NEWCOMERS

CA#1

ზუკა შონია / 22 წლის

კულინარია: ყოველთვის მომწონდა, ჩემთვის და მეგობრებისთვის ხშირად ვამზადებდი. სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით იმპროვიზირებულად ვამზადებდი. ძირითადად, რა პროდუქტიც მქონდა, იმას ვიყენებდი.

გეგმები: მალე ვაპირებ აფრიკაში გამგზავრებას, იქ ჩემი მეგობარი ცხოვრობს, თან სამხრეთ აფრიკული სამზარეულო და ღვინის ტექნოლოგიები მინდა შევისწავლო. იქიდან ჩინეთში ვაპირებ. მინდა, კარგად გავიცნო იქაური კულტურა. აზიური სამზარეულო განსაკუთრებით მიყვარს და მაინტერესებს. სუნელები მომწონს, ინდოეთშიც ძალიან მინდა მოხვედრა. მომავალში მინდა იტალიაში, სადაც არის სკოლა “University of Gastronomicn Sciences ” ამ სასწავლებელში მოხვედრის მიზეზი არის მოძრაობა “Slow Food ”. ეს არის მოძრაობა, რომელიც ცდილობს არა მარტო საკვების, არამედ მთლიანად აგროკულტურის განვითარებას, მეტი ჯანსაღი პროდუქტი რომ იყოს. ახლახან ბრუსელში, ბოსტნეულით, რომლებსაც ფორმის გამო რესტორნები და სუპერმარკეტები იწუნებენ და ყრიან, გააკეთეს კერძები და 5000 ადამიანს გაუმასპინძლდნენ. ამ მიმართულებით ძალიან ჩართული ვარ. სამომავლოდ მაქვს სურვილი, რომ მქონდეს პატარა რესტორანი, რომლისთვისაც პროდუქტს თავად ვაწარმოებ, რასაც ვერ შევძლებ, ზუსტად მეცოდინება, საიდან მოდის. ვთვლი, რომ თუ გინდა კარგი შეფი იყო, ღვინო კარგად უნდა გესმოდეს. ღვინის ტექნოლოგიებს “ვინო ანდერგრაუნდში” ვსწავლობ. თავიდან საჭმელთან შეხამებისთვის დავიწყე სწავლა, მაგრამ ახლა ძალიან გამიტაცა. თუ ჩემი რესტორანი მექნება, მინდა, ღვინოც თავად ვაწარმოო.

სტარტერი " ბრუსკეტი"

2_issue_culinart11111

ვხუხავთ პურს, ვუსვამთ ცოტა კარაქს და ნიორს, ვადებთ ყველს. ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სულგუნი, თუმცა ეს სურვილის მიხედვითაა. ყველის დამატების შემდეგ მომზადების ორი ვარიანტია. პირველ შემთხვევაში, ჭურჭელში ვყრით პატარა კუბებად დაჭრილ პომიდორს, სიმინდს, ქინძს, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს და ცოტა ბალზამიკოს, ვურევთ, მზა მასას ვადებთ ყველს და ერთად ვდგამთ ღუმელში. მეორე შემთხვევაში კი, ბოსტნეული ცოცხლად, უკვე ღუმელიდან გამოღებულ, გამდნარ ყველს ზევიდან ემატება.

CA#6

თამარა გოდერძიშვილი / 30 წლის

კულინარია: ბავშვობიდან მიყვარდა მზადება, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი, ვიგონებდი და შემდეგ ოჯახის წევრებს ვასინჯებდი. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, დრო ნაკლები მქონდა, მაგრამ სახლში, სამზარეულოში ტრიალს მაინც ვახერხებდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი კიდეც. მერე გონებაში რაღაც შემეცვალა, გადაფასება, გადალაგება მოხდა და ყველაფერს მივხვდი. ძალიან მიყვარს ის, რასაც ახლა ვაკეთებ, ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავში და იმ სფეროში, სადაც ახლა ვარ, არასდროს ვყოფილვარ. ზოგადად, ხელოვნება და დიზაინი ძალიან მიყვარს. კულინარიაც ხელოვნებაა, დიზაინის და კომპოზიციის შეგრძნება კი მთავარია. გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მომავალში, თუ ჩემი რესტორანი მექნება, რაც ჩემი ოცნებაა, დიზაინერის პროფესია გამომადგება.

მიმართულება: ტკბილეულის მოყვარული დიდად არ ვარ, ამიტომ გაკეთების სურვილი არ მქონია. ძირითადი კერძების მომზადება უფრო მიყვარს, არა აქვს მნიშვნელობა ევროპული იქნება თუ აზიური. ბოსტნეული განსაკუთრებით მიყვარს – მომზადებაც და ჭამაც. გურმანი ვარ, შეიძლება არ შევჭამო, მაგრამ აუცილებლად გავსინჯავ. ახალი გემოების აღმოჩენა მიყვარს, ერთი და იგივე კერძს ერთნაირად არ ვაკეთებ, ყოველთვის რაღაცას ვუმატებ ან ვცვლი. თუ ახალი ინგრედიენტის შესახებ გავიგებ, აუცილებლად ვიყენებ. კულინარია მოდური რომ გახდა, ძალიან მიხარია. ვფიქრობ, დრომ და ევროპასთან დაახლოებამ მოიტანა.

გეგმები: ჯერჯერობით, ვაგრძელებ სწავლას, ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო და ყველაფერი მაქსიმალურად ვისწავლო. როდესაც პრეტენზია გაქვს საკუთარ რესტორანზე, შესაბამისი განათლებაც უნდა გქონდეს.

პროდუქტები: ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი. ყოველთვის ჯობს სეზონური პროდუქტები გამოვიყენოთ, თუმცა თუკი გაყინულს ვიყენებთ, აუცილებლად მენიუში უნდა იყოს მითითებული. კლიენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, რას უკვეთავს.

ფარში აზიურად ( 1 პორცია)

2_issue_culinart1_Page_131

* ნახევარი კგ. საქონლის და ღორის შერეული ფარში
* 1 სმ. სიგრძის და 2 სმ. სიგანის ჯინჯერი იგივე კოჭა
* 1 დიდი ან 2 პატარა ლაიმი
* ნიორი, მარილი, პილპილი გემოვნებით
* ზეითუნის ზეთი
* სოიოს სოუსი
* Fish სოუსი
* თეთრი ბალზამიკოს ძმარი
* სეზამის ზეთი
* ჩილი
* 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
* მწვანე ხახვი
* ქინძი

მაღალ ცეცხლზე ვდგამთ ჭურჭელს, ვასხამთ ცოტა ზეითუნის ზეთს და ვხრაკავთ ფარშს. მარილი, პილპილი გემოვნებით, შემდეგ გადავიტანთ საწურზე, ზედმეტი ცხიმისგან რომ დაშრეს. იგივე ჭურჭელს ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, ვუმატებთ 1 ჩაის კოვზ სეზამის ზეთს, ვყრით პატარა კუბებად დაჭრილ ჯინჯერს, ნიორს და ჩილის. ვთუშავთ 2-3 წუთი. ვაყრით 1 სუფრის კოვზ ყავისფერ შაქარს, ზევიდან ვაბრუნებთ ისევ ხორცს და ვურევთ ერთმანეთში. ვახეხავთ ლაიმის ცედრას, ვასხამთ ფიშ სოუსს, გამორთვამდე 30 წამით ადრე ვუმატებთ დაჭრილ მწვანე ხახვს და გადმოგვაქვს ლანგარზე.

სოუსის მომზადებისთვის საჭიროა:
სეზამის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, ლაიმის წვენი, ნიორი, ჩილი და ქინძი ავურიოთ ერთად. ახალი კომბოსტოს სეზონია და ამიტომ შევარჩიე, თუმცა გასახვევად სალათის ფოთლებიც შეიძლება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com