Food, Sex & etc

3_issue_culinart1111_Page_072

მახსოვს დაგპირდით, რომ ამ თემას დავუბრუნდებოდი, „თეორიას“ გავშლიდი, „იმ ამბავს“ ავხდიდი
ფარდას (ნუ, შეგაჭყიტებდით მაინც)… ამას ყველაფერს აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ დღეს…
დღეს რატომღაც სიყვარულზე მინდა გესაუბროთ.
აი, ხომ არის, რომ გაზაფხულზე სიყვარულის, რომანტიკის და სიახლის განწყობაზე დგებიან… მე ეგ
ყველაფერი ზაფხულისკენ „მემართება“ – ბუნებრივადაც და პრაქტიკაშიც.
მუდმივად ლურჯ ცას, კაშკაშა მზეს, ზღვის სუნს, წყლის ხმას, სიცხეს, დასვენების დღეებს და
გრძელ, ნათელ საღამოებს – რომანტიკულ განწყობაზე მოვყავარ. და კიდევ მოლოდინის. რაღაც
კარგის მოლოდინის.
თანაც ისე მოხდა, რომ ყველაფერი დიდი და კარგი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ზაფხულში დაიწყო…
ქვემოთ რასაც დავწერ, არც უნივერსალური რჩევების ნაკრებია, არც ბედნიერების რეცეპტი
და შეიძლება არც გათხოვებაში ან პარტნიორის მოძებნა/შენარჩუნებაში დაგეხმაროთ (თუკი ეს
თქვენი მიზანია, რა თქმა უნდა). ეს მხოლოდ ის არის რაც მე და ჩემმა მეგობრებმა, ზოგმა პირადი
გამოცდილებით, ზოგმა პირადი შეცდომებით და ზოგმაც უბრალოდ დაკვირვების შედეგად მივიღეთ.

სიყვარულის 34 რეცეპტი….. and a little science:

1. ლოგინში მირთმეული ყავა, ან ნებისმიერი სხვა სასმელი თუ კერძი… ახალია თუ ვადაგასული, ვაღიაროთ, რამდენჯერ ჩვენც მოგვნდომებია? და ისე, თქვენ თუ მიგიტანიათ ლოგინში ყავა საყვარელი ადამიანისთვის? არა? ცადეთ და დარწმუნდებით, რომ ეს თითქოს უბრალო ჟესტი, ამავდროულად საოცრად ინტიმურია. რაც მთავარია – ის ფილმების ან სხვების ცხოვრებიდან მოდის და მხოლოდ თქვენ ორ შორის რჩება (ბავშვები, სკოლაში დაგვიანება და დილის სხვა აურზაურს ნუ მოიყვანთ მიზეზად: „ამის დრო ვის აქვსო“. დრო ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც წელიწადში ერთხელ)!

2. ეცადეთ ცოტა უფრო მსუბუქად შეხედოთ სიყვარულს – რა ასაკშიც არ უნდა იყოთ! ეს გრძნობა ხომ წესით სიამოვნების მომტანი უნდა იყოს (ცალმხრივია თუ ორმხრივი – თქვენ უნდა იყოთ კარგად, და არ იტანჯოთ). ამიტომ ნაკლები სერიოზულობა! და მეტი ფლირტი!

3. მე რაც თავი მახსოვს, სულ ვიღაც მიყვარს! ძალიან მაგარია, სულ შეყვარებული რომ ხარ! შეიძლება ერთი გიყვარდეთ, ან ორი, ან სამი, ან ოთხი ან ასი, ან ერთდროულად რამდენიმე – მთავარია გიყვარდეთ! გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არავინყვარებიათ! არასდროს! მე ერთი მეგობარი მყავს, რომელიც არავიზე ნაკლები არ არის, უბრალოდ – არ უყვარდება და რა ქნას?! სამაგიეროდ ჩვენ ვუყვარვართ – მეგობრები!

4. ძალიან მჯერა დადებითი აზროვნების ძალის, კარმების, ჩაკრების და ა.შ. (იმედია რელიგიურ თემაზე კამათს ეს არ გამოიწვევს). ისიც მჯერა, რომ ადამიანს, როდესაც ძალიან, ძალიან გინდა რაღაც და ამისთვის გონებით თუ გრძნობით განეწყობი, აუცილებლად მოხდება. ცადეთ და „გახსენით“ თქვენი სიყვარულის აურა – კარმა – ჩაკრა – და აუცილებლად მოიზიდავთ მას! მე მყავს ერთი მეგობარი, რომელმაც მტკივნეული ოჯახური გამოცდილების, დატვირთული გრაფიკისა და მრავალშვილიანი დედობის მიუხედავად მოახერხა და გახსნა სწორედ ეს აურა და აი, უკვე 3 წელია, ბედნიერებისგან გასხივოსნებული დადის!

