კულინარიის მიმართ ჩემი „შემოქმედებითი“ მიდგომა წინა ნომრიდან უკვე იცით. ახლა კი საკვებ პროდუქტებსა და ადამიანის ხასიათს შორის მორიგ დაკვირვებაზე გიამბობთ.
ზოგჯერ მკვლევარები უცნაურ აღმოჩენებს აკეთებენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ნატურალურ რძეს აქტიურად მოიხმარენ, ნობელის პრემიის ბევრი ლაურეატი ჰყავთ.
სხვათაშორის, არანაკლები კავშირი გამოვლინდა შოკოლადის მოყვარულ ერებსა და „ნობელიანტებს“ შორის. შოკოლადის მიღება ტვინის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს, რაც შოკოლადში არსებული ფლავონოიდებით აიხსნება. ხოლო რძის და შოკოლადის კომბინაცია კი უფრო უკეთეს შედეგს იძლევა. ამიტომ ხუმრობით ნუ მიიღებთ ამ ამბავს: „თუ გსურთ გაზარდოთ ნობელის ჯილდოს მოპოვების შანსი, მიირთვით მეტი შოკოლადის ფილა და რძე ან/ და ცხელი შოკოლადი“ – ამას პრაქტიკული ნევროლოგი ექიმები გვირჩევენ.
ცალკე თემაა ხილისა და ბოსტნეულის მოყვარული ადამიანების პოზიტიური განწყობა. უახლესი კვლევებით დადგინდა, რომ ოპტიმისტი ადამიანების სისხლის შემადგენლობაში ძალიან მაღალია კაროტინოიდების შემცველობა. ადრინდელმა შესწავლამ ასევე აჩვენა, რომ სისხლში კაროტინოიდების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის – ანტიოქსიდანტების მაღალი დონე ჯანმრთელობის ნიშანია. გავიხსენებ ჩემს ბიოლოგიურ ცოდნა-გამოცდილებას და განვმარტავ: ანტიოქსიდანტები იცავს მოლეკულებს თავისუფალი რადიკალების
წარმოქმნისგან, რაც, თავის მხრივ, უჯრედებს დაზიანებას არიდებს და ორგანიზმისთვის საშიშ დაავაადებათა წარმოშობას აფერხებს.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ბოსტნეულისა და ხილის ჭარბი მიღება განაპირობებს ცხოვრების ჯანსაღი
წესის სიყვარულს და, ამავდროულად, ოპტიმისტურ ხასიათსაც აყალიბებს. გასაგებია, რომ ბიოქიმიურ შემადგენლობიან ანტიოქსიდანტებს დიდი როლი მიუძღვით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, აი, ემოციურ დონეზე უკეთესი გუნება-განწყობის შექმნაში მათი პირდაპირი კავშირის პოვნა კი მეძნელება, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით. აქვე დავამატებ, რომ ფრანგების კვების რაციონში 10 ულუფა ხილი და ბოსტნეული შედის, კანადელები საშუალოდ, 5-დან 10-მდე ულუფა ხილს იღებენ, ხოლო იაპონელთა საკვები _ 13 ულუფა ბოსტნეულითა და 4 ნაჭერი ხილით არის გამდიდრებული.
პირადი გამოცდილებით, მე ფრანგულ-იაპონურ კვების მოდელს ვემხრობი. ჩემი საუზმე, სადილი და ვახშამი ხშირად მარტო ხილითა და ბოსტნეულით იფარგლება. ერთი ჭიქა რძეც ჩემი „განუყრელი მეგობარია“, ხოლო შოკოლადის ისეთი ერთგული ვარ, რომ სიტყვებით ვერ გამოვხატავ. აქამდე არც დავფიქრებულვარ, ახლა კი ვხვდები, რომ ჩემი სიხალისე ამ პროდუქტების „დამსახურებაა“. შოკოლადი თუ მეგულება შინ, ბედნიერი ვარ, ცხელი შოკოლადი თუ მივირთვი – მითუმეტეს. მოკლედ, ვანებივრებ თავს და პოზიტიურად ვმუხტავ სხვებს. ჯანმრთელობასაც ვიკაჟებ, თავისთავად.
და ბოლოს, „კულინარტის“ მკითხველებო, თუ ჩემსავით გიყვართ ხილი, ბოსტნეული, შოკოლადი და რძე, დარწმუნებული ვარ, თავს ხალისიანად, ენერგიულად და კარგად გრძნობთ. ჰოდა, თუ ასე ხართ, გელით დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება.