მზარეულობით რომ ვერ დავიკვეხნი, წინა ნომერში გაგიმხილეთ, თუმცა, ბოლო ხანს „კულინარტობას“ დავეწაფე და, ხელიც გავიწაფე. შემოქმედებითი ხასიათის თითო მარცვალი ყველგან უნდა ჩააგდო – ხალისიანი განწყობის შესაქმნელად. ჩემი მორიგი ჩანახატი ისევ კულინარიის ერთ-ერთ უცნაურ, მაგრამ საინტერესო თემას ეხება: კვება და ხასიათი.
სხვათა შორის, საკვებსა და გუნება-განწყობას შორის ურთიერთდამოკიდებულება უხსოვარი დროიდან ცნობილია. ძველად უთქვამთ, „თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ“. ხუმრობანარევი გამონათქვამია, მაგრამ სიმართლის საკმაზით შეზავებული.
საუკუნეებზე მეტია ჯერათ ადამიანებს, რომ საკვები პროდუქტები მათ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ეს მართლაც ასეა. ჯანსაღი კვებითი რაციონი სიცოცხლის ხანგრძლიობის გარანტს წარმოადგენს. თანამედროვე მედიცინის მამა ჰიპოკრატე ბრძანებს: „დაე, თქვენი საკვები იყოს თქვენივე მკურნალი და თქვენი წამალი იყოს თქვენი კვება“.
არანაკლები კავშირია ხასიათის თვისებებსა და კვების პრინციპებს შორის. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული
ადამიანები აკვირდებიან, თუ როგორ შეუძლიათ საკვებად ვარგის პროდუქტებს ტემპერამენტის შეცვლა.
ბევრ სამედიცინო კულინარულ ჩანაწერშია აღწერილი ხილისა და ბოსტნეულის გავლენა სხეულის საერთო
მდგომარეობაზე. მაგ. ითვლება, რომ კომში და ყველანაირი კენკრა ხასიათს აუმჯობესებს. სალათის ფოთლები
და ვარდკაჭკაჭა – დამამშვიდებლებია, ხოლო ბროწეული და ჭარხალი – ეროტიულობის სტიმულატორები.
თავისთავად, ხასიათიც განაგებს, რომელი საკვები ავირჩიოთ. ამ საოცარ „ურთიერთობაში“ ასაკი და სქესიც
განსხვავებულადაა ჩართული, ასევე სეზონურობა და დღის მონაკვეთები თავისებურ გავლენას ახდენს, როდის
რას ხასიათზე ვართ ამა თუ იმ საჭმლის ასარჩევად. კვლევაც კი ჩატარდა, როგორ რეაგირებს ემოციური განწყობა საკვების მიღებაზე. როცა ადამიანები ბრაზობენ ან მხიარულებენ – უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე შიშისა და მოწყენილობის დროს. სიბრაზის დასაცხრობად ადამიანები მეტ საკვებს ეტანებიან. ასევე მხიარულებისას, ისინი ცდილობენ ჭამით გაიხანგრძლივონ სიამოვნება. სევდამორეულ ადამიანებს ჭამის სურვილი უქვეითდებათ. ზოგადად, დადებით ემოციებს საყვარელი საკვების მიღება აძლერებს, ზოგჯერ მხოლოდ სურნელიც კი საკმარისია გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად.
აი ახლა, წერისას, წარმოვიდგინე ჩემი საყვარელი „ტირამისუ“ და „კაპუჩინო“, დავდექი ჩინებულ ხასიათზე და ეს დადებითი მუხტი მინდა თქვენც გაგიზიაროთ: წინა ნომრის მკითხველებს უკვე გავანდე შოკოლადის მიმართ ჩემი ტრფიალი. აქაც გავიმეორებ – ჩემ ხალისიან განწყობას სწორედ მას ვუმადლი და ისე მიყვარს, რომ შეიძლება ითქვას, „შოკოჰოლიკი“ ვარ. ყავაც განსაკუთრებულად მიყვარს, თუმცა ამ ბოლო ხანს, ორგანიზმი მკარნახობს, იშვიათად მივირთვა ენერგიის მომცემ არომატულ სასმელს. დილით – ჩაის, როგორც სიცოცხლის ელექსირს უფრო „მივეძალე“ და მაინც, გემრიელად მომზადებულ ფინჯან ყავაზე უარს არ ვამბობ.
ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ყავის მაგიური ძალა ტონუსის ასამაღლებად საუცხოოა, მაგრამ როგორც გამოკვლევამ აჩვენა, დიდი რაოდენობით ყავის მიღებისას ორგანიზშმი ჭარბად გროვდება კოფეინი, რის შედეგადაც ადამიანში უარყოფითი ემოციები ჭარბობს – უფრო აგრესიულსა და ნაკლებ თავშეკავებულს ხდის. როგორც ჩანს, ჩემი შინაგანი ხმა კარგად აბალანსებს სიტუაციას და ჩაისა თუ ყავაზე მეტად წყალს „მთხოვს“. ამ საკითხზე სასაუბროდ კი – მომდევნო ნომერს დაელოდეთ!