5. შეიყვარეთ, უკეთ გაიცანით და იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. როდესაც საჭიროა, თვითკრიტიკულნიც იყავით და აღიარეთ (მხოლოდ თქვენ თავთან, რა თქმა უნდა), რომ შეიძლება არ ხართ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, კარგი დიასახლისი, მზარეული, ვინმეზე რამით უმჯობესი და ა.შ. ეს კი არ დაგაკნინებთ, პირიქით გაგაძლიერებთ.

6. იყავით გულწრფელნი – მხოლოდ საკუთარ თავთან. სასიყვარულო ურთიერთობაში ხომ 100% გულწრფელობა არ არსებობს.

7. პატარა ხრიკებში ცუდი არაფერია, მაგრამ შეეცადეთ „მანიპულირებაში“ არ გადაზარდოთ, რომ ინტერესი არ დაკარგოთ.

8. ეს საუკუნოვანი „ტაქტიკა“ ყოველთვის მუშაობს: შეიძლება თუ არა სექსი პირველივე პაემანზე? ჩემი პასუხია: არა! მიუხედავად გრძნობისა, „ემანსიპაციისა“, ჰორმონების „თამაშისა“ თუ სხვა მსგავსი გამართლების, რომელსაც საკუთარ თავს აუცილებლად უპოვნით, თუ რატომ გსურთ პირველივე ნახვაზე კოცნა/სექსი – მიუხედავად ყველაფრისა – არა!

9. თქვენ ვერავის ვერ შეცვლით. მაგრამ ადამიანები იცვლებიან, თუ მოუნდებათ.

10. ისწავლეთ პატიება! რთულია, მაგრამ იცით რა დიდსულოვნად იგრძნობთ თავს?

11. თუმცა, ერთი და იგივე შეცდომას – მეშვიდედ მაინც – უკვე ნუღარ აპატიებთ.

12. დაიმახსოვრეთ, ორ ადამიანს შორის სიყვარული, პირველ რიგში, „კომპრომისია“. უკვე რომ გიყვარს, რაღაც დათმობაზე მიდიხარ. ასევეა ისიც.

13. კულინარიული ჟურნალია და პრაქტიკულ რჩევასაც მივამატებ: თუ კულინარიისთვის დრო არ გრჩებათ, ისწავლეთ იმ სამი კერძის და ერთი დესერტის მომზადება, რომელიც თქვენ გიყვართ. მასაც გაეხარდება და თქვენც გემრიელად მიირთმევთ.

14. მონატრება კარგია. ძალიან კარგი.

15. იქონიეთ განსხვავებული ინტერესები. მუსიკაში, კინოში, ხელოვნებაში. ამ გზით არ მოიბეზრებთ ერთმანეთს.

16. იქონიეთ საერთო ინტერესებიც. მაგრამ უფრო ნაკლები.

17. სექსი მსუყე სადილის მერე რეკომენდირებული არ არის. მეორეს მხრივ, აქტიური სექსი = ფიზიკურ აქტივობას და შესაბამისად, კალორიების და ენერგიის ხარჯვას.

18. ეცადეთ (ჰო, თქვენ ეცადეთ) თქვენი სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანი იყოს. თუ ეს ასეა, არავის საქმე ეს არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წყვილში ვგულისხმობ. (ვერ ვხვდები ამ კონტექსტში და ამ გრამატიკული ფორმულირებით ამ წინადადების აზრს).

19. მოუარეთ საკუთარ გარეგნობას. ეს არ ეხება მხოლოდ ლამაზ ტანსაცმელს. რამდენსაც უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ – ვვარჯიშობთ, მასაჟს ვიკეთებთ, პედიკურს, ეპილაციას და ა.შ. – გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ – ეს ასე არ არის. ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაგვინახონ, გავიხადოთ, მოვეწონოთ და ა.შ.

