Foodtourist

3_issue_culinart123

ანკა ციციშვილი

3_issue_culinart1111_Page_143

McDonalds-ი სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე ხშირად დავდივარ. ჩემი მეგობრები ხშირად მეხუმრებიან – შენ და შენმა მეუღლემ ერთმანეთი იქ გაიცანითო, თუმცა მის გარდა კიდევ ბევრი ადგილია, სადაც ძალიან მსიამოვნებს ყოფნა – არა მხოლოდ გემრიელი კერძების, არამედ სასიამოვნო გარემოს გამოც. განსაკუთრებით ისეთი ადგილები მომწონს, რომელთაც სიძველე და თავისი ისტორია ახლავს, ასევე ინტერიერის პირვანდელი სახე, რომელიც უცვლელია. როდესაც ასეთ ადგილას იმყოფები, გრძნობ ამ სიძველეს და ისტორიას, ეს შეგრძნება კი გემრიელ კერძთან ერთად ერთობლიობაში განსაკუთრებულ განწყობას გიქმნის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი ადგილია, სადაც მისვლა განსაკუთრებით მიყვარს. რადგან მოსკოვში ვცხოვრობ, შემიძლია ბევრი გესაუბროთ იქ არსებული რესტორნების თუ კაფეების შესახებ, თუმცა მრავალფეროვნებისთვის შევეცდები სხვადასხვა ქვეყნის რესტორნებში გაგიწიოთ მეგზურობა.

3_issue_culinart1111_Page_145

პირველი, რის შესახებაც მსურს მოგითხროთ, არის მოსკოვში არსებული რესტორანი COREASS (БОЛЬШАЯ ГРУЗИНСКАЯ 32). პირველად ეს რესტორანი სწორედ ამ ადგილას გაიხსნა, ხოლო შემდეგ გაფართოვდა და ქსელი გახდა. თუმცა, მე განსაკუთრებით ეს ადგილი მხიბლავს. სივრცის სიდიდით არ გამოირჩევა – დაახლოებით ცხრა მაგიდა დგას. თადარიგს დავიჭერ და გაგაფრთხილებთ, რომ აქ მოწევა აკრძალულია, თუმცა კარგი ამინდის შემთხვევაში შეგიძლიათ გარეთ დასხდეთ. ინტერიერი ძალიან სადაა, ღია ფერებით, ხის მაგიდებით და სიმწვანით კომბინირებული, აქ კარგი განწყობის შექმნაში გემრიელი კერძების გარდა ძალიან მეგობრული პერსონალი გეხმარებათ. მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში, ხშირად ვსტუმრობდით აქაურობას, იმდენად სასიამოვნო ატმოსფეროა, რომ დრო შეუმჩნევლად გადიოდა, მომსახურე პერსონალიც კი ჩვენზე ადრე მიდიოდა. თუ COREAASS-ში მოხვდებით, გირჩევთ, „THAI NOODLES“ გასინჯოთ შეზავებული თხილით, ბოსტნეულით და ქათმით. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აქ განსაკუთრებულად გამორჩეული საუზმე აქვთ, უგემრიელესი ბლინები, კრუასანები და სხვა სახის ფუნთუშეული, ასევე შეგიძლიათ დალიოთ გემრიელი ყავა და ლიმონათი. აქ დილის საუზმე ორ ადამიანზე დაახლოებით 100 ევრო დაგიჯდებათ. ფასი მოსკოვის სხვა რესტორნებთან შედარებით საკმაოდ ხელმისაწვდომია და გაცილებით ნაკლებია იმ ემოციასთან და სიამოვნებასთან შედარებით, რასაც აქ სტუმრობის შემდეგ განიცდით.

