არის თუ არა კავშირი ნაციონალურ კერძებსა და მამაკაცებს შორის?
არ მახსოვს როგორ, მაგრამ ამას წინათ, სამსახურში „ლანჩის“ დროს წამოიჭრა ეს თემა. ვისხედით თანაბრად 3 ბიჭი და 3 გოგო. განსხვავება ის იყო, რომ ბიჭები ჩვენზე ასაკით შედარებით პატარები იყვნენ, შესაბამისად, თემის სერიოზული განხილვა არ მოხერხდა. გოგოებმა დაიმორცხვეს და ბიჭებმა, ასაკისთვის (20 წელს გადაცილებულნი) დამახასიათებელი მაქსიმალიზმით თქვეს, რომ არც ქართულ საჭმელს და არც ქართველ კაცს არავინ და არაფერი ჯობია.
იქვე ჩვენი არაქართველი (უმეტესად ბრიტანელი) კოლეგებიც ისხდნენ. სამწუხაროდ, მათ არ ესმოდათ, რა თემაზე ვსაუბრობდით (როგორც ყოველთვის, ხმაურით და ემოციურად) „ეს ქართველები“ (ფიქრობენ, რომ ვჩხუბობთ, არადა ჩვეულებრივად, ჩვენთვის დამახასიათებელი ემოციურობით ვსაუბრობთ!), თორემ აუცილებლად ჩაერთვებოდნენ…. და ქართველი კაცებისგან განსხვავებით (ყველაფერში პირველი რომ ჰგონიათ თავი) გაცილებით თამამადაც და საინტერესოდაც განავრცობდნენ თემას!
რაც არ უნდა თამამი ვიყო, ნამდვილად ვერ დავიბრალებ ამ კონკრეტული თემის ექსპერტობას. ვერც მხოლოდ პირად გამოცდილებას დავიკვეხნი. ჯერ მარტო, იმის მოსაფიქრებლად, სადაური კაცები ამერჩია, მომიწია ყველა ჩემი მეგობრის სასიყვარულო ისტორიის (სექსის) გახსენება, რაც კი ოდესმე უამბნიათ. ასე რომ, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არის, მხოლოდ კონკრეტულ გამოცდილებებზე დაფუძნებული ბლოგია… Nothing personal Just sex…
მოკლედ, ცოტ-ცოტა რაღაც ვიცი, ცოტაც გავიკითხე, ცოტაც წავიკითხე და აი შედეგად რა ირკვევა:
იტალია
იმიტომ ავირჩიე რომ იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს. იტალიელ კაცებსაც „არა უშავთ თურმე“. „არა უშავთ“ იმიტომ, რომ იმდენად სიმპატიურები, ტანადები, მამაკაცურები და „პრანჭიები“ არიან, რომ მოლოდინი დიდი გაქვს და სინამდვილეში ცოტა იმედგაცრუებული რჩები. ანუ, „ფოკაჩას“ (თუნდაც ორეგანოს და ზეითუნის ზეთში ჩაწობილი) დონეზე უფრო არიან, ვიდრე თეთრი ტრიუფელის „რიზოტოსი“ ან „სპაგეტი ვონგოლესი“.
საფრანგეთი
მათ გარეშე როგორ იქნება? მგონი არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ფრანგი მამაკაცებიც ისეთივე სექსუალურები და მიმზიდველები არიან როგორი გემრიელი და დახვეწილიც მათი სამზარეულოა… თუმცა რამდენადაც ნატიფია მათი სამზარეულო, იმდენად მოუწესრიგებელი და მოუვლელია ზოგადად, ფრანგი მამაკაცი. ანუ აქაც თურმე უფრო მეტი მითი ყოფილა, ვიდრე სინამდვილე. თან საკუთარ თავზე შეყვარებულები, პირველ რიგში, საკუთარი სიამოვნებაზე ფიქრობენ… დასკვნები თავად გააკეთეთ. ასე რომ, ფუა გრას და სანსერის სამშობლოში, ისევ ჭამას „მიაწექით“.
