Bon Apetit, Mr.Lynch!

ამბობენ, რომ ერთ დროს ბალზაკივით დღეში 20 ჭიქა ყავას სვამდით. მართალია? და ახლა რამდენს მიირთმევთ?
სიმართლეა. ალბათ 10-ს. ადრე 20 ჭიქას ვსვამდი, თუმცა ეს პატარა და ერთჯერადი ჭიქები იყო. ახლა უფრო დიდი ჭიქები მაქვს.

რატომ მოგინდათ შეგექმნათ საკუთარი „ბრენდი“ და როგორ აარჩიეთ თქვენი ყავა?
სინამდვილეში, ეს ჩემი იდეა არ იყო. ერთ დღეს ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა: „დევიდ, შენ ძალიან ბევრ ყავას სვამ და აუცილებლად უნდა შექმნა შენი საკუთარი რეცეპტი. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა. ბრმად ვსინჯავდი სხვადასხვა საუკეთესო ყავას. ყველა დავნომრე და შევაფასე. მინდოდა ყოფილიყო რბილი, მაგრამ ძლიერი არომატით. მგონი საკმაოდ კეთილგანწყობილი ყავაა. ბედნიერების მომტანია.

არავის შეუძლია ყავა ისე წარუდგინოს ხალხს, როგორც ამას „აგენტი“ კუპერი ახერხებს თწინ Pეაკს-ში. როგორ გგონიათ, თქვენი „ბრენდიდან“ რომელს აირჩევდა კუპერი?
აგენტ კუპერს სასადილოს ყავა უყვარს, ამიტომ, ალბათ მას „სახლის“ მიმართულება მოეწონებოდა. ის არც მწარეა და არც მჟავე. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ჭიქას დალევდა ზედიზედ.

კვლავ მიიჩნევთ რომ შაქარი „დამარცვლილი ბედნიერებაა“?
ადრე ნამდვილად მაბედნიერებდა და შთამაგონებდა, მაგრამ ახლა აღარ. ბედნიერების ღრუბლებიდან გადმოვარდნა ადვილია, ასე რომ მე თითქმის საერთოდ ამოვიღე ჩემი კვებიდან შაქარი. მხოლოდ პატარა კექსზე ვერ ვთქვი უარი.

შვიდი წლის მანძილზე, ყოველ დღე შუადღის სამის ნახევარზე, Bob;s big boy-ს სასადილოში შოკოლადის „მილქშეიქს“ მიირთმევდით. კინაღამ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდით ამის გამო. თქვენს ფილმებში სასადილოები დიდ როლს თამაშობენ, საიდან ეს გატაცება?
პოეტი რომ ვიყო, ამ სასადილოებით მოხიბლული ალბათ კილომეტრობით ლექსებს დავწერდი. ეს ხომ მშვენიერი ადგილებია, გაჩახჩახებული განათებით, ბზინავი ლატუნით, ფერადი ტყავგადაკრული სკამებით და ლამაზი მიმტანებით. არის რაღაც სასადილოებში, შენი ტვინი შეიძლება სადღაც ბნელ ადგილებში დადიოდეს, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია მობრუნდე თბილ და კომფორტულ გარემოში. უდაოდ კარგი ადგილია ფიქრისთვის.

როგორც ვიცი, თქვენი საყვარელი სასმელი წითელი ღვინო და ყავაა.
ძალიან მიყვარს „კაპუჩინო“. ცუდი და უგემური ყავა ჯობია საერთოდ უყავობას. რაც შეეხება ღვინოს, ბოლოს Dom perignon-თან ვიმუშავე, ბოთლების დიზაინს ვუკეთებდი, მომწონს მათი ექსპერიმენტები. ისე კი _ წითელი „ბორდო“ მიყვარს. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი _ La tour-s ვამჯობინებ, მართლაც სასწაულია, შოკოლადივითაა.

