FOOD ასოციაცია

4_issue_culinart35

დუდანა მაზმანიშვილი

ყველაზე მეტად მაინც ქართული სამზარეულო მიყვარს, თუმცა არა სტერეოტიპულად ჩამოყალიბებული, მძიმე და პრიმიტიული, არამედ – ჩემი ქართული სამზარეულო რადიკალურად განსხვავდება ღრეობისაგან, ხელოვნური პათოსისა და სხვა ყოველგვარი ზედმეტობისაგან. ასე მაგალითად, მიყვარს ბჟიტი ისრიმ-მაყვალში, მწყერი შინდის ჩურჩით, საცივი ბროწეულის წვენში. ერი, რომელსაც ღვინის კულტურა მოსდგამს, აუცილებლად გურმანიცაა და, სამწუხაროა, რომ ვერც კვების დახვეწილი ტრადიცია შევინარჩუნეთ და ვერც დალევის. თრობა კი იმის ნიშანია, რომ სმა არ ვიცით. წელს, ბერლინში, კულტურის ატაშედ მუშაობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მენიუში მწყერიც შევიტანე და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ფლყინგ ბუფფეტ-ის პირობებში მისი „სერვირება“ ადვილი არ იყო, ევროპელი სტუმრები სწორედ ამ კერძით იყვნენ აღფრთოვანებულნი. თავად-აზნაურობის გაუქმებამ ფუფუნების გარკვეული პროდუქტებიც დაგვაკარგვინა და თითქმის საუკუნოვანმა გაჭირვებამ სახეცვლილი ფორმით მოიტანა ჩვენამდე ცნება „ქართული სამზარეულო“. გადასახედია ჩვენი გასტრონომიული კულტურა და დრო მოვიდა, რომ მართლაც დახვეწილი და ჰაეროვანი ქართული სუფრა აღდგეს ჩვენს ცნობიერებაში. ცოტა ბოტიჩელის ნახატის აღწერავით გამომდის, მაგრამ ეს ჩემი სისუსტეა.
ავოკადო – საკონცერტო მოღვაწეობიდან გამომდინარე, ბევრი მოგზაურობა მიწევს და განსაკუთრებულად მიყვარს მექსიკაში, ჩემი მეგობრების სახლში, პატიოზე, წარმატებული კონცერტის შემდეგ ავოკადოს ბურრიტო. მეც საკმაოდ კარგ გუაკამოლეს ვამზადებ.

სტუდენტობის დროს უცებ მიგვარებდა მოულოდნელი სტუმრების გამასპინძლების საკითხს.
პასიფლორა, იგივე მარაკუია – პირველად გავსინჯე ნიუ-იორკის აუტანელი სიცხის დროს ერთ-ერთ სანაყინეში, „სორბეს“ ფორმით. „სორბე“ ისედაც მირჩევნია ნაყინს, ვინაიდან უცხიმოა და ბევრად მსუბუქია ზაფხულში.
შამპანური – ჩემი სისუსტე. ნამდვილი ოქროს ფერი… მოცარტივით… მარგალიტებივით… ნამდვილი ნექტარია. მიყვარს წელიწადის ნებისმიერ დროს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. განსაკუთრებით კი ზაფხულის კვირა დილით, მარწყვთან ერთად, ტერასაზე. თითქმის ტრანსცენდენტული სიამოვნებაა. დაკვირვებული ვარ, რომ რატომღაც ამერიკაში უფრო ხშირად ვსვამ, ვიდრე ევროპაში, ალბათ ნოსტალგიური დატვირთვაც აქვს. მახსოვს ერთხელ ნიუ- იორკში, სახელგანთქმული ჯაზ-კლუბი Blue Note-დან გამოვედით და მის მოპირდაპირე კლუბში აღვნიშნეთ საღამო. გარედან ვერც კი წარმოიდგენდი, რომ იქ შესვლა რაიმე კომპონენტით შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო. კლუბის სახელია The Fat Black Pussy Cat და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი დაუვიწყარი საღამო გავატარე Dom Perignon-ის თანხლებით. თუმცა, „თვალი სვამს“ და ჩემთვის დიდი მშნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარესაც. არ შეიძლება არ მოგწონდეთ Perrier-jouët-ს ბოთლი!
სიგარა – ნიკოტინთან საკმაოდ „მწყრალი“ დამოკიდებულება მაქვს. არასდროს მომიწევია სიგარეტი და მეგობრები მიცნობენ, როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესისათვის დიდ მებრძოლს. თუმცა, უიშვიათეს შემთხვევაში, განსაკუთრებულად დიდი წარმატებისა და კონცერტის შემდეგ, აწეული ადრენალინის ფონზე, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს სიგარა. კუბური, სქელი, ჰემინგუეისთან რომ ასოცირდება, ისეთი. ეს სცენა ისეთი ანაქრონიზმია ხოლმე მთელ ჩემს არსებასთან მიმართებაში, რომ დიდ გაკვირვებასაც იწვევს. გარკვეული რიტუალი ჩამოგვიყალიბდა ცნობილ დირიჟორს დანიელ ბარენბოიმს და მე. მას ბერლინში სიგარების ყველაზე კარგი კოლექცია აქვს, რომელიც ოდესმე შემხვედრია. მუსიკალურად დატვირთული საღამოები, მისი 4 000-მდე სიგარიდან ერთის ამორჩევითა და მოწევით გვირგვინდება ხოლმე. ტრადიციას არ ვუღალატეთ მილანშიც, ლა სკალაში მისი კონცერტის შემდეგ, სწორედ იმ სასტუმროში, რომელიც ადრე ჯუზეპე ვერდის სახლი იყო.
კარტოფილი – მიყვარს სახლში, შინაურულად შემწვარი კარტოფილი, ცოტა მიმწვარიც კი, მეორე დღეს მაცივრიდან გამოღებული კიტრისა და პომდვირს სალათა, მჭადი. ხანში შესული რუსი ძიძა მყავდა და მოხარშულ კარტოფილთან საუკეთესოდ მიმზადებდა ქაშაყს არაჟნით. ეს კერძი ჩემთვის დღემდე ძალიან ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული. სხვა რუსეთთანაც ასოცირდება – პასტერნაკის, ტოლსტოისა და ესენინისას, და არა დღევანდელის.

4_issue_culinart36

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com