დიეტოლოგის რჩევა

4_issue_culinart99

"კულინArt“-ს ესაუბრა "ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი“-ს ენდოკრინოლოგი – თამარ ზერეკიძე

სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. დაბადებიდან დაწყებული, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე, ჩვენ ვირჩევთ საკვებს, რომელიც ორგანიზმზე სასიკეთოდ ან საზიანოდ მოქმედებს. ყოველდღიური არჩევანის შედეგად მიღებული სიკეთე ან ზიანი უმნიშვნელოა, თუმცა წლების გასვლის შემდეგ მისი შედეგები სერიოზულ სახეს იღებს. კარგი და სწორი საკვების არჩევა დღეს, მომავალში ჯანმრთელობის გარანტია და პირიქით, დაუფიქრებლად და არასწორად არჩეული საკვები იწვევს სხვადსახვა ქრონიკულ დაავადებას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოლოგიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

იმისთვის, რომ ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია საკმარისი რაოდენობით მივიღოთ 6 ძირითადი ნივთიერება: ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ვიტამინები, მინერალები და წყალი. თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი დანიშნულება. აღნიშნული ექვსიდან ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი არის ენერგიის მომცემი. ვიტამინები, მინერალები და წყალი მართალია არ გვაძლევს ენერგიას, თუმცა აქტიურად არიან ჩართული ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და არანაკლები მნიშვნელობა აქვთ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აქედან გამომდინარე დიეტა (სწორი, ჯანმრთელი, ბალანსირებული კვება) უნდა მოიცავდეს ყველა აღნიშნულ ნივთიერებას. თუ რა რაოდენობით და შემადგენლობით იქნება ის კვებაში დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე, მის ჯანმრთელობის სტატუსზე, ფიზიკური დატვირთვის, სამსახურის ტიპის და სხვა მრავალ ფაქტორზე.
უნივერსალური დიეტა არ არსებობს. არც რომელიმე კონკრეტული პროდუქტი არსებობს, რომელიც შეიცავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას ადეკვატური რაოდენობით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვან კვებას. სიმარტივისთვის საკვები დაყოფილია ჯგუფებად: ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, ხორცი ან ხორცის შემცვლელები, ბურღული. უნდა ვეცადოთ დღის რაციონში შევიტანოთ თითოეული ჯგუფიდან ერთი, ორი ან მეტი კომპონენტი. თუმცა გასათვალისწინებელია ზომიერებაც.

4_issue_culinart100

4_issue_culinart101

ჯანმრთელ ადამიანებს ვურჩევ:
– მიირთვით მრავალფეროვანი საკვები
– დააბალანსეთ მიღებული საკვები ფიზიკურ აქტივობასთან. თუ მიღებული კალორია აღემატება გაცემულს წონაში მოიმატებთ, თუ მიღებული ენერგია ნაკლები იქნება გაცემულზე, დაიკლებთ, ხოლო თუ მიღებული ენერგია შეესაბამება გაცემულს, მაშინ წონას შეინარჩუნებთ
– დღის მანძილზე მიირთვით საკმარისი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და ბურღული
– საკვების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ცხიმით, ქოლესტერინით, მარილითა და შაქრით ღარიბ საკვებს
– ალკოჰოლსაც აქვს კალორია, ამიტომ ის ზომიერად მოიხმარეთ
– დალიეთ ბევრი წყალი.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეჟიმულ კვებას. დღის მანძილზე სასურველია მიირთვათ 4-6-ჯერ და მცირე ულუფებით. არ გახვიდეთ სახლიდან საუზმის გარეშე. ვახშამი ეცადეთ იყოს ნაკლებკალორიული და შედგებოდეს უპირატესად დაბალი ცხიმიანობის რძის პროდუქტის ან ბოსტნეულის სალათისგან. ასევე ხორცის, ქათმის და თევზის არჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ნაკლებ ცხიმიანს და კანგაცლილს. ხილი უმჯობესია მიირთვათ დამოუკიდებელ კვებად, რომ უკეთ მოხდეს მასში შემავალი ვიტამინების ათვისება. კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს მინიმუმ 2 საათი, ხოლო ძილამდე უმჯობესია არ მიირთვათ 4 საათით ადრე.
ძნელია, მაგრამ შესაძლებელი დაძაბულ დღის განრიგში დანერგო ჯანსაღი ცხოვრების წესი. საკვებთან მიმართებაში, მავნე ჩვევების კარგით ჩანაცვლება სასურველია ეტაპობრივად დაიწყოთ და რჩევებისთვის სპეციალისტს მიმართოთ.

4_issue_culinart102

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com