რას კარგავს ის, ვინც ასე ცხოვრობს:
„მე მგონია, რაც კი ქვეყნად სიბოროტე ხდება, ყველაფერი მშიერ კუჭზე იწყება. მშიერი ადამიანი საშიშია. არ არსებობს ჩაიდონო ბოროტება თუ მშიერი არ ხარ“ – თქვა ნინამ და უზარმაზარი „სენდვიჩის“ ბოლო ლუკმა გადაყლაპა. ჩვენ „ანტრეში“ ვართ, ჭამა და წავიდა. ვცდილობ არ გავუბრაზდე – მივყვები მის ლოგიკას – ახლა ნინა ყველაზე მაძღარი და კეთილი გოგოა დედამიწაზე. ის დროა, სიკეთე აკეთოს – მოხუცი ბებია გადაიყვანოს გზაზე, ორსული გოგონა გაატაროს რიგში, გლახაკებს ფული დაურიგოს, ერთი ლარი გადარიცხოს მონასტრის მშენებლობისვის – რა დროს ჩემთან ჯდომა და ლაყბობაა.
არსებობს „პათოლოგიური შიმშილი“, ისევე, როგორც „პათოლოგიური სიმთვრალე“. მთვრალი კაცების შესახებ ბევრი მითი გვსმენია – შეხედავ, მოდის კაცი, ბუნჩულა, „ბულკი“ ჭიანჭველას რომ არ დაადგამს ფეხს ისეთი – დალევს ორ ჭიქას და აჰა! სერიული მანიაკივით იქცევა! ასევეა „პათოლოგიური შიმშილი.“ არ „იგუგლება“, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს – ნინას ეს ხშირად ემართება. ეძებს საჭმელს ყველგან, ყველაფერში. კი არ საუბრობს – „ღრიალებს“, კი არ იცინის – ცხენივით ჭიხვინებს, მისი სუნთქვა – ქოშინია, პირი გადორბლილი, მიხვრა-მოხვრა – ისტერიული, ნინას შია! შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მშიერი ნინას ამოცნობას ტელეფონითაც ვახერხებ! აი მაშინაც, როცა რეკავს და ტელეფონის ეკრანს NINA ეწერება – რაღაცნაირად ყოველთვის ვხვდები, ეს როგორი NINA არის – მშიერი თუ დანაყრებული.
დილის 11 საათია… მარტო დავრჩი „ანტრეში“, ნინა რომ წავიდა – გითხარით. უნდა დავწერო ერთი სტატია, გავაგზავნო რამდენიმე წერილი და „დავალაიქო“ რამდენიმე ჭკვიანური სტატუსი. თან ვჭამ! ჩემს გვერდით სამი გოგო ჯდება. მიყურებენ და ხითხითებენ – ქვეყანაში, სადაც ტუალეტშიც კი წყვილ-წყვილად დადიან, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთები, ვისაც უკვირთ – თუ რატომ უნდა მოხვიდე მარტო საჭმელად იქ, სადაც შეგიძლია მიხვიდე მეგობართან ერთად.
ამ ირონიას ყურადღებას არ ვაქცევ და გადავდივარ შეტევაზე: ალბათ ეს ის გოგოები არიან, რომლებიც კუპეებში დადიან „თავის გემოზე რომ იყვნენ“. რაში მაინტერესებს მათი აზრი?
ეულად ჭამის პრობლემა არასდროს მქონია. თუ კერძი გემრიელია, სიამოვნებას ვღებულობ მარტოც და 300 კაციან ქორწილშიც. თუმცა, უნდა ვაღიაროთ – ჭორაობა ჭამის პროცესს ძალიან უხდება. თან რომ იღეჭები და თან შენი „ყოფილის“ ახალ შეყვარებულს „სტეიკთან“ ერთად ამუშავებ, ოჰოჰო!
