ოლეგ ტიმჩენკოს კულინარიული პეიზაჟი

5_issue_culinart16

ოლეგ ტიმჩენკო

„ცხოვრებაში არსებობს ზღვარი, რომელსაც თუ გადააბიჯებ, მაშინვე ხელოვნებაში აღმოჩნდები… შეიძლება კარგი ოსტატი იყოს ადამიანი, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეს, რომ ხელოვანად იქცეს. კულინარიაც ამ ყველაფრის ნაწილია…“
სხვა სტატიებისგან განსხვავებით, ჟურნალის ეს რუბრიკა სწორედ იმ ადამიანებს ეძღვნებათ, რომლებსაც
კულინარიასთან ძალიან მცირე შეხება აქვთ. ჩემი რესპოდენტი, მხატვარი ოლეგ ტიმჩენკო, საკუთარი წარუმატებელი მცდელობების შესახებ საკმაოდ მადისაღმძვრელად მოგიყვებათ.
„კერძების მომზადება საერთოდ არ მეხერხება, არც ჭამა მიყვარს. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს დროს ვკარგავ და ვცდილობ, მალე მოვრჩე. გემრიელია თუ არა, ამაზე არც ვფიქრობ. ამ დროს მარტო ყოფნა მიყვარს. არ შემიძლია პარალელურად ვუყურო ტელევიზორს ან წავიკითხო.“
ცნობილი მხატვრების კულინარიული კუთხით შეფასებას ვთხოვ.… ცოტა დაფიქრების შემდეგ მპასუხობს, რომ რუბენსი გურმანი იყო და ეს მის ნახატებსაც ეტყობა, რემბრანტი – პირიქით. ვან გოგზე კი ვარაუდობს, რომ ასკეტი იყო და საკვებს საერთოდ არ ეკარებოდა. მისთვის გამორჩეული კულინარი იყო სერგო ფარაჯანოვი,
რომლის მოწყობილ თითოეულ ვახშამს ისე იხსენებს, როგორც შოუს და იმპროვიზირებულ საღამოს…
„ბევრჯერ მინახავს მისი გაწყობილი მაგიდა. გულგრილი ვერც ერთი სტუმარი ვერ დარჩებოდა. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე სიამოვნება – შოკი, ხალისი, სიურპრიზი და ხელოვნება. ყველა პოზიტიურ განწყობაზე დგებოდა. ჩემგან განსხვავებით, ძალიან კარგად გამოსდიოდა კერძების მომზადება”.
მთელ ცხოვრებას ხატვას, გამოფენების მომზადებას, ფიქრსა და საკუთარი თავის შეფასებას უძღვნის… ამიტომ თითქმის საერთოდ არ აქვს დრო. მიუხედავად ამისა, კულინარიულ ექსპერიმენტს მაინც ვერ ასცდა! თანაც ორჯერ! ორივეჯერ ქვეყნის საზღვრებს მიღმა! ორივეჯერ კრახით!

5_issue_culinart17

ლონდონში ყოფნისას გადაწყვიტა ინგლისელი მეგობრები ქართული სამზარეულოთი გაეოცებინა და საკუთარი ქვეყნის კერძების უპირატესობა დაემტკიცებინა. „ის წლებია, როცა საქართველოს რუკაზეც ვერ პოულობდნენ. ჩვენი ერთ-ერთი ინგლისელი ამხანაგის დაბადების დღე იყო. ჩემს ქართველ მეგობართან ერთად ვიყიდე პროდუქტი… თურმე ხორცი არასწორად აგვირჩევია. მერე ვკითხე, თუ იცოდა ხინკლის გაკეთება. არაო, მაგრამ რა უნდა, თეორია ვიციო. ნანახი გვქონდა, როგორ მზადდება.
დავიწყეთ… პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, რეცეპტების წიგნიც გვქონდა და იმით ვხელმძღვანელობდით. შევახვიეთ, როგორც საჭიროა, ძალიან ლამაზი გამოგვდიოდა. ბოლოს ქვაბში ჩავყარეთ და… ნახევარი სულ ცომად იქცა, ნახევარი – ჩაიშალა, ფაფას უფრო გავდა, ვიდრე ხინკალს. სამარცხვინოდ დასრულდა. ასი
ცალიდან მხოლოდ ოცი იყო ნორმალური. რა გვექნა, ამოვიღეთ ეს საშინელება და ვხედავთ, ხალხი ჭამს… ზოგს ეგონა, ასეთი უნდა ყოფილიყო. ისე მოეწონათ, აპლოდისმენტები დავიმსახურეთ. ეგეთი ცუდი ხინკალი არასდროს მინახავს, სქელი ცომითა და წვენის გარეშე. მაინც კარგად დასრულდა, ინგლისელები კმაყოფილები დარჩნენ. მეც ვისიამოვნე. მომზადების დროს ინტერესი და აზარტი მქონდა.“
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კერძის მომზადება აღარ უცდია. მხოლოდ ერთხელ… ეს იყო როსტოვში…
„იქ ხომ თევზის კულტია… მე ძალიან მიყვარს წვნიანი „უხა“. მონდომებული წავედი ბაზარში და ვიყიდე. შემდეგ
მთელ სასტუმროში ვეძებე ქვაბი, მაგრამ ვერ ვიპოვე. ბოლოს რაღაც ვნახე, ძალიან პატარა ზომისა იყო. წყალი ცოტა ჩავასხი და ბევრი „ასატრინა“ ჩავყარე. იმდენად ცუდი გამოვიდა, რომ სამი კოვზი ძალით შევჭამე და მერე გადავყარე. ვერავინ შეჭამდა, ისეთი გემო ჰქონდა. უგემრიელესი „ასატრინა“ ტყუილად გავაფუჭე.“
კერძის გაკეთების სურვილი აღარ ჰქონია. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ სახლში ძალიან ნიჭიერი კულინარი ჰყავს. მხატვარი თავისი შვილის გამორჩეულ მონაცემებზე გვიყვება. ამბობს, რომ სალომე კულინარიისთვის არის დაბადებული. თავად იგონებს კერძებს და არაფრისგანაც კი შეუძლია, რაღაც ძალიან გემრიელი და განსხვავებული გააკეთოსო. „სამედიცინოზე აბარებს, თუმცა, მზარეულობაც უნდა. ექიმობა თუ არ გამოუვა, კულინარიაში წავა. ეს ნიჭია, მეც რომ მქონოდა, სიამოვნებით გამოვიყენებდი. ჩემი ცოლი იშვიათად ამზადებს კერძებს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოსდის.“
სამზარეულოში ფუსფუსი ქალისთვის სავალდებულო საქმიანობად არ მიაჩნია. მისი თქმით, სასიამოვნოა,
როცა საკუთარი სურვილით, სიამოვნებითა და იმპროვიზაციით ამზადებენ. ამბობს, რომ ჭამაც მნიშვნელოვანი რიტუალია… მაგიდის გაწყობა, ლამაზი ჭურჭელი, სანთლების დანთება, სუფრაზე ჯდომა,
საუბარი… ეს პროცესი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ასეთ გარემოში მოლაპარაკებებიც უფრო წარმატებით მიმდინარეობს და სიყვარულიც კი სხვანაირად შეიძლება აუხსნან ადამიანებმა ერთმანეთს.. 

ფოტო: ირა კურმაევა 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com