DINING TABLE
აი, მოვიდა სანატრელი ზაფხული… ქალაქში უკვე საკმაოდ დაცხა და ყველა ემზადება ზღვაზე გასამგზავრებლად. გადავწყვიტე, ამ ნომერში შემოთავაზებული პროდუქტები და კერძები ზღვას, სიმსუბუქეს და ზაფხულს დავუკავშირო.
აჭარის სანაპიროზე ძალიან გემრიელ მიდიებს იჭერენ. მათი
მომზადების უამრავი საინტერესო და გემრიელი ვერსია არსებობს. დღეს ზუსტად ამ ვერსიებს შემოგთავაზებთ…
მიდიები პირველად საფრანგეთში, პარიზში გავსინჯე. იქ არის ბელგიურ კაფეთა ქსელი “Moules Frites”. დედაჩემის მეგობარმა, როგორც გურმანი, ამ საინტერესო ადგილას დამპატიჟა. აქ მიდიები ქვაბებით მოაქვთ, ნივრიანია, ყვითელი ყვავილით, ხახვით, „როკფორით“ და ნიახურით და ჩვეულებრივი. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ამ დიდი ქვავებით სხვადასხვა საწებლებში მომზადებული მიდიები. ძალიან მომეწონა, მოვიძიე რეცეპტები, ჩემი ფანტაზიით სხვადასხვა სურსათი დავამატე, ცოტა გადავაკეთე და ჩემს გემოზე დავაყენე. იმდენად მარტივი პროდუქტია, რომ სახლშიც იოლად მოსამზადებელია, ზაფხულში თითქმის ყოველთვის გვაქვს სახლში პომიდორი, ოხრახუში, თეთრი ღვინო და გემრიელი სადილიც მზად არის.
ასევე საინტერესოა კერძის მომზადების იტალიური ვერსია, რომელიც მზადდება პომიდვრით, და მიჰყავხარ
იტალიის ზღვის სანაპიროსკენ… მეორე ვარიანტია – ტრადიციული ბელგიური წესი – მიდიები – თეთრ ღვინოში და ნაღებით. ვისაც უყვარს აზიური არომატი, შეუძლია მიდიების მომზადების აზიური ვერსია გამოიყენოს – ქარის პასტით და ქოქოსის ნაღებით, ბევრი პიტნით, ქინძით და ტარხუნითაც ძალიან გემრიელია. იტალიური ვერსია არის – მიდიები პასტაში. ფრანგულ და ბელგიურ მომზადების წესს საკაზმად ძალიან უხდება შემწვარი კარტოფილი, აზიურს კი, – მოხარშული ბრინჯი. ასევე ახალი კარტოფილიც ძალიან მომწონს.
კარგია ის, რომ მიდიებით მომზადებული კერძი ზღვის ასოციაცის მიქმნის. გასულ წელს ზაფხულში, მეგობრებთან ერთად იტალიაში გავემგზავრე, ერთ დღეს გადავწყვიტე, ვახშამი თავად მომემზადებინა და ბაზარში წავედი. ესეც ერთი სიამოვნებაა, იტალიურ ბაზარში რომ მიდიხარ და ამ სხავდასხვანაირ პროდუქტს არჩევ. ვიყიდე მიდიები, თან გაუწმენდავი და მთელი სამი საათი მის რეცხვას მოვანდომე, ისე რთული მოსაცილებელია მისი ხავსი. ჩვენი მეგობარი ბიჭები, ვინც კი იყვნენ, ყველანი მეხმარებოდნენ. ჩავყარეთ ნიჟარაში და მიდიოდა ხეხვა, რეცხვა – მოკლედ დავიხოცეთ მიდიების წმენდაში, არადა, აუცილებელია, რომ კარგად გაწმენდილი იყოს. საბოლოოდ, გემრიელი კერძი მოვამზადე პომიდვრებით. ჩემი აზრით, ყველა კერძი
საკუთარ თავს უნდა მოარგო. ვთქვათ თუ არსებობს, რაიმე ზუსტი მზა რეცეპტი, რომელსაც სთავაზობ მკითხველს, უმჯობესია, თუ მას თავის გემოზე და საკუთარი ფანტაზიით რამეს დაამატებენ. მე კერძს ლაიმის წვენი და ცედრა დავუმატე, რამაც ჩემთვის ძალიან პიკანტური არომატი შესძინა. ყველას მოეწონა, გემრიელი ვახშამი გამოგვივიდა…
აზიური ვერსიის მომზადების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქარის პასტა, რომელიც ძალიან ცხარეა და პიკანტური არომატის მქონე ქოქოსის ნაღები, ცოტა თეთრ ღვინოს ვუმატებ და მრავალფეროვანი გემოს იღებს.