3_issue_culinart1111_Page_1452

როცა საზღვარგარეთ მივდივარ, ჩემს მეგობრებს ყოველთვის მივმართავ რჩევისთვის, თუ რომელ რესტორანს ვეწვიო. 4 წლის წინ ამსტერდამში ვიყავი, წინასწარ გავიკითხე და მირჩიეს კიდეც, რომ აუცილებლად წავსულიყავი თოსცანინი-ში. ეს ადგილი, პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ ძალიან საინტერესო საზოგადოება იყრის თავს, მომსახურე პერსონალის დამოკიდებულება კი იმდენად დადებითია, რომ პირველი მისვლისთანავე გეგონებათ, რომ უკვე ამ ადგილის დიდი ხნის და, რაც მთავარია, ხშირი სტუმარი ხართ. თუ კონკრეტულად არ გსმენია ამ რესტორნის შესახებ, შემთხვევით ვერ გადააწყდები, რადგან ტურისტულ ზონაში არ იმყოფება და ცოტა შეუმჩნეველ ადგილასაა. ინტერიერი ძალიან სადაა, ერთიანი გაშლილი სივრცე, სამზარეულოც კი ღიაა და შეგიძლია თავისუფლად ადევნო თვალი, როგორ ამზადებენ სხავდასხვა კერძს.
კერძები მართლაც იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, რომ ყველაფრის დაგემოვნება მომინდა. ამიტომ ცოტ-ცოტა შევუკვეთე და ბევრი რამის გასინჯვა მოვახეხრე. აქ ერთნაირად გემრიელია ხორციც და თევზიც, „სტარტერებიც“ და თავი კერძებიც, თუმცა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება „დესერტებმა“ მოახდინა, არ ვიცი, მსოფლიოში სადმე თუ კიდევ არის ასეთი გემრიელი „დესერტი“. ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ამსტერდამში მიემგზავრებია, იქ წასვლას ვურჩევ ხოლმე და ძალიან მახარებს, ისინიც ჩემსავით კმაყოფილები რომ რჩებიან.
როგორც უკვე გითხარით, თოსცანინი-ში განსაკუთრებით საინტერესო საზოგადოება იყრის თავს, რის გამოც ყოველთვის გადატვირთულია. გირჩევთ, საღამოს საათებში მიხვიდეთ და თუ ამსტერდამში გამგზავრებას გეგმავთ, ერთი თვით ადრე მაინც დაჯავშნოთ მაგიდა. რაც შეეხება ფასს, ორ ადამიანზე, თუ ღვინოსაც აიღებთ, დაახლოებით 250 ევრო დაგიჯდებათ.

3_issue_culinart1111_Page_146

3_issue_culinart1111_Page_1462

იტალიური რესტორანი ფლორენციაში. ცოტა ხნის წინ, მე და ბებიაჩემი, მის დაბადების დღესთან დაკავშირებით იტალიას ვესტუმრეთ. შევეცდები, იქაური რესტორნებით მიღებული შთაბეჭდილება „კულინარტის“ მკითველსაც გავუზიარო. თრატტორია დეი 13 Gობბი სწორედ ის ადგილია, სადაც ფლორენციაში ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიხვიდეთ. ტრადიციული იტალიური რესტორანი, იტალიური კერძებით „დაკომპლექტებული“ მენიუ და სრულიად განსხვავებული ინტერიერი, აგურის კედლებით და მასიური ხის მაგიდებით. ფლორენცია პატარა ქალაქია, ამიტომ ეს ადგილი ტურისტებისთვის საკმაოდ ცნობილია, შესაბამისად, მაგიდა აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ. ხორცის მოყვარულთათვის აქ მოხვედრა ნამდვილი დღესასწაულია, რადგან ყველაზე გემრიელად ხორცს სწორედ აქ ამზადებენ. რაც შეეხება ღვინოს, შეუკვეთეთ მხოლოდ სახლის, ვინაიდან აქაურობას სწორედ სახლში დამზადებული უგემრიელესი ღვინო გამოარჩევს. ინტერიერთან, გემრიელ კერძებთან და ღვინოსთან ერთად, განსაკუთრებულ „კომფორტს“ მომსახურე პერსონალიც გიქმნით, თავისი მეგობრული დამოკიდებულებით. მახსოვს, რესტორანი საკმაოდ გადატვირთული იყო, მიმოვიხედე და ყველა მიმტანს ეძებდა, ისინი კი ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდნენ, თუმცა გასაკვირი არ არის… ეს იტალიაა და აქ ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ.

