ვახო ბაბუნაშვილის ბლოგი

„დადგა მაძღარი შემოდგომა“
შემოდგომა – შემოდგა – შედგა – მომწიფდა – მზადაა.
2014 წლის შემოდგომაც დადგაო!
შემოდგომა დიდი დროა!
ნამუშევარის, ნაფიქრალის, შრომის ნაყოფის მოგროვების დროა.

წლის ეს ფერადი პერიოდი კულინარიის კალეიდოსკოპითაც გამოირჩევა. ისე, ეს „ც“ რა მოსატანი იყო? ჩემთვის შემოდგომა კულინარიის აკვანია. და აი, რატომ ვფიქრობ ასე:
კარგი შემოდგომა, პირველ რიგში, კარგ, უხვ მოსავალს ნიშნავს. ლოცვებით და მსხვერპლშეწირვით განებივრებული ღმერთები მოლბებოდნენ და ადამიანებს „კარგ“ შემოდგომას გამოუგზავნიდნენ. სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტების მოგორვება და ზამთრისთვის მზადება ხომ ზაფხულში და შემოდგომაზე ხდება.
მაგრამ ღმერთები ბოლომდე კეთილები არასდროს ყოფილან და არც ერთ მათაგანს ადამიანისთვის არ აუხსნია, სად წაიღოს ამდენი მოსავალი, ან როგორ მოახერხოს და შეინახოს ეს მოსავალი. რა უნდა უყო, როგორ შეინახავ ამდენ სასარგებლო და ენერგიით სავსე, მაგრამ მალეფუჭებად უამრავ პროდუქტს, რომელიც ზამთრის ცივ და სუსხიან პერიოდში ნამდივილი საგანძურია, წარმატების და ზოგჯერ გადარჩენის აუცილებელი პირობაც კი?
მაგრამ ადამიანი ხომ ყოველთვის ცდილობდა ღვთაებათა მოტყუებას, მათთან გათანაბრებას, ხოდა იფიქრა, იწვალა და აღმოაჩინა.
სწორედ ამით გამოირჩევა სხვა ცოცხალი არსებებისგან ადამიანი, მის გარდა არავის უნდა ღმერთთან დაახლოება, არც ერთ სხვა ცხოველს არ აქვს პრეტენზია ღმერთის ტახტზე.
– ღმერთს გავუთანასწორდები და უკვდავს გავხდი პროდუქტსო, ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდით მაინცო – გაიფიქრა და ამის განსახორციელებლად ყველაზე ძლიერი იარაღი გამოიყენა. ეს იარაღი იყო ტვინი და მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია – „კრეატივი“!
ყურადღებით, ეს კულინარიის, გასტრონომიის დასაწყისია!
ფანტაზიით, დაკვირვებით, ანალიზით და კრიტიკით ჰომოსაპიენსმა მოიფიქრა: მოდი ისე გავაკეთებ, რომ თან შევინახო და თან ზამთარშიც შევჭამო კიდეცო.
„პრეზერვაცია“ – შენახვა.
შემოდგომა დიდი დროა!
ფიქრის, მოფიქრების და აზრის დროა.
როგორც ვთქვი, „პრეზერვაცია“ არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც ადამიანმა

მოიგონა იმისთვის რომ, უამრავი პროდუქტი არ დაკარგულიყო და ადამიანს შეძლებოდა ხშირად მძიმე და უნაყოფო ზამთრის ღირსეულად გადაგორება. ამაზე რომ ვფიქრობდი, მივხვდი რომ უმრავლესობა პროდუქტებისა, რომელებიც ტრადიციულად ჩვენს გარშემოა, პირველადი პროდუქტის და ენერგიის შესანახად შეიქმნა, მაგალითად:
რძე – ძნელად შესანახი პროდუქტია, მაგრამ ძალიან სასარგებლო და ბევრი ენერგიის შემცვლელი, ამიტომ ადამიანმა მოიგონა ამ ენერგიის შენახვის მეთოდი და გამოიგონა, მაგალითად… ყველი.

