ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგი
კულინარია, სამედიცინო თვალსაზრისით, ფსიქოლოგიური მოდული არ არის, მაგრამ შეგვიძლია კრეატიული თერაპიების რანგში მოვიაზროთ. კულინარია გულისხმობს შექმნას, რაც, თავის მხრივ, ხელოვნებაა. პროცესში მონაწილეობს ვიზუალი, ყნოსვა – ერთ-ერთი მთავარი გრძნობის ორგანო, რომლითაც საერთოდ სამყაროში შემოვდივართ და გემო, რომელიც ასევე სამყაროს უპირველესი გაცნობის საშუალებაა. სიამოვნების მიღების თვალსაზრისით კულინარია გუნება- განწყობასაც ააქტიურებს.
ფსიქოთერაპიის სახლ „კამარაში“, სადაც ვმუშაობ, ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები მკურნალობენ. ამ
ადამიანებისთვის ნარკოტიკი იყო ერთგვარი სოციალიზაციის საშუალება. იკრიბებოდნენ, მზადდებოდა ნარკოტიკი და თავად იყვნენ საუკეთესო დამამზადებლები. ეს პროცესი იდეალურად ჩანაცვლდა კულინარიული თერაპიით – კერძების მომზადებისას ირგვლივ ზუსტად ისეთი აჟიოტაჟი და მოლოდინი იგრძნობა. კვება არის ასევე ორალური დაკმაყოფილება, მაგალითად, სიგარეტის შემთხვევაში. როდესაც ვამბობთ, რომ სიგარეტი გვამშვიდებს, ეს არის ჩვენი ილუზია ორალური რეფლექსის ფონზე. თავისთავად, სიგარეტი არ არის დამამშვიდებელი თვისებების მატარებელი, პირიქით, ეს არის ფსიქოსტიმულატორი, რომელიც ტვინში დოფამინის გადატყორცნას აჩქარებს და, პირიქით, მობილიზებაში მოჰყვს ტვინის აქტივობა. ორალური დაკმაყოფილების და დამშვიდების უნარი აქვს გემრიელ კვებას. კარგად გამოკვებილი ადამიანი არის მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერი.
ნივთიერებების დეფიციტი ბუნებრივად იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს. აუცილებელია, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საკვები, ეს გაწონასწორებული ნერვული სისტემის უპირველესი განმსაზღვრელია. მაგალითად, თუ B ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმში დეფიციტურია, გვემართება დეპრესია, მაგნიუმის დეფიციტი აჩენს შფოთვას, კუნთების შეკუმშვას, პანიკურ შეტევას და ა.შ. ყოველი ნივთიერება მეტაბოლიზმში თანაბრად მონაწილეობს და ჯანმრთელობისთვის სრულყოფილება აუცილებელია. როდესაც მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ ემოციურად აღელვებულ მდგომარეობაში ბევრს ჭამს, მიხარია, რადგან ეს ნიშნავს არაცნობიერი კომპენსაციის კარგ მექანიზმს, ანუ თუ ადამიანი არის სტრესის ქვეშ, მისი არაცნობიერი ცდილობს კომპენსაცია იპოვოს გარემოში, რაღაც გზით მიიღოს სიამოვნება და დააბალანსოს სტრესი. სხვა შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ემოციურად აღელვებულ მდგომარეობაში ვერაფერს ჭამს, ეს ნიშნავს, რომ იგი პრაქტიკულად ყველა არხს კეტავს თერაპიის ეფექტურობისთვის. საკვებზე დამოკიდებულ პირებთან შედარებით ასეთი პაციენტები უფრო ნელი ტემპით იკურნებიან. ზოგადად, ბულემიური, კარგი კვებისკენ მიდრეკილი, მშთანთქმელი ადამიანის მზერაც სხვანაირია, თითქოს შეუძლია თვალებით გადაგყლაპოს; ხოლო ანორექსიული ტიპაჟები, რომელთაც ნაკლებად კარგი მადა აქვთ, კონტაქტისას ასეთივე ნაკლებ ენერგიას გამოხატავენ; თუმცა, უმეტესად, ანორექსიულ-ბულემიური ტიპაჟი შერეულია. კულინარიას, როგორც თერაპიას, მკურნალობის განმავლობაში პერიოდულად მივმართავ, თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად.