მართალია, რომ სახლში აკრძალული გქონდათ საჭმლის კეთება?
კი. აუტანელია სამზარეულოს სუნი. ვთვლი, რომ სამზარეულო ცალკე უნდა იყოს, ვცდილობ ისეთი რამ ვჭამო, რასაც გაცხელება არ სჭირდება. როდესაც პიცას ვუკვეთავ, ჩქარ-ჩქარა ვჭამ, სუნი რომ არ დადგეს.
ვინც დევიდ ლინჩის შემოქმედებას იცნობს, არ გაუკვირდება საქმესთან მისი უცნაური მიდგომა. მისი კულინარიული „კრეატიულობა“ მხოლოდ ყავის „ბრენდით“ არ შემოფარგლულა.
შარშან მან ახალი „ინგრედეინტი“ წარმოადგინა მოულოდნელი მიმზიდველობით. მოკლე, სამეპიზოდიანი შავ-თეთრი ფილმი გვიამბობს კინოას მარცვლის მომზადების წესს. დრამატულ შუქ-ჩრდილს ასევე დრამატული „აქცენტების“ მქონე კომენტარი მოსდევს. სანამ წყალი ადუღდება, მაყურებელს შეიძლება დაძაბულობისგან გული შეუწუხდეს. რა გასაკვირია, რომ ასეთი „ინტრიგის“ გაცნობის შემდეგ, ყველანაირი კერძი გემრიელი მოგვეჩვენება.
რამდენიმე წლის წინ ლინჩმა პარიზში დახურული კლუბი, „სილენსიო“ დააფუძნა. მისამართი კიდევაც რომ არ იცოდეთ, შესასვლელში მდგომი დაცვის დანახვისთანავე მიხვდებით, რომ ლინჩის უცნაურ გარემოში მოხვდით. პირველივე დღიდან „სილენსიო“ მსოფლიოს შემოქმედი ხალხის თავშეყრის ადგილი გახდა. ბარში ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ მალე საიდანღაც ჯუჯა გამოვა და აცეკვდება, ანდაც ულამაზესი იზაბელა როსელინი შემოვა, თავისი თავბრუდამხვევი სიმღერით.
შეიძლება მოცეკვავე ჯუჯას ან ლურჯი ხავერდის კაბაში გამოწყობილ ულამაზეს ქალს ვაკეში, შროშის ქუჩაზეც წააწყდეთ. 15 ნომერში ახალი კაფე _ blue velvet-ი გაიხსნა. თუ გაგიმართლათ და წითელ ოთახში მოკალათდით, არსად წასვლა არ მოგინდებათ. აქ შეგიძლიათ დევიდ ლინჩის ხსენებული ყავა გასინჯოთ და, გირჩევთ, twin peaks-ის ალუბლის ღვეზელიც დააყოლოთ, შემდეგ კი შეიძლება ჯუჯა მართლაც დაინახოთ.

კაფეს მფლობელი ელენე გვეტაძე შეეცადა თავი მოეყარა დევიდ ლინჩის თბილისელი მოყვარულებისთვის. თვეში ერთხელ აქ ეწყობა „ლაივები“ _ ნიკა მაჩაიძის მუსიკალური გაფორმება, რაც მარტო გემოვნებიან მსმენელზეა გათვლილი. აქ ზუსტად ის ხალხი იყრის თავს, ვისაც სიახლის არ ეშინია, თავის საკუთარ გემოვნებაში დარწმუნებულია და ვინც ხვალინდელი გემოვნების შექმნაზე ზრუნავს. და თუ მართლაც მოგბეზრებიათ დღევანდელი „ბომონდი“, ამ ადგილს აუცილებლად მიაკითხეთ.

ელენე ლინჩს ესაუბრა, მოუთხრო კაფის ისტორია და საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა. რეჟისორს ძალიან მოეწონა აზრი და დაპირდა, რომ თუ როდესმე თბილისში მოხვდება, პირველ რიგში მასთან ერთად Blue velvet-ში „დევიდ ლინჩის ყავასა“ და twin peaks-ის ალუბლის ღვეზელს დააგემოვნებს.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com