ბურჟუაზიული ეტიკეტის თანამედროვე სახე

Etiquette = A Ticket to enter… 

5_issue_culinart51

მეთხუთმეტე საუკუნის ბურგუნდიაში «დასავლეთის დიდი ჰერცოგის», ფილიპ III-ის კარზე, წესების მთელ კრებულს ქმნიან. სწორედ ეს «ბურგუნდიული მოდელი» მკვიდრდება იმდროინდელი ევროპის ყველა სამეფო კარზე. მოგვიანებით ლუდოვიკო XIV ტრადიციებზე მორგებულ თანამედროვე ფრანგულ ეტიკეტს ოფიციალურად ამტკიცებს. ამავე ეპოქაში ვერსალი ახლიდან ქმნის ფრანგული კულინარიის ისტორიას. გურმანი მეფის საოცრად ფაქიზი შეგრძნებები, ყოველი კერძის დამზადების წესის ზუსტი დაცვა, არნახული თანმიმდევრულობა, ხარისხის მკაცრი კონტროლი, შესრულების საუცხოო მანერა და თავდაჯერებულობა – სამეფო კარზე ცხოვრებით ტკბობის სრულიად უცხო ლაბირინთებს ხაზავს. ანტიკურ და ტრადიციულ გემოებს აღმოსავლეთიდან წამოსული ქარვისა და ვარდის სურნელება ერთვის, სანელებლებით დამტკბარ თეთრ ღვინოს სუფთად დაწურული ბურგუნდიული წითელი ცვლის. კერძის ზუსტი და რაფინირებულ გემო მოტკბო-მოცხარო სანელებლების სინთეზს ანაცვლებს. ეს გემოს ნამდვილი ზეიმია. ზეიმი, რომელსაც ვერსალი ქმნის!
ჩემი წერილის ასეთი შესავალი «კულინარტის» მკითხველისთვის შესაფერისი იქნებოდა, თუმცა, ვფიქრობ, ეტიკეტი (თუნდაც კულინარიულ ჭრილში) გაცილებით მეტია, ვიდრე სწორად მომზადებული ვახშამი, სათანადოდ მოწვეული სტუმარი ან თუნდაც მისთვის საგულდაგულოდ გაწყობილი სუფრა. სტუმარ-მასპინძლის ფენომენი ურთიერთობის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომლის არსი და განსაკუთრებულობა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ რომელიმე მოდელზე აწყობილი ქცევათა სისტემა. სიამოვნებით მივიწერდი მარკ ტვენის ამ გენიალურ სიტყვებს – «Laws control the lesse man. right conduct controls the greater», სადაც მწერალი რჩეულ ადამიანად მოიაზრებს მას, ვისთვისაც «სწორი ქცევის» აღქმა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ კანონით მოხაზული ჩარჩო. შეძლო ცხოვრება, ანუ «გამოგივიდეს» ცხოვრება, ნიშნავს უნარს, მოახერხო თანაარსებობა, თანაცხოვრება, თანამშრომლობა, ანუ ადამიანებში ადამიანად გადარჩე! Savoir-vivre (ფრანგ.) ცხოვრების ფენომენის სწორედ ამ თავისებურებას ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით «ცხოვრების ცოდნას» ნიშნავს, მისი სინონიმი კი «კარგი მანერების» ( Bonnes maniere – ფრანგ.) ერთობლიობას. ეს მანერები, უპირველეს ყოვლისა, კეთილშობილ არსებაში იყრის თავს, თავად კეთილშობილება კი არისტოკრატიის განმსაზღვრელია – ასე თვლიდნენ შუა საუკუნეებში. სწორედ ასეთი კეთილშობილი თავად-აზნაური მამაკაცი ჟღერდა ფრანგულად Gentilhomme (ფრანგ.), საიდანაც ინგლისელი Gentleman იშვა. ეტიკეტი წესების თანმიმდევრული დაცვაა, თუმცა ვეჭვობ, ვერც მისი შექმნის პერიოდში და, მითუმეტეს, ვერც დღევანდელ დღეს, ეტიკეტის მოდელი ვერ მიაღწევდა სრულყოფილებას მხოლოდ წესების თუნდაც ზუსტი დაცვით, სულ მცირე, ცოტაოდენი ზნეობრივი, კულტურული ფაქტორის თანაარსებობის გარეშე. კულტურა კი საკმაოდ კომპლექსური და რთული ცნებაა. ერთი შეხედვით მარტივად წარმოსათქმელ ფრაზებში – «კულტურული ოჯახი», «კულტურული ურთიერთობები» – სიტყვა კულტურა ინდივიდუალურად აღქმული ღირებულებების გარკვეულ სინთეზს წარმოადგენს. მაგალითად, «კულტურული სუფრის» წარმოთქმისას, ვფიქრობ, სიტყვა «კულტურა» ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არაერთგვაროვნად აღიქმება. თუმცა, ნამდვილად არის რაღაც ამ სიტყვაში, რასაც თითქოს უფრო მეტად ვგრძნობთ, ვიდრე ამას ენით აღვწერთ. კარლ იუნგი კულტურის ურთულეს ფენომენს ჩვენს მეხსიერებაში დალექილი არქაული შეხედულებების მთელ სისტემად განმარტავს. ეს სისტემა თითქოს შეუმჩნევლად განსაზღვრავს ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას.