ბრიტანეთი
მიუხედავად ჩემი გამოკვეთილი მიკერძოებისა ყველაფერი ბრიტანულის მიმართ, სხვადასხვა კვლევებით დასტურდება (ჩემი მოგონილი არ არის) რომ ევროპელ მამაკაცებს შორის უპირობო ლიდერები არიან. მამაკაცი მზარეულებიც ძალიან ცნობილები და კარგები ყავთ. ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ, „სელებრითი შეფ“-ის კონცეფტიც ხომ ბრიტანელებს ეკუთვნით, ჯეიმი ოლივერი, გორდონ რამზი და სხვები. არ ვიცი, არის თუ არა პირდაპირი კავშირი, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენადაც „კრეატიულნი“ და პარტნიორის სიამოვნებაზე ორიენტირებულნი არიან ბრიტანელი მამაკაცები, იმდენად არ უვარგათ სამზარეულო. ძალიან კი წყინთ, ამაზე რომ მივუთითებთ ხოლმე, მაგრამ მე, „ანგლოფილიც“ კი ვაღიარებ, რომ მათი Fish & Chips-ი, „შეფერდს ფაი“ (ნებისმიერი „ფაი“) და „კორნიშ პეისტრი“ განსაკუთრებული გასტრონომიული დახვეწილობით არ გამოირჩევა. თუმცა, სხვა, ასევე სმა-ჭამასთან დაკავშირებული კულტიც აქვთ ბრიტანელებს – ე.წ. „pub“-ები (პუბ) განსაკუთრებით „ქანთრი ფაბ“-ები, მაგრამ ეს ცალკე „ბლოგის“ თემაა.
ა.შ.შ
ა.შ.შ – ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცებმა გაიმარჯვეს. იყო კომენტარები, ამერიკელი კაცების ზედმეტ ხელოვნურობაზე, პერფექციონიზმზე, თვითტკბობაზე, კომპლექსებზეც კი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ კლასიკური ამერიკული სამზარეულო არც თუ ისე დახვეწილი ნაზავია იმ ქვეყნების კულტურებისა, რომლებმაც შექმნა ამერიკა, მამაკაცებმა მაინც გაიმარჯვეს. მაგრამ, რა თქმა უნდა უნაკლო არავინ და არაფერია და ამერიკა იმიტომაც არის „ამერიკა“, რომ რაღაც მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება. მამაკაციც და სამზარეულოც.
ბრიტანეთი.
რუსეთი
პოპულისტურად ვიტყოდი, რომ მათი არაფერი არ მინდა. არც საჭმელი (ყველაფერი ასუქებს) და არც კაცი (ამათ რომ კაცი უვარგოდეთ, ესე ხომ არ გადაირეოდნენ რუსი ქალები ამ ჩვენს ქართველ კაცებზე – მითიაო ამბობენ, მაგრამ მე ვიცი, რომ ბოლომდე მითი არ არის). თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ რუსი მამაკაცები მოსიყვარულე და ყურადღებიანი ქმრები არიან. ასე რომ, თუ „ლოგინის ფაზას” გაცდებით, შეიძლება არც თუ ისე ურიგო რამეს „გამოჰკრათ ხელი“. თანაც რუსულ ოჯახებში, უმეტესწილად მატრიარქატია. მითუმეტეს, თუ დომინანტი ქალბატონი ბრძანდებით, რუსი კაცი თქვენთვის „მისწრებაა“ (საკულტო წოდება: подкаблучник!). რამდენადაც მჩატე და იოლად სამართავია რუსი კაცი, იმდენად მძიმე და ნოყიერია მათი სამზარეულო. კლიმატი განმსაზღვრელია ნებისმიერი სამზარეულოს ძირითად მიმართულებათა დადგენისას. რუსული სამზარეულოც მსუყე და ნოყიერი იმიტომაა, რომ მიმართულია ცივი კლიმატური პირობების გადასატანად. საკულტო რუსული კერძები, ე.წ. „კომფორტ ფუდია“, ანუ შექმნილია ყინვაში გასათბობად. გამოვიდა, რომ რუს ქალებს გაუმართლათ. კაცსაც სათავისოდ „ირგებენ“ და საჭმელიც „თბილი და კომფორტული“ აქვთ. აბა ამ ჩვენ ქართველ ბიჭებზე რატო „გიჟდებიან“? თუ ეგეც მითია?
იაპონია
ისევე როგორც მათი კულტურა, არქიტექტურა თუ სხვა რამ, იაპონური სამზარეულოც მინიმალისტურია. უდაო პატრიარქატის პირობებში, ქალის ნამდვილი კულტია. მამაკაცი მოწიწებით და რიდით ეპყრობა ქალბატონს, თუმცა საკუთარ სიამოვნებას მაინც პირველ ადგილზე აყენებს. ქალისთვის ეს ნორმაა და ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ მამაკაცს ასიამოვნობს. შესაბამისად, ურთიერთობაც და სექსიც ისეთივე ჯანმრთელი აქვთ, როგორიც საკვები.