20. რომანებს, სასიყვარულო ურთიერთობებს და საერთოდ, პირად ცხოვრებას საქვეყნოდ გაცხადება არ ჭირდება. ეს ხომ მხოლოდ თქვენი (საიდუმლო) არ არის?

3_issue_culinart56

21. სიყვარულს ასაკი არ აქვს. მართლა.

22. მსხვერპლი არავის არაფერში ჭირდება. ნუ იქნებით მსხვერპლი.

23. ეჭვიანობა არ არის არც „გოიმობა“, არც ნაკლი და არც თავდაუჯერებლობა. იეჭვიანეთ რამდენიც გინდათ.

24. მაგრამ ნუ იქნებით მესაკუთრე.

25. პატივი ეცით მის სივრცეს, მშობლებს, მეგობრებს.

26. ნუ აგვერევა ერთმანეთში პატივმოყვარეობა და თავმოყვარეობა. თავმოყვარეობის შელახვით ბევრ რამეს ვამართლებთ, რაც სინამდვილეში პატივმოყვარეობას ეხება.

27. თქვენი საუკეთესო მეგობრის ქმარი, შეყვარებული და ყოფილი ქმარი-შეყვარებული, ყოველთვის „ტაბუ“ იქნება.

28. ისწავლეთ „არას“ თქმა.

29. ისწავლეთ „კის“ თქმა.

30. გახსოვდეთ, ის თქვენ აირჩიეთ.

31. სიყვარული არც ბრმაა და არც ყრუ.

32. არასოდეს არ გაკიცხოთ არავინ. განსაკუთრებით ქალი, რომელმაც რაღაც მორალურ თუ ზნეობრივ „პირობითობებს“ გადააბიჯა, მაგალითად, დაანგრია სხვისი ან თავისი (ან ორივე) ოჯახი. ეს თქვენი საქმე არ არის (თქვენი ოჯახი თუ არ დაუნგრევია, რა თქმა უნდა)

33. მე თქვენ მიყვარხართ.

34. თან ხომ იცით, არასოდეს თქვათ „არასოდეს“.

3_issue_culinart57

3_issue_culinart58    3_issue_culinart59

and a little science: 

თურმე ამერიკელი ქალების 38% გემრიელი კერძი ურჩევნია სექსს, ხოლო 32% საერთოდ თანახმაა 1 წელი უარი თქვას სექსზე, მაგრამ არა საყვარელ კერძზე. ნუ დაემსგავსებით ამერიკელ ქალს. იპოვნეთ „ბალანსი“.
ზოგადად, ქალისა და საჭმლის ურთიერთობა მუდმივი ცოდვის ისტორიაა. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სიგამხდრის და სექსუალური თავისუფლების კულტია, ქალიშვილებს ზედმეტი ჭამის და წონაში მომატების უფრო ეშინიათ, ვიდრე მაგალითად, ქალიშვილობის დაკარგვის. ევა რომ ახლა ცხოვრობდეს, ვაშლს იმიტომ კი არ შეჭამდა, რომ აკრძალული ხილია, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ შია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომელი საკვების გამო არის ქალი თანახმა, უმკაცრესი დიეტაც კი დაარღვიოს. ესენია: შემწვარი კარტოფილი, ნამცხვარი, შოკოლადი და დესერტი (ნამცხვარი და შოკოლადი დესერტი არ არის?).
თუმცა, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რა უყვარს ქალს, არამედ თუ რა „უყვარს“ მის ქალურ სისტემას. მაგალითად, ლიჩი. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ლიჩი, რომელიც მდიდარია მაგნიუმით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ძლიერი აღმზნებია (აფროდიზიაკია). ჰო, ლიჩი – ხილია – ჩვენთან რომ არ „მოდის“ ისეთი.
ქალს სექსი შეიძლება ნუშმაც (ჩემს მეგობრებს გაეღიმათ:) და…. ვაშლის ნამცხვარმაც „მოანდომოს“. თუ ჩიკაგოელ მკვლევარებს დავუჯერებთ, ვაშლის ნამცხვარი 24 % (!) ზრდის ქალის სასქესო ორგანოების მგრძნობელობას!
იცოდით, რომ ყოველი მეათე ბრიტანელი ქალი დიეტის დარღვევას უფრო დიდ კატასტროფად მიიჩნევს, ვიდრე მეუღლის ღალატს? ეს ისე, ცნობისთვის 🙂

3_issue_culinart60

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com