთი რაც არ უცდია – ცხობაა. ამბობს, რომ ეს სულ სხვა საფეხურია, რისიც ჯერ ეშინია.
„მეგობრები აღფრთოვანებულები არიან ჩემი გატაცებით. თან ახალ სახლში გადმოვედი, დიდი მაგიდა მაქვს და სულ ვეპატიჟები ხალხს ათასგვარ კერძზე. უკვე ხმა გავარდა, რომ ვმზარეულობ. ზაფხულში გადმოვედი აქ, ბევრი მეგობარი მყავს, ყველას ერთად ვერ ვპატიჟებ. ნაწილ-ნაწილ მოდიან და ამიტომ დღემდე ავღნიშნავთ ამ სახლში გადმოსვლას.“
საჭმლის მომზადების დროს შეცდომა ხშირად დაუშვია, ინგრედიენტებიც შეშლია, თუმცა ყოველთვის იცის, როგორ გამოასწოროს ვითარება. ამის გამო, მის გაკეთებულ ყოველ ვახშამს ერთგვარი კულინარიული არეულობა და კრახიც ხშირად ახლავს.
„საშინელება ხდება, როცა კერძს ვამზადებ. ყველამ იცის, რომ მერე სახლი მთლიანად დასალაგებელია. დალეწილია ხოლმე თეფშები, ჭიქები, კედლებზე შესხმულია სოუსები და ა.შ. კრახი სულ თან დამყვება, სხვანაირად არ გამომდის.
წინასაახალწლოდ, ჩემი მეგობრებისთვის ერთი კერძი გავაკეთე, რომელიც ნიგვზისგან მზადდება. ნიგოზს სიძველის გემო დაჰკრავდა და ვერაფერი ვუშველე. ისე სიტუაციას სულ ვასწორებ, თუ მარილი ზედმეტი მომდის,წყალს ვამატებ და ა.შ.’’

6_issue_culinart2
ხიბლავს ის ფაქტი, რომ მისმა მეუღლემ კერძების მომზადება არ იცის. უნდა, რომ სამზარეულოში მხოლოდ თვითონ ტრიალებდეს. კულინარიაზე ბევრს ფიქრობს, საინტერესო იდეები და გეგმებიც აქვს. გამოცდილმა მუსიკოსმა და ახლა უკვე კულინარმა ამ სფეროში ახალბედებსა და დამწყებებს, შესაძლოა, სულ მალე, საინტერესო ბლოგიც შესთავაზოს და საკუთარი ვიდეო რგოლებით, ჩვენც ჩაგვითრიოს კულინარიის ხელოვნებაში.
„ერთი საყვარელი ბლოგი მაქვს, ჩემმა ცოლმა მირჩია და სულ ვადევნებ თვალს. მზარეულის სტილი მომწონს. კვირაში 2-3 ჯერ სთავაზობენ მომხმარებელს ახალ-ახალ კერძებს და სულ ველოდები ხოლმე. ისე მსიამოვნებს, ზოგჯერ უბრალოდ ვუყურებ. ვფიქრობ, მეც ხომ არ გავაკეთო ბლოგი, ძალიან უშუალო ვიდეოებით. ვინც ძალიან შორსაა კულინარიისგან – ანუ ჩემი მეგობრების მსგავს ხალხს მინდა ავუხსნა – რა მარტივია რაღაცეების მზადება. ეცოდინებათ, რომ არ ვარ მზარეული და დაინახავენ, რა ადვილად ვამზადებ. ესე უფრო გაუჩნდებათ სურვილი და უფრო გაბედულად მოამზადებენ კერძს.“
ხშირად თავის მომზადებულ კერძს არც მიირთმევს. პროცესი უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. შიში, რომ რამე არ გამოუვა, დიდი ხანია უკვე დაძლია. ფიქრობს, რომ თუ რეცეპტს მივყვებით და ცოტა ფანტაზიასაც ჩავრთავთ, მცდელობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ახლო მომავალში სუშის გაკეთებას აპირებს, გეგმაში მომდევნო კი, საზაფხულო ხინკალია.
„ჩემგან პროფესიონალი მზარეული ვერ გამოვიდოდა. ასჯერ რომ გააკეთო ერთი და იგივე კერძი, მსგავსი გემო უნდა ჰქონდეს. მე კი ეს არ შემიძლია. ისე, სულ მინდა კურსებზე შევიდე და ძირითადი პრინციპები ვისწავლო. ყოველ ჯერზე ველოსიპედს ვიგონებ.“    

6_issue_culinart3

ფიქრობს, რომ ქართული კერძებისთვის კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნების დამატებაა საჭირო. მიაჩნია, რომ ისეთი ტრადიციული კერძებიც კი როგორიც ხინკალი, ხაჭაპური ან საცივია, შესაძლოა ახლებურად მომზადდეს.
„ეს კერძები აქამდე სულ ვითარდებოდა და დღევანდელ დღემდე ამ სახით მოვიდა. ჩვენც უნდა შევმატოთ საინტერესო, ჩვენებური დეტალები. რატომღაც წინ აღარ ვუშვებთ. ბოლო დროს, ქართულ სამზარეულო თითქოს ყურადღების მიღმა დარჩა. ფრანგულს და ხვადასხვა ქვეყნისას ანიჭებენ უპირატესობას. უმჯობესია
ჩვენი განვაახლოთ.“
ნიკა დაბადების დღეს ულოცავს ,,კულინArt“ -ს და უსურვებს – დიდხანს იარსებოს მედია სივრცეში და ემსახუროს მისთვის და ხალხისთვის აუცილებელ სფეროს.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com