ნიკიტა (კიტა) გრიბანოვსკი

5_issue_culinart76

ჟურნალი კულინარტი რომ იბადებოდა, დარწმუნებული ვარ, რედაქციას სწორედ ნიკიტა გრიბანოვსკისნაირი პერსონაჟები ჰყავდა ავტორებად წარმოდგენილი. ენერგიული, პროგრესულად მოაზროვნე, ესთეტი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ძალიან პოზიტიური აურა აქვს, ბიჭი, რომელიც ერთ ადგილას ერთ თვეზე მეტხანს არ ჩერდება და ყველგან, სადაც ცხოვრობს, „იქაური“ ხდება. ეს არის საოცრად დახვეწილი ადამიანი, რომელსაც აქვს შესაშური უნარი და შესაძლებლობა – ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ხოლო ნამდვილი მოხეტიალე გურმანი რომ არის, ამაში თავად დარწმუნდებით, როცა მის ჩანაწერებს წაიკითხავთ. ჩვენ კი ერთს გეტყვით, ნიკიტა, ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვის, ნამდვილი გასტრონომიული გიდია ევროპის ყველა ქალაქსა თუ სოფელში. ჩვენ თვალდახუჭული მივდივართ მის მიერ დიდი რუდუნებით, გემოვნებითა და სითბოთი ამორჩეულ რესტორნებსა და კაფეებში; იქ კი, ბევრ გურმანს რომ „შეშურდება“, ისეთი გასტრონომიული დღესასწაული გვხდება. მიუხედავად ამისა, არც თუ ადვილი იყო ნიკიტა დაგვეთანხმებინა, წლების განმავლობაში ასეთი სიყვარულით არჩეული ადგილები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო. მაგრამ ქართველები იმდენად ვუყვარვართ და კულინარტიც ისე მოეწონა, რომ საბოლოოდ მაინც დავითანხმეთ.

მაშ ასე, გაიცანით ნიკიტა (კიტა) გრიბანოვსკი:

5_issue_culinart77

Paris Paris ხანგრძლივი ფრენისა და ბრიუსელიდან TGV-ით მგზავრობის შემდეგ, საბოლოოდ პარიზში ვარ… დაბინძურებულ Gare du Nord-ზე ისევ ტრიალებს სურნელი თავისუფალი ქვეყნის, სიყვარულის, მოულოდნელი აღმოჩენებისა და ღმერთმა იცის, კიდევ რისი აღარ… მიუხედავად იმისა, რომ აქ მეათასედ ჩამოვდივარ, თითოეული ვიზიტი პირველივით არის, თუმცა, ამავე დროს, თითქოს სახლში ვარ … იმავე სასტუმრო Marais-ში, სადაც დესქის გოგონები მცნობენ, თავაზიანად მიღიმიან და მთავაზობენ chamber-ს, დაჯავშნული პატარა ოთახის ნაცვლად… 3 საათია … მსუბუქი სიზარმაცე სუფევს მძიმე სადილისა და 15-ევროიანი ბურგუნდიულის შემდეგ… პარიზის მზის სხივებით გამთბარი გამვლელები ზანტად მოძრაობენ და ნაზად იღიმიან… მე მივდივარ Place des Vosges… იგივე რესტორან Ma Bourgogne -ში, სადაც მიმტანი ჟღურტულებს, როგორც ბეღურა და ჩვეული ფრაზით გთავაზობთ: „თქვენ, როგორც ყოველთვის, Grand pression et tartar“ ? როგორც ჩანს, ის ასი წლის შემდეგაც ისევ აქ იდგება, ხელოვნური ორგანოებით, ჩარლი ჩაპლინის ან სტალონეს სახით, და იმავე, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმით შემოგთავაზებთ ლუდს. აქ არ იღებენ ბარათებს და მათი ცნობილი სიძუნწის მიუხედავად, ის ერთხელ მაინც გამიმასპინძლდა ნისიად …

ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე, მაშინ, როდესაც გავჩერდი შესანიშნავ სასტუმრო Pavillion de la reine -ის მოპირდაპირედ და ყავის დასალევად ტურისტულ მექაში შევიარე. ჩემდა გასაკვირად, შუადღიდან თანდათან გამოჩნდნენ ძველი პარიზელები – მოპედებით, სმარტებით, ფეხით და ყველამ, როგორც ერთმა, შეუკვეთა Tartar-ი. ამან რატომღაც გამახსენა ძველი საბჭოთა ზღაპარის გმირი ნილსი, რომელსაც ფლეიტის ჰანგებით მოჯადოებული ვირთხები ქალაქიდან გაჰყავს. და, რა თქმა უნდა, მეც შეუკვეთე Tartar de beef, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა პარიზში.

საფრანგეთში არსებობს ტერმინი Tartar au couteau, ანუ პირადად მზარეულის მიერ დანით დაჭრილი, და ეს ფაქტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავისებურ გემოს მატებს კერძს.

