დადგა შემოდგომა და მკითხველებიც არდადეგებიდან ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულ ცხოვრებას. შევეცდები, შემოდგომის ამ ნომერში „კულინAღთ“-ის მკითხველებს გემრიელი კერძები შევთავაზო. შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც სადილის, ასევე ვახშმის სუფრისთვის. ამჯერად გთავაზობთ შემდეგს:
რეცეპტები
„სტარტერი“ მწვანე სალათი ძირითადი კერძი ნიორი „ცუკინით“ დესერტი ლიმონის „ტარტი“
რაც შეხება „სტარტერს“ – ეს არის მშვენიერი მსუბუქი სალათა, რომელიც ძალიან მიყვარს. მისი შემადგენელი სურსათი – ავოკადო, სალათის ფოთოლი, ორაგული, ლიმონი – თავისთავად ერთმანეთს იმდენად უხდება, რომ ზედმეტი არაფერია საჭირო და არც რაიმე რთული „დრესინგის“ მომზადება არის აუცილებელი. საკმარისია, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ცოტა მდოგვი და ძალიან სასიამოვნო, ჰაეროვანი და ჯანმრთელი სალათა გექნებათ. ამ ტიპის სალათების არაერთი სახეობა არსებობს. მის გარკვეულ ვერსიებში მწვანე ვაშლს ამატებენ, მე საერთოდ არ ვარ სალათებში ვაშლის მოხმარების მოყვარული. ეს პროდუქტები იმდენად უხდება ერთმანეთს, რომ აღარ ჭირდება რამის დამატება. სალათს ასევე ძალიან უხდება გახუხული პურის ტოსტები.
მე, როგორც იტალიის და იტალიური სამზარეულოს განსაკუთრებული მოყვარული, ძირითად კერძად შემოგთავაზებთ – „ცუკინის“ „ნიოკს“. ეს კერძი არასდროს გამისინჯავს, სანამ სატელევიზიო გადაცემის ყურებისას თუ ვებ გვერდების თვალიერებისას (ზუსტად არ მახსოვს) შემთხვევით არ აღმოვაჩინე ვიდეო ჩანაწერი, სადაც იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ქალი თავად ამზადებდა კერძს და თეფშებზე აწყობდა. ძალიან მომეწონა, მაშინვე თავადაც ვცადე. ჩვენთან გარკვეული პროდუქტი არის გაყიდვაში, თუმცა ზოგიერთს ჩვენს ქალაქში უბრალოდ თვალს ვერ მოკრავ. ასეთ შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მსგავსი სურსათი, რაც გვაქვს. მაგალითად, „რიკოტა“ თავისუფლად იცვლება ნადუღით. თუ არ გვაქვს „ცუკინი“, გვაქვს ყაბაყი, რომელიც ასევე ძალიან გემრიელია. დავუმატებთ პიტნის, ნაღების და თეთრი ღვინის საწებელს. ამ ნაზავს საოცარი არომატისკენ მივყავართ, ძალიან გემრიელია და მარტივი მოსამზადებელი. შეგვიძლია საკმაოდ სწრაფად მოვამზადოთ და ბევრ სტუმარს ვუმასპინძლოთ. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მსუბუქი კერძია, რადგან მის შემადგენლობაში ფქვილი და ნადუღიც შედის. „ნიოკის“ მომზადების არაერთი ვერსია არსებობს: ეს არის კარტოფილის და ფქვილის მასა, თუ გახსოვთ, კადრი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმიდან „ნათლიმამა“, სადაც სოფია კოპოლა ენდი გარსიას ასწავლის, თუ როგორ მოამზადოს ნამდვილი „ნიოკები“. ასევე არსებობს გოგრის, სოკოს, „ცუკინის“ „ნიოკი“. ძალიან მიყვარს „ცუკინი“, ეს კერძი რესტორან “The Dining Room”-ის მენიუში უკვე არის, სალათა კი სექტემბრიდან დაემატება. მომწონს, რომ კერძის შიგთავსში არის ლიმონის „ცედრა“, პიტნა, ნადუღი, „ცუკინი“, ცოტა ფქვილი, კვერცხი, ვუმატებთ ღვინოს, კვლავ ცოტა პიტნას, ნაღებს და მივირთმევთ კარგ თეთრ ღვინოსთან ერთად.
