„Packaging“. ჩვენ ამაზე ბევრს არ ვფიქრობთ. ჩვენ არ ვყიდულობთ პროდუქტს მისი შეფუთვის გამო, ჩვენ მას ვყიდულობთ იმიტომ, რომ ის გვინდა ან გვჭირდება.
მართლა ასეა ეს?
წესით უნდა იყოს… მაგრამ არ არის.
„Packaging“-ი უზრუნველყოფს საკვებისა და სასმელის კონსერვაციას, დაცვას, მის უსაფრთხო და მარტივ ტრანსპორტირებასა და დისტრიბუციას. ეს არის მისი პირველადი ფუნქცია, მაგრამ უფრო საინტერესოა მისი მეორე ფუნქცია: ჭკვიანური და კრეატიული „Packaging“-ის მარკეტინგული დატვირთვა და მისი გავლენა მომხმარებელზე.
მრავალი გამოკვლევა ტარდება იმის გასაგებად, თუ რის მიხედვით ამჯობინებს მომხმარებელი ერთ პროდუქტს მეორეს. რეკლამის, ბრენდინგისა და გაყიდვების მთავარი კომპონენტი არის ისეთი „Packaging“-ის შექმნა, რომელიც „ეძახის მომხმარებელს თაროდან“ და ქვეცნობიერად გავლენას ახდენს მასზე. პროდუქტის არჩევისა და აღქმის პროცესში ჩვენ ქვეცნობიერად ვუკავშირებთ პროდუქტს მის შეფუთვას, ამიტომ არის შეფუთვის დიზაინი კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს ფენომენი მარკეტინგის სფეროში „სენსორული გადაცემის“ სახელით არის ცნობილი.
თანამედროვე ეპოქაში, პროდუქტების მასობრივ წარმოებასთან ერთად გაჩნდა მრავალფეროვანი შეფუთვის მოთხოვნა. „Packaging“-ის დიზაინი გახდა დიზაინერების ოსტატობის და კრეატიულობის ერთერთი ყველაზე დახვეწილი და საინტერესო მანიფესტი. ამ სფეროში ისინი არ იზღუდებიან ფორმაში, ფერში, ან მასალაში.
და მაინც, რაში მდგომარეობს ეფექტური „Packaging“-ის საიდუმლო?
ფერი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეფექტური „Packaging“-ის შექმნაში. მითუმეტეს, თუ შოპინგის დროს მომხმარებელს ეჩქარება, ფერი უფრო სწრაფად აღიქმება ვიდრე ტექსტი ან გრაფიკა. სხვადასხვა ფერი ადამიანის ტვინში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს და ამიტომ მან სწორი განწყობა უნდა შეუქმნას მყიდველს პროდუქტისა და ბრენდის მიმართ (არავის მოუნდება მდოგვის შეძენა ღია ვარდიფერი ბოთლით).
ბუნებრივი, „მიწიერი“, ან მწვანე ფერის ტონალობები გამოიყენება პოტენციურად ორგანული და ჯანსაღი პროდუქტების შესაფუთად.
თეთრი, ლურჯი და ცისფერი ასოცირდება რძის პროდუქტებსა და წყალთან.
ტკბილეულის „Packaging“-ში კი ბრენდებს და დიზაინერებს მეტი თავისუფლება აქვთ, მთავარია შეფუთვა მადისაღმძვრელი იყოს.
თუმცა მომხმარებელში ყველაზე დიდ ნდობას იწვევს, როდესაც შეფუთვის შეფერილობა შეესაბამება პროდუქტისას. მაშინ მისი გაყიდვის ალბათობაც მეტია.
ასევე მნიშვნელოვანია „Packaging“-ის ფორმა. შეფუთვის არაორდინალური ფორმა და ზედაპირის უჩვეულო ტექსტურა იპყრობს თვალს და „აინტრიგებს“ მყიდველს. რაც უფრო თხელი და დახვეწილი ფორმა აქვს ძვირფასი, ან თუნდაც გამაჯანსაღებელი სასმელის ბოთლს, მით უფრო ელეგანტურად აგრძნობინებს თავს მომხმარებელს.
მეტიც, „Packaging“-ის ხმოვანმა ეფექტმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა მყიდველზე, ისეთი დამახასიათებელი ხმა როგორიცაა ზაფხულის ცხელ დღეს ცივი გაზიანი სასმელის გახსნისას ქილის სასიამოვნო ტკაცუნი…
„Packaging“-ის სხვა ელმენტებია ტექსტი, ლოგო, ილუსტრაცია და გრაფიკული დიზაინის დეტალები. ეს კომპონენტები ქმნიან ბრენდის სახეს, და ეფექტურად უნდა გადმოსცენ ბრენდის უნიკალურობა, მისი არსი და ღირებულებები.
მომხმარებლის უმეტესობა გარკვეული პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილებას ადგილზე, სუპერმარკეტში ან მაღაზიაში იღებს. მიმზიდველი „Packaging“-ი კი მთავარ როლს თამაშობს ამ პროცესში. ამგვარად, „ბრენდინგის“ ჭკვიანი სპეციალისტები „სარგებლობენ“ იმპულსური „შოპინგის“ ფენომენით, და უამრავ რესურსს ხარჯავენ პროდუქტის სწორ, მიმზიდველ და ესთეტურ შეფუთვაზე.
რათ ქმა უნდა, სასურველია, კარგი „Packaging“-ის შიგთავსმა გაამართლოს მოლოდინი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა…