ბავშვთა კვება

6_issue_culinart7

ნინჩო ჯიბლაძე

წითელ საბანში გახვეული ლუკა

ფეხმძიმობა საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დიდი სიმშვიდე მქონდა. ვგრძნობდი, რომ მაგარი ბიჭი დაიბადებოდა, სახელად ლუკა. როდესაც მასზე ვფიქრობდი, დადებითი ემოციები თავისთავად მოდიოდა. 35 წლის შევსრულდი, ლუკა რომ შემეძინა.

პირველად რომ დავინახე, ტიროდა, მერე კი წითელ საბანში გაახვიეს და იქვე დააწვინეს. საჩვენებელი თითი ედო პირში და ძალიან საყვარელი იყო – ხუჭუჭა, მუქი ყავისფერი თმით. 34 წელი მარტო ვცხოვრობდი, ბევრს ვმოგზაურობდი, თავისუფალ დროს ვვარჯიშობდი, 21 წლიდან პერმანენტული მუშაობის მიუხედავად, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა.

ლუკას დაბადების შემდეგ კი, ყველაფერი შეიცვალა. გაჩნდა  დიდი სიყვარული, რომელსაც დღეს არაფერი შეედრება. სიყვარული და პასუხისმგებლობა. ლუკა რომ ავად ხდება, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს განვიცდი. ვცდილობ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემი ძალებით დავაყენო ფეხზე. ლუკა და ლადო – მათთან ერთად სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია.

ლუკა თბილი, ცელქი და ხალისიანია. სულ უნდა, რომ ვეთამაშოთ. ამ ბოლო დროს ლეგოს კონსტრუქციებით არის გატაცებული. მთელი დღე აწყობს და აშენებს. ძალიან მოსწონს სუპერ გმირები. კომუნიკაბელურია, ზოგადად, ადამიანები უყვარს. არ უყვარს ჭამა, ვერაფრით შევაყვარე. 10 თვე ბუნებრივ კვებაზე იყო, შემდეგ კი არასოდეს ასრულებდა ულუფას.

წყალი უყვარს. ყოველი დილა ერთი ჭიქა წყლითა და ჰერკულესის ფაფით იწყება.

12 საათზე- აუცილებლად ხილისა და ბოსტნეულის წვენი, 2 საათზე წვნიანი და მოგვიანებით სადილი- ბურღულეული, თევზი, ქათმის ან ძროხის ხორცი.
არ მოსწონს ბოსტნეული. უცნაურად ამოჩემებული კერძი აქვს – თევზის წვნიანი, ამიტომ სადაც არ უნდა ვიყოთ,
ყველგან თევზის წვნიანს ვაკეთებინებ. ლუკას ადამიანურ ფასეულობებს ვასწავლი, მინდა რომ იყოს ჯანმრთელი, კეთილი, ჭკვიანი, შრომისმოყვარე და თავისუფალი ადამიანი. შემდეგ კი, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

ჰო, ახლა გოგოს ველოდები. გოგო – ალბათ გავგიჟდები. ვიცი, რომ გაგვაბედნიერებს. ოჯახში, სადაც ბიჭი და გოგო იბადება, უკვე ყველა მიზეზია ბედნიერებისთვის. რატომღაც მეორეც ბიჭი მეგონა, მაგრამ გოგოო..

ბევრი სასიხარულო დღე მელის, რადგან მასთან თამაში, მისი შინაგანი სამყაროს გაცნობა და ურთიერთობა, ალბათ სულ სხვა შეგრძნებებს უკავშირდება.

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. შვილების ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ მათგან უდიდეს სიყვარულს იღებ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com