ქეთი ბაქრაძის ბლოგი

5_issue_culinart4

Dining Table

ყველაზე მეტად ახალი წლის წინა პერიოდის სამზადისი მიყვარს, – სახლისა და რესტორნის მორთვის პროცესი.
ვფიქრობ, რომ The Dining Room-ს ყველაზე მეტად ახალი წლის დღესასწაული უხდება, – მთელ სივრცეში ვკიდებთ ნათურებს, ჩვენი სტუმრებისთვის ვდგამთ თერმოსს – ცხელი გლინტვეინით, ამისთვის ფიფქებითა და თოვლის ბაბუებით მორთული ჭიქებიც კი შევიძინე. ვცდილობ, შევქმნა დღესასწაულის შესაფერისი განწყობა… ძველი მიდის და რაღაც ახალი მოდის… მიყვარს საახალწლო სიმღერები, უამრავი ალბომი მაქვს. იმდენად ადრე ვიწყებ საახალწლო განწყობის შექმნასა და სადღესასწაულო მუსიკის აჟღერებას რესტორანში, რომ სტუმრებს, მგონი, ცოტა მოვაბეზრე კიდეც, მაგრამ რას ვიზამ, ძალიან მიყვარს… წინასაახალწლო პერიოდში The Dining Room-ში ყოველთვის ვაწყობ წვეულებას, ვწვავ ინდაურს – კომშებით და ვამზადებ სხვადასხვა გემრიელ კერძებს. ვცდილობ, ყველას შევუქმნა არაჩვეულებრივი წინასაახალწლო განწყობა.
ნაძვის ხის მორთვას სახლშიც ძალიან ადრე ვიწყებ. ჩემს შვილებსაც ჩემსავით უყვართ ეს დღესასწაული. ნაძვის ხის ერთად მორთვის ტრადიციაც გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები უკვე არც ისე პატარები არიან, ჩვენს სახლში მაინც ყოველთვის მოდის თოვლის ბაბუა. ოჯახის წევრები ვწერთ საახალწლო სურვილებს, განსაკუთრებით მიყვარს პირველი იანვრის დილა, როდესაც ყველა ერთი განწყობით ვიღვიძებთ: „აბა, რა მოგვიტანა თოვლის ბაბუამ?“

5_issue_culinart3

ახალ წელს ყოველთვის ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები. სახლი მაქვს ბაკურიანში და ბოლო ოთხი წელია იქ მივდივართ მეგობრებთან და მათ შვილებთან ერთად. ყოველთვის ძალიან ბევრნი ვიკრიბებით. უამრავი საახალწლო აქსესუარი მაქვს და ჩასვლისთანავე ვიწყებთ სახლისა და ეზოს მოწყობას. აუცილებლად მიგვაქვს დიდი ინდაური, სულ ვცდილობ, კერძებს ახალი ინგრედიენტები დავუმატო, ერთფეროვანი რომ არ იყოს. იქაც, რა თქმა უნდა, საახალწლო მუსიკაა – სახლშიც, ეზოშიც…
ფეიერვერკები, თოვლი – ძალიან უხდება ახალ წელს. ვთვლი, რომ ეს უფრო სახლური დღესასწაულია და იმ ადამიანების გარემოცვაში უნდა იყო, ვინც ძალიან გიყვარს… ჩემთვის საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტებია: დიდი ინდაური, რომელსაც ვწვავ, საცივის წვენს კი, რომელიც ძალიან მიყვარს, ცალკე ვამზადებ; აუცილებლად მაქვს ასევე გოჭი და გოზინაყი, დანარჩენი კი ხასიათისა და განწყობის ამბავია; დილით კი – ჩიხირთმა, პირველი იანვრის დილაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე სხვა წელიწადში ვიღვიძებთ და საუზმეც შესაბამისი უნდა იყოს. საუზმისთვის ჩიხირთმას ან რაიმე გემრიელ წვნიანს ვამზადებ. პატარა რომ ვიყავი საახალწლო სამზადისში ყოველთვის ვეხმარებოდი დედას და ბებიას. ეს ტრადიცია გრძელდება, ახლა მე მეხმარებიან ჩემი შვილები, პატარა ნათესავები, მეგობრების შვილები. მიუხედავად იმისა, რომ 12 საათზე პირადად მე ყოველთვის ძალიან დაღლილი ვარ, რადგან ძირითადი კულინარიული დარტყმა ჩემზე მოდის, მაინც ძალიან მიყვარს და ველოდები ამ დღეს. საახალწლოდ მომწონს კოსტიუმირებული კარნავალები, ვფიქრობ, უხდება ახალ წელს. ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველებს ვახშმის მენიუს ვთავაზობ, რომელიც საახალწლო დღეებში შეგიძლიათ მოამზადოთ.
P.S. ახალი წლის პერიოდის აუცილებელი დეტალია – მიირთვით შამპანური დილიდან!!! გილოცავთ ახალ წელს!!!