არტ-თერაპიაში არსებობს ასეთი გამოთქმა: „ვქმნი, ნიშნავს – ვიქმნები“. ვქმნი საკუთარ თავს, რადგან გამოვხატავ საკუთარ ინფორმაციას. კვების ჯადოქრობაც ხომ ეს არის, – შენი ხელებიდან გადაედინება ენერგეტიკა. ხშირად გვსმენია ფრაზა: „აი, მას კარგი ხელი აქვს!“ ესეც გარკვეული მადლია, ნიჭი, ჭკუა ხელებში. უჭკუო ხელებიც ხომ არსებობს, შეიძლება ვიღაცამ სახლი დაალაგოს, ნივთებს დაუფიქრებლად ადგილი შეუცვალოს და საბოლოოდ სულ სხვა სურათი მიიღოს. კერძის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია, თუ როგორ ზომავს ადამიანი საკვებს, როგორი ენერგია გადააქვს მასში. მარკესის ერთ-ერთ მოთხრობაში (სათაურს ვეღარ ვიხსენებ) ძალიან შთამბეჭდავი ქალი ამზადებს ჯადოსნურ საჭმელებს, მას შეუძლია სხვებში გამოიწვიოს ცუდი შეგრძნებები, შფოთვა ან ამ საკვებში ჩადოს სიყვარულის ენერგია, ჩააყოლოს ვარდის ფურცლები და ათასი სხვა ჯადოქრობა ჩაიდინოს. მარკესი არაჩვეულებრივი მთხრობელია, თუმცა, ეს სრულად ფანტასტიკის სფეროდან არ არის. კარგი საჭმლის ირგვლივ ხომ ყველა კარგად ვხდებით. მომზადების პროცესს თან ახლავს ძალიან საინტერესო, – მოლოდინის ფაზა, როდესაც იცი, რომ ახლა გამზადდება რაღაც ძალიან გემრიელი, რომელსაც დააგემოვნებ. იმ ქალების არ მესმის, რომლებიც ამბობენ, ჩემს გაკეთებულ საჭმელს ვერ ვჭამო. მომზადების დროს ერთი სული მაქვს, როდის გამზადდება, რომ გავსინჯო, უფრო მეტად კი სხვისი დაპურება მიყვარს. ესეც ხომ ერთგვარი ქველმოქმედების აქტია, – სხვაზე ზრუნვა. შემდეგ ყველას უყურებ თვალებში, აკვირდები – შეჭამეს თუ არა, ხომ ყველა კმაყოფილია. ძალიან არ მიყვარს, როდესაც სტუმრებისთვის რაღაც გემრიელს ვამზადებ და მპასუხობენ, დიეტაზე ვართო. ეს არის სტუმრის მხრიდან დიასახლისის შრომის საშინელი უარყოფა.
სახლში საკმაოდ ხშირად ვამზადებ სხვადასხვა კერძს, მაგრამ სადილს უფრო აქტიურად მაშინ ვამზადებდი, როდესაც ბავშვებიც პატარები მყავდა და ჩემი მეუღლის, ირაკლის რეჟიმიც არ იყო ასეთი `გადაკარგული~. ახლა სახლში სადილი ძირითადად მაშინ მზადდება, როდესაც ჩემს შვილს – ნიკუშას არ აქვს ცვლა ჯარში. ნიკუშა კარგი კერძის დიდი დამფასებელი და გურმანია. ირაკლი სახლში მხოლოდ საუზმობს, შეიძლება ვერც კი ივახშმოს. ჩემი შვილი ეკა კი ცომის მოყვარულია, შეუძლია მუდმივად მიირთვას მაკარონი, პიცა და სხვა პურ – პროდუქტი, ამიტომ მისთვის ფაქტობრივად არაფრის მომზადება არ არის საჭირო. აი, საკუთარი თავისთვის კერძების გაკეთება კი ძალიან მეზარება. პოეტმა თუ დაწერა ლექსი, ამ ლექსს უნდა ჰყავდეს მკითხველი, მხატვარმა თუ დახატა ტილო, მას უნდა ჰყავდეს დამთვალიერებელი, უნდა გყავდეს კერძის გამზიარებელი, ადამიანი, რომელსაც მას უძღვნი.
