გემოთა თამაშები
წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, სერიალები არ მიყვარს, ჰა და ჰა – შერლოკ ჰოლმსი, ისიც თუ ხასიათზე ვარ. უი, მართლა, ბავშვობაში მიყვარდა ერთი სერიალი, ცოტა შერეკილ, „მედიუმ“ ქალზე იყო, მკვდრები რომ ეცხადებიან და არის ერთი მხიარულება, ჰოდა, ესაა და ეს.
ასევე არ ვგიჟდები ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე, არ ვიპრანჭები და არ ვცდილობ ძალით ისეთი ვიყო აი, ვითომ ინტელექტუალი, მაგრამ არ მიყვარს ლიტერატურული ეკრანიზაციები და მომკალით.
ყველაფერი შემიძლია დავიჯერო, მათ შორის ისიც, რომ მართლა ისე კარგად გამოვიყურები, როგორც ტაქსის მძღოლი მეუბნება (იმისთვის, რომ გულმომლბალმა ხურდა არ გამოვართვა) ან კიდევ შემთხვევითი ნაცნობი, რომელიც ზრდილობიანად მომიკითხავს, მართლა დაინტერესებულია ჩემი ამბით. თუმცა იმის, რომ ლიტერატურული ეკრანიზაცია ოდნავ მაინც შეიძლება მიუახლოვდეს ნაწარმოებს, არ მჯერა. ვეთანხმები გრიშა კეჟერაძეს, კინო დაფინანსებული კონკურენტია და მეტი არაფერი.
ჰოდა, შორიდან კი მოვუარე, მაგრამ ერთ ვირუსზე მინდა გიამბოთ, რომლითაც მთელი ჩემი სამეგობრო დასნეულდა.
პირველად ეს ავადმყოფობა სალომეს შეეყარა, აი წარმოიდგინეთ, ჭკვიანი, საქმიანი, პოეტი და მთარგმნელი გოგო, თანაც ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დიდი გატაცებით რომ გიყვება სერიალს. მერე სალომეს ბედი სხვებმაც გაიზიარეს, გოგოებმა, ბიჭებმა, უფროსებმა, უმცროსებმა და ბოლოს, „ლეპტოპთან“ მჯდარი ჩემი ქმარიც რომ ვიპოვნე ამ სერიალს მიჩერებული. მაშინ ვიფიქრე, რომ ანტივირუსის ყველაზე კარგი საშუალება „ინფორმირებულობაა“, უნდა იცოდე რა გჭირს, რომ ავადმყოფობამ არ დაგამარცხოს.
მოკლედ, გადმოვწერე Gამე Oფ თჰრონეს, ჩავუჯექი, ერთ სერიას გავუძელი, მეორეს, მესამემდეც მივათრიე ჩემი დაღლილი ცნობისმოყვარეობა და მივხვდი, არაა, ეს საჩემო ფილმი, არაა და მორჩა. ჰოდა, ჯორჯ მარტინი და მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ეპიკური „ფენტეზი“ აღარც გამხსენებია, როდესაც ერთ დღეს, სალომეს წიგნის თაროზე პრიალაყდიანი კულინარიული წიგნი აღმოვაჩინე.
უკვე ვახსენე, რომ კულინარიული წიგნები ჩემი სუსტი წერტილია, არა? განსაკუთრებით მიყვარს ლიტერატურული კულინარია: მხატვრულ ტექსტებში გამოსახვის სხვადასხვა საშუალებებთან, სიუჟეტისა თუ პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტთან ერთად აუცილებლად მამახსოვრდება საკვები, რომელსაცნაწარმოების გმირები მიირთმევენ. ამიტომაც, სალომეს წიგნი ვეთხოვე და დიდი ამბით შინ წამოვიღე საკმაოდ ამბიციური კულინარიული გეგმებისთვის. წიგნს „A Feast of Ice and Fire " ერქვა და სერიალის ოფიციალურ კულინარიულ წიგნს წარმოადგენდა. ფერადი, მდიდრულად დასურათებული წიგნი, ჯორჯ მარტინის ორმა თაყვანისმცემელმა _ ჩელსი მონრო-კასელმა და სარიენ ლერერმა დაწერა. თავდაპირველად მათ „ბლოგი“ შექმნეს, სადაც მარტინის სერიალის მიხედვით კერძების მომზადებას დაწვრილებით აღწერდნენ, ბოლოს კი ეს წიგნიც გამოსცეს, რომელშიც 100-მდე რეცეპტია მოთავსებული თავისი ლიტერატურული ეპიზოდებით. წიგნს ჯორჯ მარტინის წინასიტყვაობა უძღვის.
მოკლედ, მოვედი სახლში, წიგნი გადავშალე და ზაზას დავუმესიჯე: „შინ ადრე დაბრუნდი, შუასაუკუნეების ვახშამი გვექნება“. და ვინაიდან მიჩვეულია, რომ მისი ცოლი კულინარიულ ამბებში სულ ცოტათი აფრენს, პასუხად მომწერა: „მთავარია, უმი ხორცი არ მაჭამო“ – ეს იყო და ეს. ავარჩიე რამდენიმე რეცეპტი, ჩამოვწერე საყიდლების სია, სავაჭროდ გავეშურე და სურსათმომარაგებული მზადებას შევუდექი.