5_issue_culinart52

ამ კულტურული სისტემის მოცემულობას მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვკვებავთ, ვამდიდრებთ, გარდავქმნით. ადამიანის კულტურული ევოლუცია პირდაპირპროპორციულია განათლებასთან, გამოცდილებასთან, მოგზაურობასთან, რაც ზოგადად მოვლენების შესაბამისად აღქმას, სწორად გაანალიზებას, ზუსტი შეფასების უნარს ავითარებს.
სოციუმში ადამიანთა წარმატებულ თანაარსებობას, ვფიქრობ, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: სიფრთხილე და ტაქტი. სიფრთხილე ქმნის ადამიანთა შორის მანძილს, ხოლო ტაქტი – არეგულირებს მას. ადამიანი ვალდებულია დაიცვას როგორც საკუთარი, ისე სხვისი პირადი (ინტიმური) სივრცე. ურთიერთობის ნიჭი სწორედ ამ «ოქროს მანძილს» იცავს.
ოცდამეერთე საუკუნის თავისებურება ეტიკეტზეც შესაბამისად აისახა. თუკი ამ დრომდე ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ეტიკეტის დაცვა უშუალო (პირდაპირ) ურთიერთობებში უწევდათ, დღევანდელ დღეს სოციალურმა მედიამ სრულიად ახალი ვირტუალური სივრცე შექმნა, სადაც ადამიანები «კარგად შეფუთა» და ეგრეთ წოდებული ვირტუალური «სტატუსებით» გაუმარტივა მისავე ქსელში ურთიერთობა. მეორე მხრივ, იმავე სოციალურმა მედიამ ინფორმაციის მსოფლიო მასშტაბით ელვისებურ გავრცელებას შეუწყო ხელი. ვირტუალური სივრცე ადამიანის ინფორმაციულ «update»-ს ყოველგვარი წინასწარი შემზადების გარეშე ახდენს. აღსანიშნავია ინფორმაციის «გაზიარების» («sharing») ფენომენიც – სხვისი პირადი სივრციდან საკუთარ პირად სივრცეში, წინასწარი შეთანხმების გარეშე ცნობების გადმოტანა- გავრცელება. თუმცა, ალტერნატიულმა საურთიერთო სივრცემ დროის ყველაზე მოკლე ვადაში შეძლო ადამიანების «გაერთიანება» კონკრეტული მიზნების ირგვლივ, რამაც თითქოს ერთიორად შეკუმშა მსოფლიო რუკა და გაამარტივა საერთაშორისო კომუნიკაცია (ერთ- ერთი ბოლო წარმატებული კამპანია – ice challenge bucket).
სტუმარ-მასპინძლისა და, შესაბამისად, ეტიკეტის ფენომენს რომ დავუბრუნდე, სოციალურმა მედიამ მასპინძლის ერთ-ერთი მთავარი როლი (სუფრასთან სასაუბროდ აქტუალური თემის შერჩევა) რეკორდულად «გაზიარებული» თემებით საკმაოდ გააადვილა.
მაღალი რანგის ოფიციალურ ვახშამზე დასაწყისში წარმოთქმულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს სიტუაციის ემოციური ჩარჩოს შექმნის კუთხით. ასეთ შემთხვევებში, ხშირად ეგრეთ წოდებულ «joke»-ს (ხუმრობა) იყენებენ. ეს ხუმრობა შეიძლება მოიცავდეს იმპროვიზებულ ან წინასწარ კარგად გააზრებულ გზავნილთა მთელ სინთეზს, სადაც მასპინძლის გონებამახვილობა «ჯოკე»-ით შექმნილი მუხტის წარმატებას განაპირობებს. ურთიერთობის თანამედროვე ეტიკეტი «ბებერ», ტრადიციულ მანერებთან ერთად, სხარტ და მოქნილ აზროვნებას ეყრდნობა. ჩვენი საუკუნის წარმატებული ადამიანი, სულ მცირე, დროისა და ვითარების შესაბამისად აზროვნებს. ინტერნეტის «ყოვლისშემძლეობის» ფენომენმა, საინფორმაციო ველის მასშტაბურობამ, წარმატებული ურთიერთობის განმსაზღვრელი ეტიკეტიც მოქნილად აქცია, მას თან დაურთო ტენდენციურობისა და, ამავდროულად, ინდივიდუალური ინტერპრეტაციის ელემენტებიც.

როდესაც ეტიკეტზე ბლოგის წერას ვიწყებდი, თავში უამრავმა აზრმა გამიელვა. გულწრფელად გეტყვით,
ძალიან შევეცადე ეს უხვად დაგროვებული აზრები მარტივად გადმომეცა, მაგრამ თუკი ამ ამოცანას ბოლომდე წარმატებით თავი ვერ გავართვი, ამას თემის სირთულეს დავაბრალებ და მკითხველის წინაშეც ასე გავიმართლებ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. შემდეგ ბლოგში ეტიკეტის სწორედ თანამედროვე სახეცვლილებას დავუბრუნდები.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com