გოგრის სუპი (4 ადამიანისთვის)

5_issue_culinart5

ინგრედიენტები:
• გოგრის პიურე – 200 გრ
• ნაღები – 100 გრ
• გახეხილი ჯინჯერი – 25 გრ
• ქარის პუდრა – 10 გრ
• ტობასკო – 2-3 წვეთი
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
2-3 კგ წონის სქელკანიან გოგრას მოაჭერით თავი ისე, რომ მისცეთ ქვაბის ფორმა და გამოასუფთავეთ. ჩაასხათ 150 გრ წყალი და აცხვეთ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ცალკე აიღეთ გოგრის ნაჭრები და მოხარშეთ კანიანად. მიღებული მოხარშული მასისგან კი გააკეთეთ პიურე. შეინახეთ ის წყალი, რომელშიც გოგრა მოხარშეთ. ქვაბში მოთავსებულ პიურეს დაუმატეთ ჯინჯერი, ქარი, ტობასკო, ნაღები და გოგრის მონახარში წყლით იმ კონსისტენციამდე გაათხელეთ, როგორიც გსურთ. დაუმატეთ მარილი და ფერადი პილპილი – გემოვნებით. კარგი იქნება, თუ გოგრაში ჩასხმულ სუპს ბოლოს ცოტა გოგრის ზეთს მოასხამთ.

შემწვარი იხვის მკერდი (4 ადამიანისთვის)

5_issue_culinart6
ინგრედიენტები:
• იხვის მკერდი – 2 ც.
• კონიაკი – 250 გრ
• მარილი – გემოვნებით
• ფერადი პილპილი – გემოვნებით
• იხვის ფუა-გრა
• კომში – 1 ც.
• გახეხილი შინდის ჯემი – 150 გრ
• ლიმონი – 1 ც.

მომზადების წესი:
იხვის ფილეს კანი დასერეთ კუბებად, წაუსვით მარილი, ფერადი პილპილი და ცხელ ტაფაზე კანის მხრიდან მოათავსეთ. წვით იქამდე, სანამ კანი კარგად არ შეიბრაწება და შემდეგ გადაატრიალეთ. შეწვის პროცესში გამოყოფილი ცხიმი ისევ დაასხით იხვის ფილეს. ფილე მზად არის მაშინ, როდესაც ხორცი შიგნიდან გავარდისფერდება. ბოლოსკენ ფრთხილად დაასხით კონიანი (კონიაკის დასხმისას ტაფა აალდება!). იხვი მზად არის, დაჭერით გვერდულად და ფენებად. იხვის წვის პროცესში ტაფაზე ვამატებთ სიგრძეზე დაჭრილ კომშებს. ამასობაში მეორე ცხელ ტაფაზე დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი და კუბებად დასერილი იხვის ღვიძლი (ფუა-გრა). შეწვით 3 წუთის განმავლობაში ერთ მხარეს და 3 წუთის განმავლობაში მეორე მხარეს. წვის დროს გამოყოფილი ცხიმი ისევ დაასხით იხვის ღვიძლს. შემწვარი ფუა-გრა ზემოდან დაადეთ კომშებს და იხვის ფილეს, შემდეგ 150 გრამ შინდის ჯემს ჩაახეხეთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი.

კომში – მოხარშული კრემით

5_issue_culinart7

კრემის მომზადებისთვის საჭირო

ინგრედიენტები:
• შესქელებული რძე – 1 ქილა
• წყალი – 1 ლ.
• კვერცხის გული – 4 ც.
• შაქარი – 1.5 ჭ.
• ფქვილი – 1.5 ჭ.
• ვანილი – გემოვნებით
• კარაქი – 200 გრ

მომზადების წესი:
1 ქილა შესქელებული რძე გახსენით ერთ ლიტრ წყალში და წამოადუღეთ. ამასობაში კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, როდესაც რძიანი მასა წამოდუღდება, კვერცხისა და ფქვილის მზა მასა ჩაუშვით ქვაბში და კვლავ ათქვიფეთ. კრემის გაცივების შემდეგ შეგიძლიათ ათქვიფოთ მოხარშული კრემი, 200 გრ კარაქი, ვანილი, და კონიაკი – გემოვნებით.

ინგრედიენტები:
• კომში – 10 ც.
• ვანილი – გემოვნებით
• დარიჩინი – გემოვნებით
• ნიგოზი – 250 გრ
• შაქარი – გემოვნებით

მომზადების წესი:
კომში გაჭერით შუაზე, ამოიღეთ გულები, შეავსეთ ცოტა წყლით და შედგით ღუმელში 10 წუთის განმავლობაში – 150 გრადუს ტემპერატურაზე, ისე რომ, წყალი აორთქლდეს. ცალკე აიღეთ გახეხილი ნიგოზი, შეურიეთ შაქარი, დარიჩინი და ცოტა ვანილი. ნახევრად გამომცხვარ კომშებში მოათავსეთ 1 ჩ.კ. ეს მასა და 15 წუთის განმავლობაში ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, შემდეგ გამოიღეთ, გააგრილეთ და კრემი მოასხით. შეგვიძლია გავაფორმოთ შოკოლადით.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com