საბჭოთა პერიოდში მარტო არავინ ჭამდა; მეტიც, ოჯახურ სადილებზე ყველა წევრის დასწრება ისეთივე სავალდებულო იყო, როგორც დღეს სამსახურში „ბორდზე“ დასწრება – ყველა წევრისთვის. 6 საათზე ყველა სახლში იყო. ბედნიერი ოჯახი შემოუსხდებოდა ხოლმე დიასახლისის მიერ მომზადებულ კერძს და მდუმარედ ჭამდა. მამა – სუფრის თავში, დედა – მეორე თავში, ბავშვები აქეთ-იქით; ამ სინქრონული პროცესის დროს, როგორც კი ვინმე ხმას ამოიღებდა (და როგორც ყოველთვის, ბავშვებს ენა წინ უსწრებდათ ხოლმე), რომელიმე ოჯახის წევრი აუცილებლად შეახსენებდა ენაგატლეკილ პატარას იმ დროის ყველაზე დებილურ გამოთქმას: „Когда я ем, я глух и нем.“
დედაჩემი ცდილობდა ოჯახში სადილობის ტრადიცია შეენარჩუნებინა მსუბუქ ფორმებში მაინც (ჭამის დროს საუბრის დაშვებით), თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შვილები „ჭკუაში ჩავარდნენ“ და კოლექტიურად რაღაცეების კეთების სისულელეს ჩასწვდენენ (თუნდაც ჭამის), ჩვენი სახლი ჰიტროუს აეროპორტივით უკონტროლო გახდა – ვინ როდის შემოფრინდება, შეჭამს და გაფრინდება – კაცმა არ იცის! დღეს უკვე კოლექტიური ჭამის ტრადიცია სერიალებს შემორჩა. მექსიკურ სერიალებში ყველაზე მნიშვნელოვანი სერიები, რომელშიც ფარდა ეხდება, ვინ ვისი საყვარელია, ვინ ვისგან ყოფილა ორსულად და რომელი მკვდარი ყოფილა სინამდვილეში ცოცხალი – სულ ჭამის დროს არის გადაღებული. ზის ერნანდესების მთელი ოჯახი სუფრასთან და მიირთმევს დონა ლაურას მიერ გაკეთებულ უგემრიელეს „კრემა კატალანას“, რომ უცებ ვიღაცას რაღაც წამოცდება და ირკევა, რომ ის კაცი სუფრის თავში რომ ზის და თავს დიეგოდ ასაღებს – სინამდვილეში ხუან-კარლოს ერნანდესია – ყველას რომ მკვდარი ჰგონია! ამ დროს, იქ ისეთი ამბავი ატყდება ხოლმე, რომ არც ლაურა ახსოვთ და არც მისი გაკეთებული „კრემა კატალანა.“
ჭამას მარტო ინტრიგების ხლართვა და ჭორაობა კი არ უხდება, არამედ მუშაობაც. მაგალითად მე – ამ დროს ტვინი მეხსნება! დიახ, ვაღიარებ კლავიატურაში ჩაცვენილი პურის ნამცეცები სულაც არაა კარგი სანახავი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უფრო პროდუქტიული ვარ! ბოლოსდაბოლოს ნამცეცებს ამოვფერთხავ და შეხვედრაზე გაკრიალებული ლეპტოპით მივალ. ბავშვობაში ბევრად უფრო რთულად იყო საქმე – „კეტჩუპიანი“ საკლასო რვეული რომ მთხლიშა თავში მასწავლებელმა, დაღივით გამყვა რამდენიმე კლასის მანძილზე.
ჩემი მასწავლებელი, გაზრდილი ოჯახში „Когда я ем, я глух и нем“ – ალბათ ჭამის დროს მხოლოდ ჭამდა და ალბათ დღემდე, მისთვის კვება მხოლოდ დანაყრების საშუალებაა. დღეს კი არსებობს გამოთქმა „საქმიანი ლანჩი“, რაც ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ადამიანისთვის ბიზნესის მართვა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც კარგი „სპაგეტის“ დაგემოვნება. და თუ არსებობს საშუალება, ორივე ერთად აკეთო, რატომაც არა? არ ვიცი, არსებობს თუ არა „საქმიან ლანჩებზე“ გადაჭრილი საკითხების სტატისტიკა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ქვეყნის მმართველები თან ილუკმებოდნენ და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისე იღებდნენ. მაგ.
როდესაც ობამამ ერაყში ამერიკის საელჩოს დასაცავად დამატებითი 350 სამხედროს გაგზავნა გადაწყვიტა – ჰოთ-დოგს ჭამდა, სარკოზიმ „ფუა-გრას“ ჭამა დაასრულა თუ არა კარლა ბრუნის ხელი სთხოვა, პიტერ ტილმა ცუკერბერგის კომპანიაში 4 მილიონი ინვესტიცია მას შემდეგ განახორციელა, სანამ გემრიელი პიცით არ დანაყრდა, მეფე ერეკლემ კი გეორგიევსკის ტრაქტატზე ფიქრი ხაშლამის ჭამის დროს დაიწყო.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ქართველმა აღმასრულებელმა დირექტორებმა ჯერ კიდევ ვერ დააფასეს კვების ეფექტი და ის სიკეთეები, რასაც ჭამას მოაქვს მათ თანამშრომლებზე. აბა, სხვა როგორ უნდა ავხსნა ის უსამართლობა, რომ ხანდახან მშიერ მოხელეთ არც ლანჩზე უშვებენ და არც თავიანთი სასადილო აქვთ. ყველაზე მაძღარი თანამშრომლები ერთ-ერთ ქართულ ბანკს ყავდა, აი, სანამ სხვა სახელი გადაერქმეოდა – მოლარე-ოპერატორი თან გემსახურებოდა და თან კვერცხს იწვავდა ტაფაზე. მაშინ კი ბევრს ვქილიკობდით ამაზე, მაგრამ რომ დაუკვირდე – ლამაზ ოფისში მჯდარ მშიერ და გაბოროტებულ ბანკის თანამშრომელს არ ჯობია კარგად მაძღარი ქალი? მერწმუნეთ, ნაკლები შანსია იმისა, რომ მაღალპროცენტიანი სესხი შემოგაძლიოს.
ჰოდა, მორალი ასეთია: მიირთვით, ბატონებო! სადაც შეგიძლიათ და როგორც გინდათ, ისე! ჭამა სიამოვნებაა და კიდევ უფრო დიდი სიამოვნება, თუ თან სხვა სასარგებლო საქმეს აკეთებთ. ქართული ორგანიზაციების მმართველებს კი ერთი რჩევა: „პათოლოგიური შიმშილის“ დროს, როცა საჭმელს ვერ ჭამენ, ადამიანების ჭამაზე გადადიან. ასე რომ, გაუფრთხილდით თქვენი თანამშრომლების კვების რეჟიმს, თუ რა თქმა უნდა, არ გსურთ, რომ ერთხელაც გაავებული ბუღალტერის ლუკმად იქცეთ.