ნინო ქორიძე და თორნიკე გოგრიჭიანი
პირველად შევხვდი…
ნინო: სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“-ის გადასაღებ მოედანზე.
თორნიკე: მე უფრო ადრე შევნიშნე. „რომეო და ჯულიეტა“ ჰქონდათ ჩამოტანილი ლიტველებს ფესტივალზე. სწორედ მანდ დავინახე პირველად ნინო, უბრალოდ არ ვიცოდი, ვინ იყო.
ის რაც სიყვარულს ჰგავს…
ნინო: პირველი სუში გამახსენდა, თუმცა ყველა კერძი რომელიც მიყვარს, სიყვარულთან ახლოს არის…
თორნიკე: მაქვს გასინჯული კერძი, რომელიც ნამდვილად ჰგავს სიყვარულს… შემწვარი ბატი შავი კომბოსტოთი და სრულიად უცხო, გასაოცარი სოუსით.
საყვარელი კერძი:
ნინო: თორნიკე ზოგადად არ არის დიდი გურმანი, თუმცა საყვარელი კერძებიც აქვს. მაგალითად, იაპონურად შემწვარი ძროხის ხორცი მოტკბომომჟავო სოუსში, სტანდარტული „ბიგ-მაკი“ და ჩინური „ცხარე-მჟავე“ წვნიანი.
თორნიკე: ნინოს განსაკუთრებით უყვარს „კალიფორნია როლი“. საყვარელი წვნიანები: ტაილანდური „გალან-გალა“ და ფრანგული ხახვის წვნიანი. ხშირად დავდივართ რეზო გაბრიაძის კაფეში და იქ ნინოს განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს კერძი სახელწოდებით – „კარტოფილი ვანთა“.
ნინო: „ვანთა“… ნეტავ ის ხომ არ არის სიყვარული? „ვანთა“ თორნიკესაც ძალიან უყვარს.
საყვარელი დესერტი…
ნინო: თორნიკეს საყვარელი დესერტია – თეკუნა გაჩეჩილაძის რეცეპტით დამზადებული „ბრაუნი“. თეკუნას „ბრაუნი“ მართლაც განსაკუთრებულია.
თორნიკე: ალბათ გასაგებია უკვე, რომ ნინოს საყვარელი დესერტი ჩემსას ემთხვევა.
საუკეთესო კულინარი:
ნინო: მხოლოდ ერთ ადამიანს ნამდვილად ვერ გამოვყოფ… განსაკუთრებით მენატრება და ყველაზე გემრიელად მახსენდება დედაჩემის დამზადებული კერძები. დიდი კულინარი არ იყო, მაგრამ რასაც ამზადებდა, ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. მაგალითად, უკრაინული „ბორშჩი“, რომელსაც მეც ვამზადებ იგივე რეცეპტით. კარტოფილს წვავდა განსაკუთრებით გემრიელად, რომლის გემო ახლაც მახსოვს. ბებიაჩემი, მამაჩემის დედაც არაჩვეულებრივად ამზადებდა, ოღონდ ტრადიციულ ქართულ კერძებს.
თეკუნა გაჩეჩილაძე ჩემი კლასელია და იქამდე, ვიდრე აღიარებული კულინარი გახდებოდა, ჩემთვის უკვე „საუკეთესო“ იყო. ასევე, რამაზ გემიაშვილი. კიდევ უნდა აღვნიშნო ჩემი უფროსი შვილის ბებია, მანანა მაჭავარიანი და ჩემი მეგობარი, სალომე ზაქარაია. რასაკვირველია, არიან კიდევ ის ადამიანები, ვისი გემრიელი კერძებიც მიყვარს…
თორნიკე: ნინოს ვაღიარებ! ძალიან კარგად გამოსდის ყველაფერი, რასაც აკეთებს. ასევე ჩვენი მეგობარი, ავთო საყვარელიძე. ვფიქრობ, ავთომ ამ მიმართულებით რომ განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, ძალიან ბევრს მიაღწევს.
კერძი, რომელიც არ უყვარს…
ნინო: თორნიკეს არ უყვარს არანაირი წვნიანი, ხსენებული „ცხარე-მჟავე“ წვნიანის გარდა.
თორნიკე: სწრაფი კვების ობიექტების კერძები (გარდა „ბიგ-მაკისა“) და… უგემური საჭმელი.
ის ჰგავს…
ნინო: ალბათ ზუსტად იმ კერძს, რაც თორნიკესთვის სიყვარულია… საშუალოდ შემწვარ ბატის ხორცს მოტკბო სოუსში.
თორნიკე: ჩაპლინის გენიალური ფილმი გამახსენდა, ადამიანს რომ უყურებს და ქათმად ელანდება… სიმართლე ვთქვა, ნინოსთვის ამ კუთხით არასდროს შემიხედავს. დავძაბავ გონებას… ცოტა ხნის წინ გავსინჯე გახუხული პური პაშტეტით, რომელსაც ჯერ ტრუფელის სოკო აქვს მოყრილი, შემდეგ მოსხმული აქვს გარგრის ჯემი და ბოლოს მოყრილი აქვს წითელი ხახვი… ალბათ ამ ნეტარებას ჰგავს ნინო.
არასოდეს გავსინჯავ…
ნინო: ტარაკნებს, კალიებს, მატლებს და მათ მსგავს არსებებს.
თორნიკე: ვერასოდეს შევჭამ ხაშს და არტალას.
მისი დამზადებული საუკეთესო კერძი…
თორნიკე: თამამად ვიტყვი: ნინოს საცივი შედევრია, ხელოვნების ნიმუში…
ნინო: თორნიკე არაფერს ამზადებს… კვერცხს ან კარტოფილს თუ შეწვავს გამოუვალ მდგომარეობაში.
საყვარელი სამზარეულო:
თორნიკე – ერთზე ვერ შევჩერდები… ნინოს უყვარს ქართული, იაპონური, იტალიური სამზარეულოები…
ნინო: იაპონურს გამოვყოფდი.
საყვარელი საუზმე:
ნინო: ზღვის სანაპირო… ახლად დაწურული ხილის წვენი, „კრუასანი“, ხილი, სხვადასხვა სახეობის ყველი… კოლუმბია გამახსენდა. ისეთი ხილი, როგორიც ბოგოტაში იყო, არასოდეს გამისინჯავს. აი,ზუსტად ისეთი ხილის „ფრეშია“ ჩემი საოცნებო საუზმის განუყოფელი ნაწილი.
თორნიკე: მეც კოლუმბია მახსენდება… ფანტასტიური ხილის გარდა, საუზმეზე ცივი ხორცეული მოჰქონდათ. უგემრიელესი იყო. ზოგადად, ლათინური ამერიკის დილა და ზღვის სანაპიროზე საუზმე… ეს ყველაზე ეგზოტიკური, სასიამოვნო და გემრიელია…
ნინო: სამწუხაროდ, თბილისში ჩემი საუზმე ყავით და სიგარეტით შემოიფარგლება. რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც აღვწერეთ…