დიანა ანფიმიადის ბლოგი

6_issue_culinart21

ფენომენური ქალი და მისი კულინარია
პოეტ ქალებზე ვგიჟდები. ზოგიერთზე განსაკუთრებით.

რამდენიმე ქართველი (განსაკუთრებით თანამედროვე), რამდენიმე ამერიკელი, ორი რუსი, ერთი ფრანგი, ერთი ირანელი, ორიც ესპანელი და ორი ბერძენი – მათი წიგნები ჩემს სასთუმალქვეშ ყოველთვის აწყვია. მუზებს მადლობა, რომ ლიტერატურას ბევრი კარგი ქალი ავტორი ჰყავს.
მაია ანჯელოუს გადასარევი ლექსი „ფენომენური ქალი“ პირველად ჩემი მეგობრის, გადასარევი მთარგმნელის, ანი კოპალიანის გადმოქართულებული მოვისმინე.

„ჩემი მკლავების ყოველი გაშლა, ან ჩემს თეძოებს შორის მანძილი ანდა ნაბიჯის გადადგმა ჩემი ან ჩემი ბაგის ყველა განძრევა ამხელს – ქალი ვარ ფენომენურად, ფენომენური ქალი ეს მე ვარ.“
( ანი კოპალიანის თარგმანი)

მერე კიდევ რამდენიმე ლექსი წავიკითხე, გუგლში დავძებნე, ინგლისურენოვან ლიტერატურულ საიტებზეც და აღმოვაჩინე სრულიად განსაკუთრებული პოეტი, სრულიად განსაკუთრებული, ტრაგიკული, საინტერესო ბიოგრაფიით და რა გასაკვირია, რომ შემიყვარდა.

პოეტი ქალების შეყვარება არც ისე რთულია, დამიჯერეთ!
შარშანდელი წელი არცთუ ბედნიერი იყო მსოფლიო ლიტერატურისათვის, ლიტერატურამ ძალიან ბევრი მწერალი დაკარგა… ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისწყვეტა 86 წლის პოეტის, მაია ანჯელოუს გარდაცვალება იყო, იქნებ ცოტათი გვიანიც იყოს ეს ჩემი წერილი, თუმცა თქვენ, კულინარიისა და ლიტერატურის მოყვარულ და ჩემს საყვარელ მკითხველებს, მინდა ამერიკული პოეზიის ამ უბრწყინვალეს წარმომადგენელზე, რამდენიმე პოეტური და კულინარიული წიგნის ავტორზე გელაპარაკოთ, ჭეშმარიტად ფენომენურ ქალზე, რომელმაც ათი ქალის ცხოვრებით იცხოვრა – სანამ მწერლობას დაიწყებდა, მუშაობდა რედაქტორად და ჟურნალისტად, მოცეკვავედ, იყო რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი, ანაზღაურებადი სექსმუშაკი, მომღერალი, ლოს ანჯელესში მუშაობდა ტრამვაის მძღოლად და მცხობელად.

36 წიგნის ავტორი, მალევე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული აფროამერიკელი ლიტერატორი ამერიკაში, წერდა სოციალურ თემებზეც, განსაკუთრებით რასიზმსა და ქალთა უფლებებზე, სცენარისტად მუშაობდა ჰოლივუდში…

აბა, აბა, აქ გაჩერდი, მეტყვის რომელიმე ჩემი მკითხველი. ხომ არ დაგავიწყდა , რომ კულინარიული ჟურნალისთვის წერ, იქნებ გაიხსენო და აქეთაც გადმოუხვიო.
დიახ, დიახ, სწორედ აქეთკენ მივდიოდი – გარდა პოეტური და პროზაული ქმნილებებისა, მაია ანჯელოუმ მკითხველთა სიყვარული თავისი კულინარიული წიგნებითაც მოიპოვა. სადაც კერძების რეცეპტებთან ერთად, ამბები, მოგონებები, სიყვარული, ოჯახი, წარსული, აწმყო, ლიტერატურა და კულინარია ოსტატი ავტორის კალმით არის შეზავებული.
პირველ კულინარიული პროზისა თუ პროზაული კულინარიის კრებულს, რომელიც 2004 წელს გამოიცა, სრულიად განსაკუთრებული სახელი ჰქვია "Hellelujah!The Welcome Table“.

