ღვთაებრივი კულინარია


4_issue_culinart18       4_issue_culinart19

ადამის დღიური ევას დღიური
ფრაგმენტები…. ფრაგმენტი….

შაბათი: ახალი არსება უზომოდ ბევრს ჭამს. ასე დიდხანს ვეღარ გავატანთ.

პარასკევი: ის ამტკიცებს, რომ აკრძალული ხილის დაგემოვნება მას რაღაც დიდებულისა და მშვენიერის შეცნობის საშუალებას მისცემს.

ოთხშაბათი: ქაოსია… ევამ ვაშლი გასინჯა, მე კი გავიქეცი, მაგრამ ევამ სამალავშიც მომაგნო და ვაშლები მომიტანა. ისეთი მოშიებული ვიყავი, იძულებული გავხდი, შემეჭამა. ახლა კი მივხვდი, კანონებს მხოლოდ მაშინ ემორჩილები, როცა დანაყრებული ხარ….

ოთხშაბათი: ნაკვერჩხალი გავქექე, ჩანავლულ ცეცხლში ვაშლები ვიპოვნე, გაფუჭებული მეგონა, მაგრამ სულმა წამძლია, მაინც შევჭამე და მეტად გემრიელი აღმოჩნდა…

4_issue_culinart20

როგორც მარკ ტვენის, ასევე ჩვენს ცნობიერებაშიც, აკრძალული ხილი ვაშლის ხატადაა ჩარჩენილი: წითელი ან მწვანე, ელვარე, თანაც იდეალურად მრგვალი. თუმცა, დანამდვილებით ვინ იცის, რაში გაიცვალა უკვდავება – ვაშლის, ფორთოხლის თუ ლეღვის ნაყოფში. მიზეზი სამოთხის ვაშლის გასტრონომიულ მიმზიდველობას რომ სცილდება, აშკარაა, მაგრამ როდესაც საქმე რეცეპტებს ეხება, ალეგორიების ძიება შორს წაგვიყვანს. უმჯობესია, ამჯერად ევასა და ადამის ცდუნება მხოლოდ წვნიანი ნაყოფის მადის აღმძვერლობას მივაწეროთ. სამოთხე კი ისე დატოვეს, ვაშლის ხის გვერდით ამოზრდილი უკვდავების ხილი ვეღარ გასინჯეს. ჩინური თქმულება გვიამბობს, თითქოს ამ უკვდავების ხეზე მარადიული სოცოცხლით სავსე ხავერდოვანი ატმები ასხია.
ამ შესაძლებლობამ ადამიანს სურვილი გაუღვივა, ის მოეპოვებინა, რაც აღარ გააჩნდა. ასე დაიწყო ალქიმიკოსთა ოდისეა შეშლილი მსოფლიოს გარშემო უკვდავების წყაროსა და ფილოსოფიური ქვის ძიებაში. ზოგჯერ კითხვებზე პასუხები ბევრად მარტივი აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ ყურადღებით იყავით, საკუთარ მაცივარშიც არ აღმოგაჩნდეთ ღვთაებათა საკვები. ამის გასარკვევად კი, ცოტა რამ უზენაესი სამზარეულოებიდან….
ამბობენ, საბერძნეთში იყო დრო, როდესაც ოლიმპოს ღვთაებანი თავბრუდამხვევ წვეულებებს აწყობდნენ თავიანთ სამფლობელოში, ხოლო მეხთამტყორცნი ზევსი სტუმრებს ჯადოსნური ამბროზიითა და ნექტარით უმასპინძლდებოდა. გრანდიოზული ტრაპეზი წარმოუდგენელი იქნებოდა ბერძნული კაკლის გარეშე, რომლის მოსატანად ღვთაებები ხშირად საკუთარი ფეხით ეშვებოდნენ დედამიწაზე, ხოლო ბახუსის ღვთაება დიონისე ღვინით ათრობდა და ახალისებდა ზეციურ ქმნილებებს. ამბროზია – ღვთაებათა ახალგაზრდობის ელექსირი – წარმოადგენდა ზეითუნის ზეთის ან სხვა ცხიმის მსგავს ღვთაებრივ სითხეს. იგი ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას დაუმზადებია ზეთის ხილისგან, თუმცა, სხვა მხრივ…. როგორ ფიქრობთ, რისი გემო აქვს სიცოცხლეს? ვფიქრობ, ღვეზელი მოგაგონდებათ, მარწყვის ნაყინი, „კაპუჩინო“…. მაგრამ რომ დაუკვირდეთ, ცხოვრება სულ სხვა გემოთი იწყება და ეს არის, რა თქმა უნდა, ,,თეთრი ოქროს წვეთები“, ანუ რძე. სწორედ რძის, ან რძის პროდუქტად წარმოედგინათ ელადაში ამბროზია. რძეს მაცოცხლებელ ელექსირად არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ეგვიპტეში, შუამდინარეთსა და ინდოეთშიც აღიარებდნენ. აზიაში რძის ღვთაებრივ სასმელს ამრიტა ეწოდებოდა. ინდური სწავლებები ღვთაებათა საკვების – გხის – რეცეპტსაც გვანდობენ. გხი დუღილით მიღებული, რძის ნარჩენებისგან (და ლაქტოზისგან) თავისუფალი ნაღების კარაქი იყო, რომლითაც კრიშნას მენახირე მამინაცვალი კვებავდა. არომატისათვის გხის ჟასმინისა და ბროწეულის ფურცლებსაც უმატებდნენ და მიირთმევდნენ, როგორც სიცოცხლისა და ახალგაზრდობის წმინდა საკვებს.

