ერთად გავიხსენოთ ფუდცენტრული სცენები საყვარელი ფილმებიდან და ამოვიცნოთ ცნობილი კერძების კინემატოგრაფიული სახეცვლილებები.
ფუდ ფეტიშის ცნობილი სცენა ამ ფილმიდან ალბათ ყველას ახსოვს. ღია მაცივართან თეთრ ხალათსა და წინდებში აბაზანიდან ახლად გამოსულ კიმ ბესინჯერს მიკი რურკი თვალებს აუხვევს და ისინი მორიგ სასიყვარულო თამაშს იწყებენ.
ზეთის ხილი ენის წვერზე, ალუბალი „მარასკინო“, პომიდორი „ჩერი“, მარწყვი და შამპანური, ხველების საწინააღმდეგო სიროფი, „პასტა“, ალუბლის ჟელე, წიწაკა „ხალაპენიო“, რძე, გაზიანი წყალი, თაფლი… ეს თამაში არანაირ წესს არ მიყვება, მთავარია შეიგრძნოთ გემოები. ერთად ისეთი საკვებია თავმოყრილი, რომელიც ერთმანეთს შეიძლება არ უხდება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ თამაშში ყველაფერი დასაშვებია, მითუმეტეს როცა ბოლო ლუკმა – ვნებიანი კოცნაა.
ეს სცენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საჭმელს და სექსს ბევრი აქვს საერთო. საინტერესოა, ვინმეს მაცივრის წინ იგივე ექსპერიმენტი თუ განმეორებულა…
ჰემპტონში დასასვენებლად ჩასული ნიუ-იორკელი ინტელექტუალები ალვი (ვუდი ალენი) და ანი (დაიან კიტონი) დაბნეულები დგანან სამზარეულოში. მათ გარშემო მთელს ოთახში ცოცხალი ასთაკვები დაცოცავენ, რომლებიც ჩანთიდან ამოხტდნენ და ახლა ყველგან არიან: იატაკზე მაცივრის უკან და ა.შ. ალვი 911-ში დარეკვაზეც კი ფიქრობს, იმდენად შეშფოთებულია ასთაკვების სითამამით. წყვილი ვერაფრით იმეტებს ცოცხალ არსებებს მდუღარე წყალში ჩასაგდებად და ეს პროცესი ვახშმის მომზადების ნაცვლად ურთიერთობის ზენიტში მყოფი ქალის და მამაკაცის ურთიერთობის გამოხატულება ხდება. ამ სცენაში ასთაკვებს არ ჭამენ, მათი მომზადება გართობის ელემენტად იქცევა. ეს სასაცილო და ყველასთვის საყვარელი სცენა „ენი ჰოლიდან“ თავისი სისადავით, სიმარტივით და სულელობით გვხიბლავს. მოგვიანებით ალვი ეტყვის ანს, რომ ასე არსად არასოდეს გართობილა.
ასთაკვებთან დაკავშირებული ეპიზოდი კიდევ ერთხელ განმეორდება ალვის ცხოვრებაში, თუმცა სხვა დროს და უკვე სხვა ქალთან. იგივე სამზარეულოში ალვი ისე ვეღარ გაერთობა სხვა გოგოსთან. გოგო, რომელიც ახლა მის წინ დგას სიგარეტით ხელში და გაკვირვებული უყურებს ზრდასრულ მამაკაცს, რომელსაც არ შეუძლია იატაკიდან ასთაკვის აღება და მდუღარე წაყალში მოსახარშად ჩაგდება, უცხო ადამიანია ალვისთვის. ეს უცხო ქალი ჩვენც გვაღიზიანებს, იმიტომ რომ ის ანი ჰოლი არ არის, რომელთანაც ასეთი სასაცილო იყო ყველაფერი.
