მკითხეთ, რა გიყვარს? და გეტყვით, რატომ…
ცხოვრება რომ ყველაზე საუკეთესო მასწავლებელია, ჩემგან არ გესწავლებათ. რასაც გულით მოეკიდები, აუცილებლად რომ გამოგივა, ამაშიც დამეთანხმებით. შინაგან ხმას როცა მიენდობი, გაიგებ, რა არის უმჯობესი სხეულის თუ გონების გასაწმენდ-გასაკაჟებლად. ასე მივაყურადე მეც ჩემს ორგანიზმს და საოცარი აღმოჩენებიც გავაკეთე.
ამ ბოლო დროს „კულინარტობამ“ რომ გამიტაცა, უკვე გაგიმხილეთ. ახლა დაპირებულ ამბავსაც გიამბობთ, როგორ შევიქმნათ კარგი განწყობა და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე.
წყალი რომ მაცოცხლებელი ძალით გამოირჩევა, ამას არ სჭირდება დიდი ფიცი-მტკიცი. თუ გინდათ, რომ თმას ბზინვარება შეემატოს, კანს ელასტიკურობა და სხეულს მოხდენილობა – დღეში თქვენი წონის შესაბამისად
იმდენი წყალი დალიეთ, რამდენიც ზედმეტი შლაკებისგან გაგათავისუფლებთ. საკუთარ თავზე გამოვცადე ამ „სარეკლამო მოწოდებასავით“ ნათქვამის დედაარსი. უზმოზე და ძილის წინ თითო მოზრდილი ჭიქა წყალი
ჩემი ცხოვრების წესის ისეთივე თანამდევი გახდა, როგორც წამოდგომისთანავე პირის დაბანას მივეჩვიეთ ბავშვობიდან. დღის განმავლობაში ჭამას შორის შუალედებსაც წყლით ვავსებ და ისეთ პროდუქტებს ვანიჭებ უპირატესობას, რომლებშიც წყალი მაღალი შემცველობითაა. ფორთოხალი, ვაშლი, იოგურტი – ჩემი რაციონის განუყრელი ნაწილია. სეზონურად, საზამთროს და კიტრსაც დიდ პატივს ვცემ. ანანასით შეზავებული კერძები კი განსაკუთრებული სადილის ან ვახშმის აუცილებელ დანამატად მიმაჩნია.
ექიმ-დიეტოლოგთა რჩევები ვიტამინებისა და მიკროელემენტებისადმი ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. თუმცა, გავთამამდები და ჩემ პირად დაკვირვებას აქაც გამოვიყენებ. სხვა ბევრ სასარგებლო პროდუქტს შორის სტაფილო ავარჩიე. კარგა ხანია, ერთი ნატუროპათის რეკომენდაციით, უმ სტაფილოს საპატიო ადგილი უჭირავს ჩვენი ოჯახის რაციონში. მახსოვს, რა მარტივად ამიხსნა: უზმოზე მირთმეული გახეხილი სტაფილო, როგორც ნაწლავების „ცოცხი,“ მთელ ორგანიზმს ასუფთავებსო. მას შემდეგ კიდევ უფრო შევიყვარე ეს უნიკალური „დამლაგებელი“, რომელიც თვალის ჩინსაც აუმჯობესებს და იმუნურ სისტემასაც აძლიერებს. უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ, შეგახსენებთ, რომ საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ნერვულ სისტემას აწესრიგებს, საერთო ტონუსს ამაღლებს და მოზარდების სიმაღლეში ზრდას ეხმარება. რაღა გასაკვირია, რატომ დავმეგობრდით სტაფილოსთან მე და ჩემი შვილები.
სასუსნავები რომ „ნამეტნავად“ მიყვარს, ჩემმა ნაცნობ- მეგობრებმა კარგად იციან. ზოგადად, თხილი და ხილი
ჩემი საუზმეცაა, სადილიც და ვახშმადაც სიამოვნებით მივირთმევ. მაგრამ ნიგოზი „ვიპ“ სტატუსით გამოირჩევა. ნიგვზის 2-3 ლებნით დაწყებულ დილას სულ სხვა გონებრივი ენერგია მოაქვს ჩემთვის. ჭიქა წითელ ღვინოსთან ერთად ბუთქუნა ნიგვზით დამშვენებულ ყველის კუბიკებს კი ერთ-ერთ დელიკატესად ვთვლი. საერთოდ, პიკანტური გემო და სუფრის ეგზოტიკა დიდად მხიბლავს. ღვინის სადეგუსტაციო პროცესი ოჯახურ-მეგობრულ რიტუალად დავამკვიდრე და გუნება – განწყობას ვიხალისებ ხოლმე. სურვილს ჩავუთქვამ, ღვინით დავილოცები და ნიგვზით ჩავგემრიელდები. ბუნებრივია, ოპტიმიზმი და მხნეობა მემატება. სიცოცხლის წყურვილი, მითუმეტეს! ნიგვზისადმი ჩემი აღმატებული დამოკიდებულების შემხედვარე, საახალწლო სიტუაცია რარიგ მეყვარება, ხომ ხვდებით. ჯერ მარტო თვალს რომ მოვავლებ სუფრას: ეს ამდენი ჩურჩხელა, გოზინაყი,
ნიგვზიანი ფხალი… ნამცხვარი ან შოკოლადი ნიგვზით, – ბედნიერი ღიმილი მეფინება სახეზე და ყელს რომ ჩავიკოკლოზინებ, ხომ საერთოდ, ნეტარებაში ვარ!
ღმერთმა კარგად გიმყოფოთ ყველა, ვინც გიყვართ და უხვად მოგცეთ ის, რაც გინდათ. დალოცვილები მენახეთ ამ და მრავალ წელს!!!
პ.ს. მომავალი წლიდან შევმატოთ პოზიტივი და „კულინარტული“ შთაგონება ჩვენს საუბარს.