1. პრასის სუპი
პრასს ცხელ კერძებში მეტად კარგად ვიყენებ. რაც უფრო მსხვილია პრასის ღერო, მით უფრო გემრიელია მისგან მომზადებული „რაგუ“ „ფეტათი“ ან თეთრი ლობიოთი.
მასალად დამჭირდა:
* 2 ჩ. ჭ. წინასწარ მომზადებული ქათმის ნახარში,
* 1 მწიკვი შაფრანი
* შეკვრა კარგად გარეცხილი და გამშრალი პრასი
* ½ ჭ. წვრილად დაჭრილი სოკო (მე მარინადი გამოვიყენე)
* ¼ ჩ. კ. გახეხილი კოჭა
* ¼ ჩ. კ. შავი პილპილი
* მარილი
* ერთი მწიკვი დარიჩინი.
ქვაბში ადუღებამდე მივიყვანე ნახარში, ჩავყარე პრასი, სოკო, სანელებლები, მარილი, დავახურე თავზე და 3-4 წუთი ვადუღე, ბოსტნეული რომ მომზადდა, გამოვრთე.
P.S. რეცეპტში არ ეწერა, მაგრამ სულ ცოტა კამა და ნედლი პიტნა ჩავუმატე, ბოლოს კი, თეფშზე დასხმულ წვნიანში ჰოლანდიური ყველის რამდენიმე ნამცეციც ჩავაცურე. გემრიელი, ყუათიანი და ხასხასა კერძი გამოვიდა.
2.ქათამი თაფლით და გამხმარი ხილით
მასალა:
* ერთი საშუალო ზომის ქათამი
* 2 ჩაის სუფრის კოვზი კარაქი
* მარილი
* ½ ჭ. ვაშლის ძმარი
(რეცეპტში ერთი ჭიქა ეწერა სავარაუდოდ უფრო ტკბილი, სიდრიდან ძმრობამდე გარდამავალი სითხე იგულისხმება, ჩავთვალე რომ ერთი ჭიქა ძმარი ზედმეტი იქნებოდა)
* 2/3 ??? თაფლი
* 1 ჩ. კ. ხმელი დაფქვილი პიტნა
* ½ ჭ. გამხმარი ხილი _ ალუბალი, ქიშმიში, კენკრა…
ქათამს კანზე კარგად შევაზილე კარაქი, მოვაყარე მარილი, შევწვი მთლიანად, შემდეგ პატარა ჯამში ავურიე ყველა დანარჩენი სურსათი, დავდგი დაახლ. 20 წთ., სანამ ძმრითა და თაფლით გაიჟღინთებოდა გამხმარი ხილი. შემდეგ დავჭერი შებრაწული ქათამი, დავდე ღრმა თეფშზე, მოვასხი გამხმარი ხილისა და თაფლის საწებელი. ქათამთან ერთად მივიტანე „გრილზე“ შემწვარი, სანელებლებით შეზავებული დაჭრილი სტაფილო.
3.დესერტი
ქათამს კანზე კარგად შევაზილე კარაქი, მოვაყარე მარილი, შევწვი მთლიანად, შემდეგ პატარა ჯამში ავურიე ყველა დანარჩენი სურსათი, დავდგი დაახლ. 20 წთ., სანამ ძმრითა და თაფლით გაიჟღინთებოდა გამხმარი ხილი. შემდეგ დავჭერი შებრაწული ქათამი, დავდე ღრმა თეფშზე, მოვასხი გამხმარი ხილისა და თაფლის საწებელი. ქათამთან ერთად მივიტანე „გრილზე“ შემწვარი, სანელებლებით შეზავებული დაჭრილი სტაფილო.
„დესერტად“ ღუმელში შევბრაწე ვაშლი, თაფლით, ნიგვზითა და კოწახურით, ბლომად კარაქით და ცოტა დარიჩინით. მოვამზადე ლიმონათი _ გაწურული ლიმონის წვენი, თაფლი, წყალი და სულ ცოტა ვანილი, ხოლო ბოლოს, ცხელი ღვინოც დავაგემოვნეთ, სწორედ ამ კულინარიული წიგნის რეცეპტის მიხედვით. თეთრი და ვარდისფერი ღვინო, თაფლითა და ლაიმის წვენით, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჩვენი ვახშამი „ფენტეზისა“ და შუასაუკუნეების არომატით.
P.S.ჯორჯ მარტინს „სამეფო კარის თამაშების“ ყველა წიგნი ჯერ არ დაუწერიაო _ სიხარულით და ინტერესით ამბობენ მისი თაყვანისმცემლები. ჩემთვის კი სულ ერთია, როგორ განვითარდება მოვლენები წიგნში, მთავარია, ავტორმა გმირები გემრიელად და საინტერესოდ დააპუროს.