საქმე იმაშია, რომ წიგნის სახელწოდება მეტაფორაა, ეს იმ ტაბლასაც აღნიშნავს, რომელიც სამოთხეში იშლება გარდაცვლილთათვის, იმ სუფრასაც, რომელსაც ცოცხლები ამზადებენ თავიანთი გარდაცვლილების გასახსენებლად თუ მოსახსენებლად – ასეთი ტრაპეზი ქართველებისთვის განსაკუთრებით ნაცნობია, გნებავთ, საკურთხითაც მოვიხსენიოთ, მაგრამ რელიგიური რიტუალის გარდა, ეს მონატრებულ ახლობლებთან ლუკმისა თუ სიტყვის გაზიარების საშუალებაცაა. ვკითხულობ მაია ანჯელოუს ამ საოცარ წიგნს და მახსენდება ჩემი ულამაზესი ბებია ზინაიდა, სასწაული მზარეული, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვენიერი ქალი, რომელმაც მზადებაც მადიანი იცოდა და მირთმევაც, ღომი უყვარდა განსაკუთრებით, როდესაც ამოვაგებდით, – „მე ბევრიო“ იტყოდა და ყველაზე დიდ თეფშზე უდებდნენ ამ ორთქლადენილ , სულგუნჩაზელილ ჯადოქრობას… დღემდე, როცა ღომს ვაკეთებ, ერთ დიდ თეფშზე აუცილებლად ამოვიღებ ჩემი გარდაცვლილი ბებოსთვის, სანთელსაც ჩავარჭობ და პატარა ჭიქით ოჯალეშსაც მივუდგამ. არ ვიცი, რა გზას გადის კერძი ჩვენი სუფრიდან მიცვალებულთა ტრაპეზამდე, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ეს ბებიაჩემთან ურთიერთობის რეალური საშუალებაა.

6_issue_culinart22

6_issue_culinart23

სიტყვა გამიგრძელდა, მაია ანჯელოუს კულინარიულ ფილოსოფიაზე გიყვებოდით. Hallelujah! The Welcome Table-ს სხვანაირი წაკითხვაც აქვს, ის შეიძლება ცნობილი სიმღერის “I’m gonna sit at the welcome table“ – ს
რემინისცენციაც იყოს, რომელიც აფროამერიკელთა უფლებაზეა, თეთრკანიანთა გვერდით, საერთო სუფრაზე გაიზიარონ ლუკმა. ასე თუ ისე, კულინარიული წიგნი, რომელიც სათაურშივე მრავაწახნაგოვან მეტაფორულ გააზრებას გვთავაზობს, ნამდვილად განსაკუთრებული ლიტერატურაა. ეს არის წიგნი გემოებზე, ადგილებზე, ადამიანებზე, მოვლენებზე და ცხოვრების გემრიელ ფილოსოფიაზე.

როგორც ჩანს, კულინარი ბებო – ეს ერთგვარი უნივერსალია, მითოლოგემაა ნებისმიერი ადამიანის მეხსიერებისათვის, მაია ანჯელოუც თავის წიგნს ბებიამისის ლიმონის ნამცხვრის რეცეპტით იწყებს, რომლის გამოცხობასაც განსაკუთრებით ელოდნენ ოჯახში.

მაია ანჯელოუს კულინარიული მსოფლხედვაც უნივერსალურია, რომ კერძის მზადება და სუფრის გაშლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კერძის მზადება და სუფრის გაშლა, რომ კულინარიული წესები არსებობს
იმისთვის, რომ თამამად დაარღვიო ისინი, რომ ყველაზე მთავარი ბედნიერება იმის მოსმენაა, თუ როგორ გამოსცემენ ადამიანები ყველა მზარეულისთვის საყვარელ ხმას კერძის მირთმევისას – მმმ, მმმ . რომ მზადება ნელი და შემოქმედებითი პროცესია, რომ კულინარიული კომუნიკაცია, ყველაზე, ყველაზე ზუსტად აღწევს მიზანს. ..

ნამდვილად ასეა, როდესაც თავისი ბავშვობის ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მაია ანჯელოუ 5 წლით დაამუნჯა (ის დედამისის მეგობარმა გააუპატიურა. რომელიც მალევე მოკლეს.), დედამ მაიას ამ რთული მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნაზესი ნეკერჩხლის ნამცხვარი გამოუცხო, რომლის რეცეპტსაც მაია ანჯელოუ თავის კულინარიულ წიგნში გვიყვება.

რას აღარ წაიკითხავთ ამ წიგნში – პურის პუდინგის თუ შოკოლადის ეკლერის ამბებს, ხბოს ველინგტონის თუ კარამელის ნამცხვრის რეცეპტებს, ქათმის ფრთებისა თუ ხორციანი ღვეზელების ისტორიას…

მოკლედ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ შესანიშნავი პოეტის მაია ანჯელოუს, იგივე მარგარეტ ენ ჯონსონის ეს კულინარიული მოთხრობების წიგნი, ეწვიოთ მის სამზარეულოს და პოეტის უკიდეგანო გულს – გემოების, ლექსების, სირთულეების, სიყვარულის და მოგონებების დამტევს.

P.S. პოეზია და კულინარია ერთნაირი, ჯადოსნური ქიმიაა, დაგემოვნებას ერთნაირი გაბედულება და სიყვარული სჭირდება, მენდეთ!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com