დაღლილ რობერტ დიუპის (ჯექ ნიკოლსონი) შეკვეთას „მე მინდა „ომლეტი“ კარტოფილის გარეშე პომიდვრით, ერთი ჭიქა ყავა და თეთრი პურის ტოსტი“ – ოფიციანტი ქალი უარით ისტუმრებს. მენიუს მიხედვით, „ომლეტი“ მხოლოდ შემწვარ კარტოფილთან და ფუნთუშასთან ერთად მოაქვთ. „გასაგებია, მე წავიკითხე, მაგრამ ეს ის არ არის, რაც მე მინდა“, ამბობს დიუპი. „მოიფიქრეთ და მერე დამიძახეთ“ – მკვახედ პასუხობს ოფიციანტი. „მე უკვე გადავწყვიტე, „ომლეტი“ კარტოფილის გარეშე, ყავა და დამატებით ხორბლის ტოსტი!“ – დაჟინებით აგრძელებს დიუპი. „მე არ შემიქმნია ეს წესი“ ამბობს ოფიციანტი. „მაშინ მე გეტყვით, პრობლემა როგორ უნდა გადავჭრათ: მე შევუკვეთავ „ომლეტს“ და ხორბლის ტოსტს, ასევე ქათმის ხორცის „სენდვიჩს“ თეთრი პურით, მაიონეზის და სალათის ფურცლების გარეშე, ქათამი თქვენთვის დაიტოვეთ, მე კი მომეცით ჩეკი „სენდვიჩისთვის“ და თქვენ არ დაარღვევთ წესს“. „ქათამი დავიტოვო?“ კითხულობს გაკვირვებული ოფიციანტი. „დიახ, კარგად შეიკვეხეთ ერთ ადგილას!“. ეს საკულტო სცენა დაეხმარა ნიკოლსონს, პირველი ოსკარი მიეღო, 60-იანელებს კი – თავიანთი ამბოხი ამოეცნოთ რობერტ დიუპის თითოეულ ფრაზაში, ჩვეულებრივ ბარში „სენდვიჩის“ შეკვეთის დროსაც კი.
“ეს ფილმი მარტივად ხსნის იმას, თუ როგორ უნდა მოეწონო გოგონებს: უნდა იყო ჯუდ ლოუ, კულინარიულ საკითხებს ფილოსოფიურად მიუდგე, იმსჯელო ამის შესახებ და გქონდეს შენი პატარა კაფე, სადაც ყოველ საღამოს დარჩება ალუბლის ნამცხვარი, რომლის გასინჯვა აუცილებლად მოუნდება ვიღაცას.
თურქი ემიგრანტის ფატი აკინის „თავით კედლისკენ“ გასული ათწლეულის საუკეთესო სასიყვარულო დრამა შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც გერმანულ საზოგადოებაში მცხოვრები სამი თაობის თურქ ემიგრანტებზე მოგვითხრობს.
პანკი და ანარქისტი სიბილი (სიბილ კეკილი) კონსერვატული პროვინციული თურქი ემიგრანტების ოჯახიდანაა. ტრადიციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, სიბილი თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სურს ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდა. სიბილი კაჰიტს (ბიროლ უნელ) ხვდება, რომელიც მისი ერთადერთი შანსია გაექცეს ოჯახს, რუტინას, თავის ცხოვრებას. კაჰიტისთვის კი სიბილი ხდება ერთადერთი მოტივაცია, რომ გადარჩეს.
ფილმში არის სცენა, სადაც სიბილი კაჰიტისთვის ვახშამს ამზადებს.
ხახვი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, ბრინჯი… ჩვენს თვალწინ თურქული სამზარეულოს ტრადიციული კერძი Bibel Dolas-ი მზადდება.
სიტყვა „დოლმა“ თურქულად „დატენილს“ ნიშნავს. „დოლმა“, იგივე „ტოლმა“, თურქული წარმოშობის კერძად ითვლება და მრავალი მეზობელი ქვეყნის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, პოპულარული წასახემსებელი კერძია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ითვლება, რომ კერძი წარმოშობით თანამედროვე აღმოსავლეთ თურქეთიდანაა და შემდეგ მთელს ოსმალეთის იმპერიაში გავრცელდა. ტოლმა ძირითადად ვაზის ფოთლებში გახვეული ბრინჯის, ხახვის, გატარებული ხორცისა და სხვა სურსათის ნარევია. ხორცისა და ბრინჯის გარდა „ტოლმას“ ამატებენ ქინძს, ნიახურს, პიტნას, ცხარე პილპილს და დამდნარ კარაქს. სუფრასთან, როგორც წესი, არაჟანთან ერთად მოაქვთ.
ცივი ჰამბურგის პატარა ნაქირავებ ბინაში, კაჰიტი, რომელიც თავის ქვეყანას გაურბის, ტრადიციებს, საკუთარ თავს, სამზარეულოში ზის და უყურებს ქალს, რომელთანაც ახლა მას სწორედ კულტურული სიახლოვე აქვს. ამ სცენაში ორივე გმირი, რომლებიც თავიანთ ძირებს გაურბიან, თურქული ორნამენტებით აჭრელებულ სუფრასთან ბედნიერებას პოულობენ ერთმანეთის სახით, და ალბათ კიდევ იმიტომ, რომ რასაც გაურბოდნენ, სწორედ ის აახლოვებთ ახლა მათ ერთი სუფრის გარშემო.