3_issue_culinart1111_Page_1461

ამ ადგილსაც ბებიაჩემთან ერთად ვესტუმრე. მას განსხავებულ ადგილებში სიარული ხიბლავს და სულ ამბობს, რომ თუ სადმე საჭმელად მივდივართ, აუცილებლად ისეთი ადგილი უნდა იყოს, სადაც ისეთ კერძის მირთმევას შევძლებ, რომელსაც სახლში ვერ მოვამზადებ. ვფიქრობდი, რომში ყველა რესტორანში გემრიელი კერძები დაგვხვდებოდა, მაგრამ ვცდებოდი… რამდენიმეს მონახულების შემგომ აღმოვაჩინე, რომ ჯობდა, რჩევა მეკითხა მათთვის, ვინც აქაურ რესტორნებში კარგად ერკვეოდა. ინტერნეტის საშუალებით ჩემი ახლობლებისგან ბევრი კარგი ადგილის შესახებ შევიტყვე. სამწუხაროდ, დრო აღარ მქონდა, რომ ყველა მათგანი მომენახულებინა. Tartufi & friends კი ნამდვილად ის ადგილია, სადაც მთელი სიცხადით შეიგრძნობთ ამ ქვყნის კულინარიის საოცარ გემოებს. რესტორანი რომის ცენტრში მდებარეობს, ესპანეთის მოედანთან ახლოს. ასეთი პატარა სივრცე არსად მინახავს, დაახლოებით 10 კვ. მეტრია, მოსკოვში ან თბილისში მსგავსი პატარა რესტორანი რომ გახსნა, ალბათ საერთოდ არ იმუშავებს. აქ კი ყოველთვის სავსეა მაგიდები, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არის ჩამწკრივებული და ფართის სიმცირის გამო, მაგიდასთან პირისპირაც ვერ დასხდებით.
Tartufi & Friends რომში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანია. აქ ყველა კერძი ტრუფელით მზადდება, „სტარტერებიდან“ დაწყებული თავი კერძებით დამთავრებული. გირჩევთ მიირთვათ „პასტა“ „ტრუფელით“ და „ტარტერი“. „ტარტერს“ კარგად ძალიან ცოტა ადგილას თუ ამზადებენ, აქ კი ამ კერძის ნამდვილ გემოს შეგიძლიათ ეზიაროთ. ერთი კერძის ფასი რესტორანში დაახლ. 35-დან 40 ევრომდე მერყეობს.

3_issue_culinart1111_Page_147

3_issue_culinart1111_Page_1473

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყავის მოყვარულთათვის ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენა იქნება, თელესცოპე-ში თქვენ არა მარტო პარიზში, არამედ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყავის გასინჯვას შეძლებთ. მე, პირადად, ყავის მოყვარული არასოდეს ვყოფილვარ, დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე ყავის სმა და მსგავსი რამ არსად გამისინჯავს. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ყავის ყველანაირი სახეობა. Espresso, Americano, Capuccino და სხვ. მართალია, Telescope-ში ყავის გარდა დესერტებიც არის, თუმცა ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებით გემრიელია. ამ ადგილს მხოლოდ ყავის შეუდარებელი გემოს დასაგემოვნებლად უნდა ესტუმროთ. გარემოც მეტად სასიამოვნოა. მერწმუნეთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

3_issue_culinart1111_Page_1472

ვენაში არაერთი გამორჩეული რესტორანია და თითქმის ყოველ მათგანს თავიანთი სიძველე და ისტორია გამოარჩევს. თქვენ შეგიძლიათ მოხვდეთ ისეთ რესტორანში, რომელსაც მრავალი წლის წინ არაერთი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა: მოცარტი, ბეთხოვენი, კაფკა და სხვ. მე განსაკუთრებით ასეთი ადგილები მხიბლავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ვენის რესტორნები გემრიელი კერძებით ნამდვილად არ გამოირჩევა. შატრაპეზო ქართული რესტორანია ვენაში, რომელიც ქუთაისიდან ჩასულ ორ ქართველ ბიჭს – ხვიჩას და გოჩას ეკუთვნის. თავდაპირველად, მათ პატარა ადგილი აიღეს, სადაც ქაბაბს ამზადებდნენ. ვენაში რთულია, ავსტრიელები ხაჭაპურით და ფხალით დააინტერესო, ამიტომ თავდაპირველად ქაბაბს და პიცას აკეთებდნენ, ხოლო კვირაში ერთხელ ამზადებდნენ ქართულ კერძებს და უფასოდ სთავაზობდნენ. ნიგვზიანი ბადრიჯანი პირველად ბავშობაში გავსინჯე და მას შემდეგ ნაჭამი არ მქონდა, 23 წლის ასაკში კი „სატრაპეზოს“ ნიგვზიანმა ბადრიჯანმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სიტუაციაც სრულიად განსხვავებულია აქ, შეგიძლიათ ნარდიც ითამაშოთ.
შეფ-მზარეული ხვიჩაა და ყველაფერს თავად ამზადებს, თან ისეთ გემრიელს, რომ საქართველოშიც ბევრგან ვერ შეძლებთ მიირთვათ ასეთი გემრიელი ქართული კერძები, როგორიც „სატრაპეზოშია“. ხვიჩას და გოჩას ახლა უკვე საკუთარი რესტორანი აქვთ, რომელიც ავსტრიელებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუ ვენაში დიდი ხნით მოგიწევთ დარჩენა და ქართული კერძები მოგენატრებათ, აუცილებლად ესტუმრეთ „სატრაპეზოს“.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com