ირაკლის ყველაზე მეტად მეგრული სამზარეულო უყვარს, ვისი მომზადებულიც არ უნდა იყოს. ყველაზე გემრიელი ის კერძები გამომდის, რაც თავად მიყვარს.
საყვარელი კერძი – ხორცით დამზადებული ნებისმიერი კერძია. თუმცა, ხორცად არ ვთვლი ქათამს, მგონია, რომ დესერტია. ხორცის მოყვარული ვარ, მაგრამ პერიოდულად შემომიტევს ხოლმე სიბრალული და ყველა მარხვას ვიცავ, ხანდახან რომ მაინც „განვიტვირთო“ ამ დანაშაულისგან. რადგან თავად მიყვარს ხორცი, განსაკუთრებით კარგად მას ვამზადებ. ჩემი მეგობრების საკმაოდ დიდი ნაწილი, ირაკლის მსგავსად, ხშირად მთხოვს, მოვამზადო რაიმე კერძი მეგრული სამზარეულოდან. ნიკუშას კი განსაკუთრებით ტუნას სალათა უყვარს.
როდესაც დრო მაქვს, ძალიან მიყვარს სახლში სტუმრების მიღება. დღესდღეობით ორ სამსახურში ვმუშაობ და ხანდახან სახლში ისე გვიან ვბრუნდები, რომ სტუმრებისთვის რაიმეს მომზადება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა შემწვარი კარტოფილი, მაგრამ მგონი კარტოფილზე მეტად – ტყემალი.
ყველაზე მეტად მიყვარს კახური სამზარეულო – მწვადი, ჩაქაფული, დედას პური. კახეთი არის ჩემი სიყვარული.
ირაკლი ისევე მხიარულად გავიცანი, როგორც სხვა ყველაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. მეგობართან ერთად კაფეში ვიჯექი და ხმამაღლა ვიცინოდით, – ნაყინის ჯამი გადაგვიყირავდა და ეს უხერხულობა რომ დაგვემალა, სიცილი დავიწყეთ. ამ ხმაურიან სიცილზე ირაკლიმ გვერდით მაგიდიდან გამოიხედა და შერჩა „თმაგაბურძგნული“ გოგო, რომელიც ხმამაღლა იცინოდა. ამ სიცილის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელი იყო, შეიძლება ან მოგწონებოდა, ან არა, მაგრამ დავიწყება ძნელი იქნებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი. აი, ასე მხიარულად იყო ეს ამბავი.
პირველ პაემანზე არაფერი გვიჭამია, ზოოპარკში წავედით… საერთოდ, ირაკლი რაღაცნაირი დახვეწილი დაიბადა, მაშინაც ძალიან უნდოდა წავეყვანე საუკეთესო ადგილას, რაც კი იმ დროისთვის თბილისში არსებობდა. ერთადერთი ასეთი ადგილი იყო შერატონ მეტეხი პალასი, იქ იდგა შვედური მაგიდა და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ორიგინალურს ნახავდით, ძირითადად ევროპულად დაგორგოლავებული ჩვეულებრივი ფხალეული იყო. პერიოდულად იქ მპატიჟებდა, თან იმ დროს იქ შუქიც იყო.
კახეთზე გამახსენდა, ჩემი დაბადებაც ძალიან მხიარული ისტორიაა. მამაჩემი ძალიან ღელავდა ერის გამრავლებისა და დემოგრაფიის საკითხზე, ტექნიკური განათლება ჰქონდა და ყველაფერს ციფრებში ითვლიდა, მათ შორის, ადამიანებსაც. ერთხელ კახეთში ახალგაზრდა მწერლების გუნდი იყო ჩასული, მამაჩემი ტრიბუნაზე ავიდა და ყველაზე მქუხარე სიტყვა თქვა იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ერის გამრავლების საკითხი. ერთი კახელი კაცი დაინტერესდა, თავად მამაჩემს რამდენი შვილი ჰყავდა. მამამ უპასუხა, რომ ორი შვილი ჰყავდა. ხოდა, ახლა ჩამობრძანდით ამ ტრიბუნიდანო, – უთხრა იმ კახელმა კაცმა. მამაჩემმი ტრიბუნიდან კი ჩამოვიდა, მაგრამ იმ კაცს უპასუხა: ახლა ჩამოვალ აქედან, მაგრამ გაისად კახეთში რომ დავბრუნდები, მესამე შვილი მეყოლებაო. ჩემი ახლობლები ხშირად მეუბნებიან – ასე „ღადაობით“ რომ ხარ გაჩენილი, იმიტომ გიფრთხიალებენ ჩიტები თავშიო.