ამგვარად, tartar -ი და ლუდი მაერთიანებს პარიზთან. 3 საათის შემდეგ დღე გრძელდება პარკ Place des Vosges-ის ბალახზე. მეცოდებიან რუკებით ხელში, პარიზის მოედნებსა და ქუჩებში, ლუვრის სანახავად რიგებში მომლოდინე, სენაზე გემით მოსეირნე ტურისტები. მათ არა აქვთ დრო, რომ შეიგრძნონ ნამდვილი პარიზი, რომელიც მუსიე ოსმანის წყალობით ასეთი ერთფეროვანი და, ამავე დროს, ასეთი განსხვავებულია…
როდესაც ველოსიპედით, ორი ბოთლი სასმელითა და ბაგეტით მეგობრებთან ვახშამზე მიდიხარ, მინდორზე გაწოლილი კითხულობ ბოდლერს, უსმენ მიმტანის ერთსა და იმავე სულელურ ხუმრობებს, ღრმა ნაფაზით ეწევი სიგარეტს, ისე, როგორც ამას ადგილობრივი ლამაზმანები აკეთებენ, უსმენ ფრანგულ ენას, რომელიც ნელა-ნელა იძირება ჭიქა ღვინოში და ჯაზურ რიტმებად გარდაიქმნება შენს გონებაში… საღამოს დადგომამდე პარიზი იძინებს… ღამის პარიზი… ამას ჯერ ვერ აღვწერ (ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ პარიზი
ქალია, ლონდონი კი კაცი. ალბათ, ეს ასეა) მე ყოველთვის მიყვარს ის და ველოდები ამ შეხვედრას!
ტაქსის მძღოლების, მიმტანების, არაბების, შავკანიანების და სნობების ბინძურო ქალაქო – მე შენ მიყვარხარ!!!

5_issue_culinart78

პარიზიდან ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ შევჩერდი ორლეანში, გიჟივით ვეძებდი ქუჩას, სადაც 2 წლის წინ უკვე ვიყავი, Chapelle jeanne d'Arcis გვერდზე. თუმცა, საათნახევრიანი ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ქუჩა იყო ღოუენ-ში, სადაც ჟანა სიკვდილით დასაჯეს და არა ორლეანში, სადაც იგი დაიბადა.
როგორც იქნა, Biarritz, სწრაფი გაჩერება სახლში და სადილი „Bidart la Cucaracha“-ში.
ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბასკური რესტორანია, უბრალოდ, ძველი. იქ ამზადებენ არაჩვეულებრივ სოუსს cote de beef-ისთვის, რომელიც შეზავებულია ზეთით, წიწაკით და… მეპატრონე ფილიპს დღემდე ახსოვს ჩემი ძაღლის სახელი, ამასთან, ყოველთვის აინტერესებს, გაუმჯობესდა თუ არა ჩემი ფრანგული.
როდესაც მართლა არ იცი, სად უნდა ივახშმო, რა გინდა ვახშმად, წვალობ, იტანჯები და voila! გახსენდება ის. აქ ყველაფერი გემრიელია და თუ გუშინ ჭამე ხორცი, დღეს თვალდახუჭული უკვეთავ თევზს. საღამოს, როგორც წესი, აქრობენ შუქს და ასრულებენ ბაიონის ჰიმნს, რომლის მელოდიას მუდმივი კლიენტები ყოველთვის წითელი ხელსახოცების ფრიალით ჰყვებიან. ვერ შეცდები, შენ ბასკების ქვეყანაში ხარ! არასოდეს მქონია სახლი სოფელში, მაგრამ ფილმებიდან და წიგნებიდან წარმომიდგენია, რა გრძნობაა, როდესაც ზაფხულის არდადეგებზე ჩადიხარ სოფელში … დაუყოვნებლივ მირბიხარ მეზობელ ვანკასთან და დაწვრილებით გამოკითხავ, თუ როგორც გაიარა წელმა, მიდიხარ ველოსიპედით ტყეში, ძვრები მეზობლის აბანოს სახურავზე, ქვებს უშენ კატკას ფანჯრებს და გარბიხარ ძია მიშასთან, რომ გაიგო, წახვალ თუ არა სათევზაოდ… დაახლოებით ასეთივე გრძნობები მეუფლება Biarritz -ში… პირველ დღესვე დავლიე გოლფის მწვრთნელთან ერთად, ღამით გავცურე ოკეანეში… დილით გავიქეცი თევზის და ღვინის საყიდლად ბაზარში, ყველგან ღიმილით მეკითხებოდნენ, თუ როგორ ვიმგზავრე, დაიწყო თუ არა ჩემი არდადეგები… ვზივარ ტერასაზე, გეახლებით თეთრ ღვინოს, გავყურებ ოკეანეს და ვხვდები, რომ არაფერი იცვლება ცხოვრებაში, რომ ისევ უნდა ვეძებო 13 წლის ბიჭი, რომელიც თავისუფლად სუნთქავს და ასეთივე გახსნილი და სიცოცხლეზე შეყვარებული დავრჩე…

5_issue_culinart79

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com