ვიკა ბუკიას არასაახალწლო

5_issue_culinart117        

2015 წელი ჩინური ლურჯი (მწვანე) თხის წელია – ასე მითხრა გუგლმა. გული შემიღონდა; მაპატიოს ასტროლოგიის მოყვარულმა საზოგადოებამ; ჩინური თხა, თანაც ლურჯი და თანაც მწვანე! მითებისა და ტრადიციების მოყვარულ საქართველოში ბევრს ინერვიულებენ იმაზე, თუ რას ფიქრობს დედა, მამა და ახლა უკვე ლურჯი, მწვანე თხა.
დაიწყებენ თხების დაკვლას, მერე რომელიღაც ასტროლოგი დილის გადაცემაში იტყვის, რომ ცხოველი, რომლის წელიწადიც მოდის, კი არ უნდა დაკლა, უნდა მოეფერო; ასე გადაიქცევა თხა მეკვლედ; დაიწყება ისტორიები თხაზე – სამწუთიან სიუჟეტებში, გამოშვების ბოლოს, ბლოგებში, სტატიებში, ყვითელ პრესაში, გასართობ გადაცემებში. ახალ წელს თხა ყველგან იქნება – ჩვენს გარდერობში, ნაძვის ხეებზე, ჩვენს ქცევებში და ჩვენს საჭმელებშიც კი. კარგად მახსოვს, ერთხელ, ახალი წლის ასტროლოგიური გავლენის ქვეშ მყოფმა,
როგორ ჩავიყარე პირში 12 მარცვალი უშველებელი ყურძენი ზუსტად 12 საათზე; ინსტრუქციის მიხედვით, იმწამსვე უნდა გავბედნიერებულიყავი, მაგრამ ლამის დავიხრჩვი! როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ყურძენმა ტრაექტორია დაკარგა და უადგილო ადგილას გაეჩხირა! ახალ წელს ისე შევხვდით, ყველა მე მირტყამდა ზურგში.
მას შემდეგ, რაც სხვა დღესასწაულებისგან ახალი წლის გარჩევა ვისწავლე, მესმის ეს ასტრო – ჰოროსკოპული მარაზმი – საოცარი ლოზუნგებით:
ნაძვის ხეზე წითელი სათამაშო უნდა ეკიდოს! არიქა, ცისფერს ნუ ჩაიცვამთ!
სტაფილო იდოს სუფრაზე, თორემ კურდღელს ეწყინება!
დრაკონს ცეცხლი უყვარს! გოჭი შემოვიტანოთ – ცეცხლმოკიდებული!
გაიგე, ერთი, თაგვს რა უყვარს? ყველი! მაშინ უფრო ბევრი ჩავდოთ ხაჭაპურში. არიქა, 12-ია! აბა, ყველა მაგიდის ქვეშ!
და ალბათ, ეს ახალი წელიც ისეთი იქნება, როგორიც წინა წლებში – მაგიდის ქვეშ მორიგი შეძრომისას, უკან ამომძვრალი (გათხოვება იცისო) კიდევ ერთხელ გადავხედავ ჩემი სახლის სამსართულიან საახალწლო სუფრას და გავიფიქრებ: ალბათ, ესაა მიზეზი იმისა, რატომაც წელსაც ვერ შევალთ ნატოში. გოჭი და ინდაური
ერთმანეთზე იდება; იქვე იქნება ქათამი, „ხალადეცი“. ამ ყველაფრის ერთად გააზრებასაც ვერ მოვასწრებ, რომ თვალს საცივის უშველებელ თასს მოკრავ; „ხორცების“ სექციას „რუსულები“ მოჰყვება: ოლივიე, ვინეგრეტი, შუბა, ქათმის სალათი.
STOP RUSSIA! ეროვნულიც იქნება, ჩვენი, ქართული, მამაპაპური! ფხალეული, ხაჭაპური, ლობიანი, ბადრიჯანი ნიგვზით, კიტრი-პომიდორი – გლეხურად.