საახალწლო ტრადიციებში ყველაფერი მომწონს… ზოგადად, არ ვარ პროფესიით „დამწუნებელი“, არ მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელიც რაღაცას იწუნებს, ჩემს აღქმაში ყველაფერი შემიძლია სასიამოვნო გავხადო. მომწონს ის კერძები, რომლებითაც ჩვენ ვმასპინძლობთ ერთმანეთს და საკუთარ თავებს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი საყვარელი მენიუ საახალწლოა, უფრო მეტად სააღდგომო კერძები მიყვარს – აი, ჩაქაფული, პასკების სეზონი… ეს უფრო ახლოს არის ჩემს გემოვნებასთან; სააღდგომოდ კვერცხს ყოველთვის თავად ვღებავ.
ჩვენს საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოზინაყი, დანარჩენი – სიტუაციაზეა დამოკიდებული. არაერთი წელი მომიწია ახალი წლის მარტოობაში შეხვედრა ან მხოლოდ მე და ჩემი შვილი ეკა ვიყავით.
ნიკუშა წლების განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ირაკლი კი ხან პანკისში ხვდებოდა ახალ წელს, ხან
ომში, ხან ჯარისკაცებთან ერთად და ხან კონფლიქტურ საზღვართან. როდესაც ზუსტად ვიცი, რომ ორმა ადამიანმა ჭიქა უნდა მივუჭახუნოთ ერთმანეთს, მაშინ, რა თქმა უნდა, პომპეზურად არ ხდება მომზადება,
მაგრამ რაღაც გემრიელი ყოველთვის არის.
საყვარელი სასმელი – ღვინო და ლუდი…
ჩაი თუ ყავა? – ჩაიც და ყავაც…
ჩემი აზრით, სიამოვნების ჰორმონებს იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, რომ თუკი რაიმე განსაკუთრებული დაავადება არ აქვს ადამიანს, უნდა მიირთვას ყველაფერი, რაც სიამოვნებას ანიჭებს. სხვათაშორის, საზღვარგარეთ მკურნალობისას, მიუხედავად დაავადებებისა, გამორიცხავენ ხოლმე დიეტას. მთავარია, ჭამო ზომიერად. ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, ყოველთვის სასარგებლოა. ორგანიზმი კარგი ბარომეტრია და ზუსტად გკარნახობს, თუ რა ნივთიერება აკლია მას. ის, რაც გსიამოვნებს – ემოცია, შეგრძნება – ძალიან მნიშვნელოვანია. მიიღეთ სიამოვნება, ეს არის ჩემი ჯანმრთელი კვების რეცეპტი. კულინარია, კერძების მომზადება, მსიამოვნებს. მზადების პროცესში ჩართულია უამრავი გრძნობა და პლუს – მოლოდინი. სიამოვნებას არ მანიჭებს ნარჩენების მოვლა, ანუ ტაფის, ქვაბის გარეცხვა, ეს უკვე ჩემთვის შრომაა.
სხვადასხვა მიღებებზე ყოფნისას ყოველთვის და ყველაფერს ვჭამდი ბოლომდე. ბავშვობაში მითხრეს, თეფში უნდა მოაპრიალო, თუ გინდა რომ ლამაზი ქმარი გყავდესო, ამიტომ რაც თეფშზე მიდევს, ყველაფერს ვჭამ. განსაკუთრებით მადიანად ვაფასებ მზარეულის შრომას…
ძალიან მიყვარს როგორც სახლში კვება, ასევე რესტორნებსა და კაფეებში სიარული, შემთხვევას გააჩნია. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მწერლის ნათქვამია, როდესაც ინდაურს მივირთმევ, მიყვარს, როდესაც ორნი ვართ, მე და ინდაური. სახლში სადილს თუ ვახშამს თავისი ხიბლი აქვს, შენს საკვებში რომ ხარ ჩაღრმავებული და არ აღიქვამ გარე სამყაროს. მაგრამ გარეთ ჭამაც ძალიან სასიამოვნოა, როგორც ყველას, მეც მიყვარს მორთმეული საკვები.