არ ვარ დიდად ტკბილის მოყვარული, მაგრამ „ტარტები“ ნამდვილად მიყვარს, ვაშლის, ალუბლის, ლიმონის კი – განსაკუთრებით. რადგან ძირითადი კერძი არც ისე მუბუქია, გადავწყვიტე, „დესერტად“ არაჩვეულებრივი ლიმონის ტარტის მომზადება შემოგთავაზოთ, რომელიც თავისი შიგთავსით და მჟავე გემოთი ანეიტრალებს ძირითადი კერძის სიმძიმეს. თუ შეიძლება, რომ დესერტი იყოს მსუბუქი, ასეთი ნამდვილად არის ლიმონის „ტარტი“.
მწვანე სალათი
* 300 გრ. სალათის ფოთოლი „აისბერგი“
* 1 ც. ავოკადო
* 25 გრ. ხაჭოსმაგვარი ყველი
* ½ წითელი ხახვი
* 25 გრ. „კაპერსი“
* 250 გრ. შებოლილი ორაგული
მარილი, შაქარი გემოვნებით
საწებელი:
* 1 ჩ.კ. მაიონეზი
* 1 ჩ.კ. მდოგვი
* ½ ჩ.კ. თაფლი
* 25 გრ. ზეითუნის ზეთი
* 1 ც. ლიმონი
ნიოკი ცუკინით
* დიდი „ცუკინი“
* 300 გრ. ნადუღი
* 50 გრ. „პარმეზანი“
* 100 გრ. „მოცარელა“
* 1 ც. ლიმონის „ცედრა“
* 1 ც. კვერცხის გული
პიტნა, მარილი, შავი პილპილი
სოუსი:
* 50 გრ. თეთრი ღვინო
* ნახევარი კონა პიტნა
* 50 გრ. ნაღები
მომზადების წესი:
გავხეხოთ 2 ც. დიდი ცუკინი (4 ჩ.ჭ.). დავამატოთ ნადუღი – 1 ½, 100 გრ. „პარმეზანი“ და 100 გრ. მოცარელა.
1 ლიმონის „ცედრა“, მარილი, შავი პილპილი, 1 ც. კვერცხის გული, დაჭრილი პიტნა და 300 გრ. ფქვილი ავურიოთ და მოვზილოთ. მოზელილ ცომს ვყოფთ რამდენიმე ნაწილად, გრძივად ვამრგვალებთ და ვჭრით კუბებად.
სოუსი: თეთრი ღვინო წამოვადუღოთ, დავუმატოთ ნაღები და წინასწარ ათქვეფილი ზეითუნის ზეთი, პიტნა და მარილი. მოხარშული „ნიოკი“ ავურიოთ სოუსში, დავაწყოთ თეფშებზე და მოვაყაროთ „პარმეზანი“.
ლიმონის „ტარტი“
ცომი:
* 125 გრ. კარაქი
* 250 გრ. ფქვილი
* 70 გრ. შაქარი
* 1 ც. კვერცხი
* ვანილი, მარილი
შიგთავსი:
* 2 ც. ლიმონის წვენი თავისი „ცედრით“
* 150 გრ. ნაღები
* 5 ც. კვერცხი
* 150 გრ. შაქარი
* ვანილი
მომზადების წესი:
125გრ. დარბილებული კარაქი და 250 გრ. ფქვილი ავურიოთ, დავუმატოთ 70 გრ. შაქარი, ვანილი და 1 ც. კვერცხი. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ ფორმაში და ვაცხოთ 15 წუთი. გაბრტყელებულ მასას დავადოთ სიმძიმე (ლობიო).
ავურიოთ ერთმანეთში 150გრ. შაქარი და 5ც. კვერცხი. დავუმატოთ 150 გრ. ნაღები, 2ც. ლიმონის წვენი თავისი „ცედრით“, ვანილი და ჩავასხათ გამომცხვარ ფორმაში. თავდაპირველად 20 წუთის მანძილზე ვაცხოთ ღუმელში 150 გრადუსზე, შემდეგ კი _ 10 წუთის მანძილზე – 200 გრადუსზე.