4_issue_culinart21

ოლიმპოზე, ამასობაში, ეროსი უჩუმრად აწობს ნექტარით სავსე კასრებში ისრებს, რათა მრავალი უსიყვარულო გული დაღუპოს. სხვები კი ნეტარებით შეექცევიან ლითონივით ბზინვარე თაფლს. თაფლს ფუტკრები, ალბათ, ჰესპერიდეს ბაღებში აყვავებული ფორთოხლების, როზმარინის, ველური სუმბულების ნექტრისგან ამზადებდნენ და ტყის ნიმფები ულევად ეზიდებოდნენ ქალღმერთებისათვის სანუკვარ სითხეს.
დიდი დრო გავიდა, სანამ ახალი მიწა ანტიკურ კულინარიას ახალი რეცეპტებით გაამდიდრებდა.
გაიღვიძე, კოლუმბ! – რადგან გროტ-ანძიდან ნაპირი შენიშნეს და შენ კი ინდური მიხაკების, ვანილის ჩხირებისა და შაფრანის კონების დევნაში მარადიული სიცოცხლე იპოვნე. ევროპელთაგან ხომ კოლუბი იყო პირველი, რომელმაც ოლმეკების ღვთაებათა სასმელი იგემა, მაგრამ საზღვაო წიგნაკში ძალიან მოკრძალებული ეპითეტებით შეამკო შოკოლადი: ცხარე, ოდნავ მათრობელა რამ, თან ყელს წვავს. სიმართლეა, ვერაფერს იტყვი, რადგან კაკაოს ღვთაება მხოლოდ ამგვარად დამზადებულ შოკოლადს მიირთმევდა. ინდიელი ქურუმები კაკაოს მარცვლებსა და ნაყოფის რბილობს ხარშავდნენ და ცხარე სანელებლებით შეზავებულ სასმელს აყენებდნენ. ლუდივით ქაფმოკიდებული შოკოლადი და კაკაოს მარცვლები ყველაზე მყარ ვალუტას წარმოადგენდა. მაიას ცივილიზაციას საღვთო სასმელის სხვაგვარი, გასაიდუმლოებული რეცეპტი ჰქონდა და მისი გასინჯვა უბრალო მოკვდავებს სასტიკად ეკრძალებოდათ. ასეთი იყო სიცოცხლის ელექსირი, შოკოლადი, სანამ ამერიკის მიწებს კონკისტადორთა ხომალდები მიადგებოდა.

4_issue_culinart22
ატამი, ფორთოხალი, რძე და შოკოლადი, თაფლი, ნაღები, პური და ღვინო – უზენაესი კულინარია უფრო მრავალფეროვანიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სანსკრიტულ ხელნაწერებში კიდევ მოიხსენებენ ისეთ სასმელს, როგორიცაა სომა ანუ ჰაომა, რომელიც გაურკვეველი მცენარეული წარმოშობისაა. გამიკვირდა, როდესაც რამდენიმე ადამიანის თავგანწირულ ნაშრომს წავაწყდი ამ იდუმალი მცენარის წარმომავლობის შესახებ. მათი მტკიცებით, იგი განსაკუთრებული ჯიშის სოკო უნდა იყოს. რატომღაც მეგონა, დღეს უკვდავებას აღარავინ დაეძებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ასოციაციები ღვთაებრივ საკვებზე ინდივიდუალურია. ჩემთვის, მაგალითად, იმის ცოდნაც საკმარისი იქნებოდა, რომ სამოთხეში ლიმონის ორცხობილებსა და ალუბლის დესერტს მივიღებ ან პატარა პრინცის მოსაძებნად გავეშურები B-12 ასტერიოდზე, რომ საბოლოოდ გავიგო, საუზმედ რას იცხელებს დილაობით ვულკანზე. რაც წარმავლია, ის ხომ მეტად ფასობს, როგორც ახლადმოხალული ყავის მარცვლები, რომლის სითბო და არომატი სადაცაა განიავდება. ამიტომ უნდა იჩქარო, წამი დაიჭირო. მომენტით ტკბობის ხელოვნების ფლობა – ეს დიდებული ნიჭია, ლაოძიც ამას ამბობს: `უკვდავება საერთოდ არ მაინტერესებს, მე მხოლოდ კარგი ჩაის გემო მაღელვებს“.
ყოველთვის მიკვირდა, სად იყო მეათე, კულინარიის მუზა, რომელიც დიონისეს არასოდეს ჰყოლია და ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გვირჩევენ, პასუხი საკუთარ თავში ვეძიოთ.

4_issue_culinart23

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com