4_issue_culinart1111_Page_035


ეს ყველაფერი შენახვის მიზნით მოიგონა ადამიანმა და ამ მოფიქრების პროცესი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში. ეს პერიოდი ვფიქრობ კაცობრიობის დიდი აღმოჩენების სიაში უნდა მოხვდეს, როგორც მაგალითად, ცეცხლის ან ბორბლის აღმოჩენა და ა.შ.
რძის აჭრით, დაყველებით, შებოლვით, მოხარშვით, გამოშრობით, დამარილებით ადამიანი სწავლობდა ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს, აკვირდებოდა მათ და მეცნიერებების განვითარებასაც უყრიდა საფუძველს …
შემოდგომა დიდი დროა! ამ დროს ეყრება საძირკველი გაზაფხულის „ახალ სიცოცხლეს“.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შემოდგომა კულინარიის აკვანია, სწორედ ამ დროს იქმნებოდა ძირითადი პროდუქტები, ეს დრო გახდა კრეატივისთვის კარგი პერიოდი და შენახვის სურვილმა კი ადამიანს აღმოაჩენინა ალბათ უმთავრესი კულინარიული მეთოდები.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში რაჭაში ერთ კარგ ოჯახში ვსტუმრობდით. კეთილი და სტუმართმასპინძელი ხალხი იყო, საინტერესო მოსაუბრე ცოლ-ქმარი. ძალიან კარგი ადგილია, თუ ონში ან ამბროლაურში გაქვს საქმე. მხატვრების ოჯახია და სახლსაც „მხატვრის სახლი“ ქვია. საუკუნეზე მეტი ხნის სახლის ეზოში მეორე სახლი დგას, ისიც ხისგანაა. უამრავი არქეოლოგიური თუ გეოლოგიური ექსოპნატი აქვთ, ყოველი მათგანი ადგილობრივია და ყველას თავის ამბავი აქვს, ბევრი ნახატი კიდია კედლებზე … მოკლედ საინტერესო გარემოა, მაგრამ იმან, რაც მე კულინარიის თვალსაზრისით ვნახე, ყველაფერზე მეტად გამაოცა.
როცა ჩავედით, უკვე ბნელოდა, დაღლილები ვიყავით და გვეძინებოდა. სამჯერადი კვებითო – გვითხრეს. ვიფიქრეთ კარგია, ჩვეულებრივად რაღაცა გვექნება – საუზმეზე ჩაი, პური, კარაქი, სადილიც არის და ვახშამიც და აბა რა გინდა მეტიო. ოთახები პატარა, მაგრამ მყუდრო და არაჩვეულებრივი სუფთა, ცოტა მსუსხავი ჰაერი, აი ეს იყო და ეს.
დილით, როცა მზემ და სინათლემ მოცულობები და ფერები გააჩინა, ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდა. ფანჯარა, რომელიც ღამით უძირო შავი სივრცის ჩარჩო იყო მხოლოდ, დღეს უბრალოდ ენით აღუწერელი მთიანი პეიზაჟის ნაწილი გახდა, დაბურული ფიჭვნარით და ფოთლოვანი ტყეებით. ჰაერი ისევ ძალიან სუფთა იყო, ოდნავ გამთბარი მზისგან.
ჩვენც ისევე, როგორც ტრილიონობით სხვა ცოცხალი არსება გაღვიძებისთანავე ინსტინქტურად საჭმლისკენ მივლასლასებთ, ხოდა – საუზმეო და აი, აქ მოხდა ყველაფერი:

პირველ სართულზე, აგურისბუხრიან ოთახში საუზმით გაწყობილი დაბალი ხის ტაბლა იდგა.
საუზმეზე დაგვხვდა – ახალი ხაჭო, უბრალოდ მშრალი და უცხიმო ხაჭო კი არა – ნაზი, ჰაეროვანი, ღრაჭუნა ხაჭო იყო. ნაღების არომატით არაჟანი, თხილიანი სქელი თაფლი, საზამთროს ქერქის ქარვისფერი მურაბა, ცოცხლად გახეხილი ფეიხოა და ხაჭოზე ზემოდან ანაზდად მოყრილი დაფშხვნილი ხალვა.
ცალ-ცალკე თეფშებზე თბილი, ნაზი გოგრის ფაფა, გამჭვირვალე მზიანი თაფლით. გინდა ცოტა არაჟანიც გაუკეთე და პიკანტურ ოდნავ მწიწკნავ გემოს მისცემს. ღმერთო, დიდებულო!
ახალგამომცხვარ პურზე, 2-3-ნაირ ყველზე და ნამდვილ კარაქზე, ნიგვზიან კექსზე, ჩაიზე და თურქულ ყავაზე ხომ აღარაფერს ვამბობ …
ოთახში ფანჯარასთან პატარა მაგიდაზე შემოდგომის ხილის გობი იდგა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, ბროწეული, კარალიოკი თუ ხურმა, კომში, ყურძენი ერთად ელაგა ისე, თითქოს მხატვარმა საათობით ფიქრის შემდეგ დააწყოო ასე საგანგებოდ.
იქვე ღვინით მუდამ სავსე ქართული დოქი და თხილიან-ნიგვზიანი ნაირ-ნაირი ფერის ჩურჩხელები ელაგა…
და წარმოიდგინე, ეს მხოლოდ საუზმე იყო, შემოდგომის საუზმე. ჯანმრთელი, ნატურალური, მზის ენერგიით გაჯერებული, დამუხტული, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი საკვები.

4_issue_culinart31
ხოდა, ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი შემოდგომის რეცეპტი იქნება ზოგადი:
გამოიყენე მხოლოდ სეზონური, შემოდგომის პროდუქტები, ეცადე გააკეთო სუპ-პიურეების ვერსიები, ამისთვის უამრავი პროდუქტია შემოდგომაზე. მოამზადე მურაბები, ჯემები, ბოსტნეულის კონსერვები და კომპოტები. მოხარშე, მოთუშე, შებოლე. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ცნობილი და არსებული რეცეპტებით გაკეთება, ფანტაზია ჩართე, გამოიყენე რაც შეიძლება მეტი განსხვავებული პროდუქტი, ექსპერიმენტები ატარე, შემოდგომაა. მთავარია, დაკონსევრების წესები ზედმიწევნით დაიცვა, იმისთვის, რომ ოკუპანტი ბაქტერიები არ შეიპარონ შენს ნამუშევარში.
თუ ნატურალურ პროდუქტებს იყენებ და ელემენტარულ წესებს დაიცავ, მიიღებ ჯანსაღ საკვებს, ასეთი საკვებით და კვების რეჟიმით ჯანსაღად გადატარებული ზამთარი მხოლოდ გააკაჟებს ახალ სიცოცხლეს. ენერგიით, ვიტამინებით, მინერალებით და გემოებით სავსე ზამთარი გაზაფხულზე ახალი სიცოცხილს დახვედრის კარგი სტიმულია.
მოკლედ, მაძღარ შემოდგომას,

ენერგიულ ზამთარს,

თავქარიან, ხასხასა გაზაფხულს

და მშვიდ, მშვიდობიან, დასვენებულ ზაფხულს

გისურვებ!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com