შარშანდელი სუფრისგან განსხვავებული ახალი დეტალიც გვექნება – პატარა თეფშზე შემოწყობილი გუდის ყველი, თხის საპატივცემლოდ. როგორც ცაგარელი გვეტყვის, ისე დავდებთ – ალბათ, ლურჯ თეფშებზე, მაგიდის კუთხეში ან მწვანე თეფშზე – მაგიდის ცენტრში, ან მაგიდის ქვეშ, პირდაპირ იატაკზე, ვინ იცის, მეტი ბედნიერებისთვის იქნებ მოგვთხოვონ იქვე ცოცხალმა თხამ იჯლიგინოს,ბედნიერი წელიწადის ხათრით კაცი სახლში თხის ცურცლებსაც აიტანს ბოლოს და ბოლოს; მერე მოვა 12 საათი; დედაჩემი მაშინვე გუდის ყველს გვატაკებს პირში; მე ჩემს შვილებს შევეხვეწები, მხოლოდ კბილი დააკარონ – „სიმბოლურად“. მერე კი ყველას უფრო დიდი მოტივაცია გვექნება, ვჭამოთ ბევრი ისეთი რამ, რაც გუდის ყველის არომატს გააქრობს პირიდან. მახსოვს, შარშან ძალიან მშივრები შემოვუსხედით საახალწლო სუფრას; ათასნაირი დასახელების კერძებიდან მაშინვე ვეძგერე კიტრი-პომიდვირს სალათას; ხელი ჩავავლე ლავაშს, ყველს, ტყემალს და ვაი! დავნაყრდი!
ვუყურებ ახლა ამ სუფრას და ნერვები მეშლება; რა ვუყო ამ ყველაფერს – იმ ჩახოხბილს, ამ ღომს? როგორ ჩავხედო თვალებში დედას, სამი დღე რომ ამოიხრჩო თავი სამზარეულოში?
მაგრამ არა უშავს… ჩემ გარშემო ხომ არ ბრუნავს დედამიწა? სხვები შეჭამენ.
2 წუთიც და, ვატყობ, რომ სხვებიც სულ უფრო ზოზინით ილუკმებიან. არადა, „რუსულები“ ხელუხლებელია; გოზინაყამდე ვინ მივა, „ხალადეციც“ კი `გამაზეს~… ვუყურებ პიანინოზე შემოწყობილ ნამცხვრებს (სუფრაზე ადგილი არ იყო) და ვგრძნობ, ცუდად ვხდები. ცუდად მხდის ეს საჭმელები, მაძღარი სახეები და დედაჩემის გათანგული სახე… მტკივნეულად რომ იაზრებს, ტყუილად რომ გაისარჯა…
მივდივარ სახლიდან – სუპერთანამედროვე თინასთან მეგობრები ვიკრიბებით; რატომღაც მგონია, რომ ქართული სუფრის დეკორაცია – გოჭის უბედური თავი – მაგიდის ცენტრში აქ არ დამხვდება.
მართალი ვყოფილვარ – ჩაწიკწიკებულ, ჩაქუცმაცებულ, პატარა „ბუტერბროდიკებს“ ვათვალიერებ, მაგრამ საკმარისია გასინჯო, მიხვდები, რომ ისევ ის სუფრაა, სახლში რომ დავტოვე, უბრალოდ, თინამ ახალი წლის ტრადიციული მენიუ საყვარელ „ხორცუშკებად“, „ინდაურუშკებად“, „გოზინაყუშკებად“ აქცია და ჯოხუნიებზე წამოაცვა. არავინ ჭამს – ის, რაც აქ ჯოხზეა წამოცმული, სახლებში, სუფრებზე
დავტოვეთ გროვებად. რაღაცები იცვლება, ტრადიციები და მითებიც კი, თუმცა საახალწლო სუფრას არც ევროპისკენ აღებული კურსი შეცვლის და არც ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი.
ვიცი, ძალიან არასაახალწლო დასასრულია, მაგრამ სანამ მილიონობით თეფშს გაავსებდეთ ნაირ-ნაირი კერძებით, გახსოვდეთ, ბოლო მონაცემებით აფრიკის ქვეყნებში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია ჩადი, ბურკინა-ფასო, მალი, მავრიტანია, ნიგერია და სენეგალის ჩრდილოეთ ნაწილი. ამ ქვეყნებში არასაკმარისი საკვები 10-15%-ზე მოდის; მილიონზე მეტი ბავშვი კი სიკვდილ – სიცოცხლის ზღვარზეა. ბოდიშს ვიხდი დასასრულისთვის, რომელიც ლურჯ და მწვანე თხას, ალბათ, არ ესიამოვნებოდა.

5_issue_culinart1205_issue_culinart1265_issue_culinart121

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com