DINING ROOM
ახლა ვაპირებ რესტორნის მენიუს დავამატო მიდიებით მომზადებული კერძის ოთხი ვერსია, რომელსაც
საჩუქრად ერთი ჭიქა თეთრი ღვინო მოჰყვება.
მიდიების მომზადება ძალიან ადვილია, სულ თხუთმეტი წუთი არის საჭირო. წამოდუღებულ ღვინოსა და
პომიდორში პირდაპირ ჩაყრით მიდიებს, რომლებიც ცოტა ხანში უნდა გაიხსნას. თუ რომელიმე არ გაიხსნა,
აუცილებლად გადაყარეთ, ეს ნიშნავს, რომ გაფუჭებულია.
ცოტა ხნის წინ სახლში მოვამზადე მიდიები. ახალი კარტოფილი და სატაცური ოდნავ მოვხარშე ორთქლზე.
შემდეგ დავუმატე ღვინოში მოხარშული მიდიები და შევურიე ქარის და ქოქოსის ნაღები. პიკანტური კერძი
გამომივიდა, ბევრი მწვანილით, რომელიც ძალიან უხდება. გირჩევთ, ზღვის ამ პროდუქტთან ერთად ცივი,
თეთრი ღვინო მიირთვათ.
აჭარაში საინტერესოდ ამზადებენ მიდიებს. ხანდახან იქვე, სანაპიროზე ქვებზე წვავენ… ბათუმში ჩემმა
მეგობრებმა გამასინჯეს ბრინჯში მოხარშული მიდიები, ბრინჯიც სუნელებით იყო შეზავებელი და
როდესაც იგი გაიხსნა, ბრინჯი შიგნით ჩაიყარა. საინტერესო კერძი გამოვიდა, თუმცა ვთვლი, რომ ცოტა
მძიმე კერძია. უფრო საინტერესოდ მეჩვენება – თეთრ ღვინოში მოხარშული და სხვადასხვა ბოსტნეულით
შეკმაზული.
მიდიები თეთრ ღვინოში – 6 ადამიანისთვის
* 1 კგ. მიდიები
* 2 თავი ხახვი
* 300 გრ. თეთრი მშრალი ღვინო
* 100 გრ. კარაქი
* 2-3 კბილი ნიორი
* 1 კონა ოხრახუში
* 50 გრ. ნაღები
* მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ხახვი წვრილად დაჭერით, კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გაათბეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი კონა ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით. გააცხელეთ
ქვაბი, ჩაყარეთ ხახვი და მოთუშეთ. შემდეგ დააყარეთ კარგად გარეცხილი მიდიები, დაასხით 300 გრ. ღვინო
და წამოადუღეთ. როდესაც მიდიები გაიხსნება, დაუმატეთ შეკმაზული კარაქი და ნაღები, შემდეგ ამოურიეთ.
გადაიღეთ მიდიები წვნიანად ჯამში და მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
დააგემოვნეთ…
მიდიები პომიდვრის და თეთრი ღვინის სოუსში
6 ადამიანისთვის
* 1 კგ. მიდიები
* 300გრ. თეთრი მშრალი ღვინო
* 3ც. დიდი პომიდორი
* 3 კბილი ნიორი
* 2 ხახვი
ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
ოხრახუში, ბაზილიკი. თუ ვერ იშოვეთ ბაზილიკი
შეგიძლიათ შაშკვლავი გამოიყენოთ.
მიდიები მწვანე ქარისა და ქოქოსის ნაღების სოუსში
* 1 კგ. მიდიები
* 2 ც. ხახვი
* 300გრ. თეთრი მშრალი ღვინო
* 50 გრ. მწვანე ქარის პასტა
* 1 ქილა ქოქოსის ნაღები
* ტარხუნა, პიტნა, შაშკვლავი
* 30 გრ. ტიტო
* მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი: ხახვი წვრილად დაჭერით, გაააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და
მოთუშეთ ხახვი. შემდეგ დააყარეთ მიდიები, დაასხით ღვინო და წამოადუღეთ. ქარის პასტა გახსენით
ქოქოსის ნაღებში და დაუმატეთ მიდიები. ისევ წამოადუღეთ, მწვანილი დაჭერით მსხვილად და
გამორთვის შემდეგ მოაყარეთ მიდიებს, კარგად ამოურიეთ. დააგემოვნეთ…