DRESSCODE

5_issue_culinart64

ფოტო: ირა კურმაევა

ეკა სირაძე-დელონე  საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში 

XXI საუკუნეში პროტოკოლი და ცერემონიალი ბევრად უფრო ლიბერალური გახდა, ვიდრე ეს თუნდაც XX საუკუნეში იყო. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველასთვის ერთიანი პროტოკოლი უნდა არსებობდეს, სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეულ ქვეყანას თავისი ინდივიდუალური ინტერპრეტაცია აქვს. უპირველესად ეს სამოსს ეხება. ბუნებრივია, რომ სამოსის ეტიკეტი ერთმანეთისაგან განსხვავებული იქნება ინდოეთში, დუბაისა და პარიზში, მაგრამ ასევე განსხვავებულია ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ნიდერლანდები, ავსტრია და საფრანგეთი. განსხვავებულია ტანისამოსის ეტიკეტი მონარქიებში, სადაც შენარჩუნებულია მკაცრი, კონსერვატიული მოთხოვნები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. რაც შეეხება ჩაცმულობას საქმიან შეხვედრებსა და ოფიციალურ მიღებებზე, კონკრეტულად საფრანგეთში, პროტოკოლის ინსტრუქციით, ამ შემთხვევაში განსხვავება არ არის. მოთხოვნაა, რომ დავიცვათ მოსაწვევზე მითითებული წესი. საქმიან შეხვედრებზე, ოფიციალურ მიღებებზე, ოფიციალურ სადილებსა და ვახშმებზე უნდა იყოს „ტენუე დე ვილლე“, ანუ ბიზნეს ტანისამოსი, იმ შემთხვევაში, თუ მოსაწვევზე რაიმე სხვა არ არის მითითებული. გასათვალისწინებელია, რომ საფრანგეთში, ოფიციალურ შეხვედრებზე პროტოკოლის მოთხოვნების უგულებელყოფა და განსხვავებულად ჩაცმა კარგ ტონად არ აღიქმება.
ეტიკეტის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. დიპლომატი ქვეყნის სახეს წარმოადგენს, ამიტომ ზემოხსენებულის გათვალისწინება, უპირველესად, არის საკუთარი ქვეყნის პატივისცემა. ასევე სასიამოვნოა, თუ ეტიკეტის ცოდნას თან ერთვის გემოვნება. ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებების მოსაწვევზე ყოველთვის არის მითითებული სამოსთან დაკავშირებული მოთხოვნა, უნდა გეცვას ოფიციალური, ბიზნეს თუ საღამოს სამოსი. შემდეგ კი, ამ მოთხოვნის შესაბამისად, გასათვალისწინებელია ისე შეიმოსო, რომ რეალობიდან ამოვარდნილი არ აღმოჩნდე.

5_issue_culinart65

ზოგადად, მიღებულია, რომ სამკაულმა არ უნდა მიიქციოს დიდი ყურადღება. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც კონკრეტულ პიროვნებაზე, სამკაულის ტარების სტილსა და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. პირადად მე დიდი სამკაულით ოფიციალურ შეხვედრაზე თავს უხერხულად ვგრძნობ. არ მიყვარს, როდესაც საუბრისას სამკაული უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. თუმცა, არიან დიპლომატები, რომლებიც კომფორტულად ატარებენ მასიურ სამკაულს და თან ძალიან უხდებათ. საქმიან შეხვედრებთან დაკავშირებული ტრენდი გულისხმობს, რომ გეცვას სადად, გემოვნებით და მოზომილად. უნდა ჩაიცვა ის, რაც გიხდება, მგონი ეს არის კლასიკური ფორმულა და დროის ცვლილებას არ ექვემდებარება. რაც შეეხება დიზაინერებს, ყველას თავისი საყვარელი დიზაინერი ჰყავს. შესაძლოა პროტოკოლით და გემოვნებით გეცვას, მაგრამ პირადად ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდე ტანისამოსის ტარებაც. ამ სამივე კომპონენტს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, საკმაო რაოდენობის ქართველ ოფიციალურ პირს ვნახავთ, რომლებიც გემოვნებით იცვამენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ქართველებს კარგი გემოვნება აქვთ. როგორც წესი, ქალბატონ მეუღლეებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ სამოსის არჩევის თვალსაზრისით. თანამდებობის მქონე ქალბატონები კი შედარებით შეზღუდულები ვართ. მამაკაცებისათვის სამოსის არჩევის საკითხი ბევრად უფრო მარტივია, თუმცა, აქაც არის გასათვალისწინებელი ისეთი ნიუანსი, როგორიცაა, მაგალითად, კოსტიუმის ფერის შერჩევა იმისდა მიხედვით, თუ დღის რომელ მონაკვეთში იმართება შეხვედრა, მიღება და ა.შ.
რაც შეეხება კულინარიას, რომელიმე ერთი ქვეყნის სამზარეულოს დასახელება მიჭირს, ძალიან მიყვარს განსხვავებული კერძების დაგემოვნება. განსაკუთრებით მაინც ტაილანდურ სამზარეულოს გამოვარჩევდი.
გამორჩეული კერძი – შემწვარი კარტოფილი, ტყემლით… ოჯახურ კულინარიულ ტრადიციებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ყოველი წლის ორ იანვარს ვამზადებთ ბედის კვერებს, ერთ-ერთში აუცილებლად
უნდა ჩაიდოს მონეტა და მათ ამორჩევას ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იწყებს. ამ ტრადიციის გამო ბავშობიდან ძალიან მიყვარს ორი იანვარი. კერძებს ვამზადებ, როდესაც ამისათვის საკმარისი დრო მრჩება, სტუმრების მიღება ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს ასეთ სიამოვნებას, როგორც წესი, მოკლებული ვარ. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უყვართ ჩემ მიერ მომზადებული სალათები, განსაკუთრებით, ლიბანური ტაბულე.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com