ფოტო: ანა ბოკო
ნიყვი სოკო სულისთვის
მართლაც რომ სამეფო გემო და გარეგნობა აქვს ამ სოკოს. თითქმის ყველა ენაზე მის სახელწოდებაში სიტყვა „ცეზარი“ დომინირებს – „ცეზარსკი“ რუსულად, ცაესარ’ს მუსჰროომს – ინგლისურად, ამანიტა ცაესარეა – ლათინურად. ჩვენ ნიყვს ვეძახით. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ბგერა ყ-ს გაგონებისას დადებითი ემოცია მოგვდის. 🙂
მეგრულ გოჭს მაგონებს იმ „სტერეოტიპით“, რომ ნიყვს მარილის გარდა არაფერი უნდა. შეიძლება არ უნდა, მაგრამ არც წყენს.
პირიქით – მისი მდიდარი გემო და არომატი უფრო მძაფრადაც იგრძნობა, თუ ცოტა კარაქს, ლიმნის წვენს და ქონდარს დავუმატებთ.
ორი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ. ერთი სალათი, სადაც ნიყვი უმია, გემო და ფერი არ ეცვლება, მეორეში კი – კარაქშია მოთუშული.
ვეცადოთ, რომ ნიყვი არ გავრეცხოთ, სოკოს საშრობის თვისება აქვს და ბევრ სითხეს იწოვს, ეს კი მის გემოსა და სტრუქტურაზე უარყოფითად მოქმედებს. სოკო სველი ტილოთი და ჯაგრისით კარგად გავწმინდოთ.
არ შეგეშინდეთ, თერმული დამუშავებისას ბაქტერია მოკვდება.
უმი ნიყვის სალათი
* 300 გრ. ნიყვი
* 100 გრ. რუკოლა
* 100 გრ. გახეხილი „პარმეზანი“
* 2-3 ღერი ოხრახუშის ფოთოლი
* 100 გრ. ზეითუნის ზეთი
* 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი
* 10 გრ. შაქარი
* მარილი
* პილპილი
ნიყვი გავასუფთაოთ, ფეხები მოვაცილოთ. დავჭრათ თხელ მოგრძო ნაჭრებათ, შევურიოთ რუკოლა, ოხრახუში, და გადავასხათ სოუსი.
სოუსი
ერთად ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, შაქარი, მარილი და პილპილი, ბოლოს კი მოვაყაროთ დახეხილი „პარმეზანი“.
კარაქში მოთუშული ნიყვი
* 300 გრ. ნიყვი
* 150 გრ. კარაქი
* 2-3 ღერი ნედლი ქონდარი
* 50 გრ. ლიმნის წვენი
* მარილი
* პილპილი
სოკო გავასუფთაოთ, ფეხები მოვაცილოთ, გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი და დავალაგოთ სოკოს ქუდები. ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, პერიოდულად გადავაბრუნოთ ხოლმე. 5-6 წუთში დავადოთ კარაქი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კარაქი მალე დაადნება, სოკოს წვენს შეერევა და სოუსივით გახდება. დავაცადოთ კიდევ 2-3 წუთი, შემდეგ კი მოვაყაროთ „როზმარინის“ ფოთლები, მოვასხათ ლიმნის წვენი და გადმოვდგათ.