შვედეთი
გაირკვა რომ ჩრდილოელი მამაკაცები ცალკე განხილვის თემა ყოფილა. გარეგნული სიცივის მიღმა – მხიარული, ცელქი, ექსპერიმენტების და სიახლის მოყვარული, გულთბილი მამაკაცი იმალება. შვედეთში იპოვით ყველაზე მეტ „სვინგერს“, „შვედურ ოჯახს“ და სექსუალური თავისუფლების მოყვარულ ხალხს. სამზრეულოს რაც შეეხება, დახვეწილი, გემრიელი და ძვირფასი აქვთ. ამაყობენ იმით, რომ ყველაფერში ინდივიდუალიზმს ინარჩუნებენ. გეოგრაფია და კლიმატი აქაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. ზღვის პროდუქტების მრავალფეროვნება (ნატურალური აფროდიზიაკები) და გასათბობად მოგონილი ცხელი ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად „გროგი“ (ხშირად ჭარბად), ბუნებრივ გარემოს ქმნიან თავისუფალი და „უკომპლექსო“ სექსისთვის. ასე რომ, თუ ცოტა მეტი სექსუალური თავისუფლება გსურთ, ან პირიქით, ცოტა მორცხვი ხართ, ეწვიეთ სკანდინავიას – გაცილებით ბედნიერი (და გამოცდილი) დაბრუნდებით უკან.
არ ვიცი, რიგითობა ესე რატომ გამომივიდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ქართველები ბოლოსთვის მინდოდა „მომეტოვებინა“, მაგრამ ყველაზე თავისუფალი შვედების მერე თუ „მოხვდებოდნენ“ არ მეგონა.მაშ ასე:
საქართველო
აქ, ისევე, როგორც ყველაფერში, რთულად არის საქმე. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში ამბიცია უფრო მეტია, ვიდრე შინაარსი და ხარისხი! არა. აქ თემა გაცილებით უფრო ღრმა და კომპლექსურია (ანუ: „კომპლექსებით“ შეპყრობილი).
ქართველი მამაკაცების და ზოგადად, „ქართული სიყვარულის“ გარჩევა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საჯაროდ ამის გარჩევას თავისი პლუს-მინუსები (და რისკებიც) აქვს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის საშუალება კულინარიულ ჟურნალში მექნებოდა, ამისთვის ვმადლობ „კულინარტ”-ს!
მცირე „ლირიული“ გადახვევით დავიწყებ: რა თქმა უნდა, ქართველი კაცი „ყველაზე მაგარია“. მაგრამ არა იმიტომ, რომ საკუთარი თავის ფასი იცის, ან ქალის პატივისცემა. არამედ იმიტომ, რომ თვითონ სჯერა ამის! შესაბამისად პარტნიორსაც (ცოტა ხნით მაინც) აჯერებს.
ქართულ სამზარეულოსა და მამაკაცებს შორის იმდენი პარალელი აღმოვაჩინე, მე თვითონ გამიკვირდა:
• ქართული სამზარეულო მძიმე და გემრიელია – ისევე, როგორც ქართველი კაცი;
• ქართული სამზარეულო უნიკალური არ არის – ისევე, როგორც ქართველი კაცი ქართული სამზარეულო არც ისე კრეატიულია და ნელა ვითარდება- ისევე, როგორც ქართველი კაცი;
• ქართული სამზარეულო თვალთმაქცი და „მატყუარაა“. სურსათის სიჯანსაღის მიღმა, მაგ. ნიგვზიანი ბადრიჯანის და გოზინაყის უკან, დიდი ოდენობით ფარული ცხიმი და შაქარი იმალება – ისევე, როგორც ქართველი კაცის „მიღმა“, მანდილოსნის სადღეგრძელოს, „ქალო ჩუსტი მომიტანეს“ რომ აყოლებს. ან შეზარხოშებულზე „ნაშები“ ახსენდება და ორი დღით სახლიდან ქრება;
• ქართული სუფრის ტრადიცია ხომ ნამდვილად უნიკალურია. ასევე უნიკალურია ის, რომ ხინკალს და ღვინოს ქართველ კაცზე გასაოცარი აფროდიზიაკის ეფექტი აქვს. ოღონდ მანდაც მოქმედება ცოტა ატროფირებულად ვითარდება. მაგალითად, სექსი და „ცელქობა“ უნდებათ, მაგრამ არა ცოლებთან/შეყვარებულებთან, არამედ სხვასთან, ვისაც „აკადრებენ“;
• ვაღიაროთ, ქართულ სამზარეულოში სურსათის სიმცირეა, სიცხარე და სიმლაშე კი ჭარბად ვიცით. ქართველ მამაკაცებშიც თითქოს დარღვეულია ბალანსი – სიყვარულის, სითბოსა და ყურადღების სიმცირეა (დოზირებულად გასცემენ), ეჭვიანობის, მესაკუთრეობისა და ეგოიზმის კი – სიუხვე;
• ქართული სამზარეული ასუქებს – ქართველ კაცს ღიპი აქვს.
საქართველო
ქართული სამზარეულო ყველას მირჩევნია.
ქართველი კაცი ყველაზე ძალიან მიყვარს.