CineFoodography

2_issue_culinart1_Page_148

ერთად გავიხსენოთ ფუდცენტრული სცენები საყვარელი ფილმებიდან და ამოვიცნოთ ცნობილი კერძების კინემატოგრაფიული სახეცვლილებები.

2_issue_culinart1_Page_14812

11

2_issue_culinart1_Page_149

“ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ” – ფიქრობენ თუ არა ამ ცნობილ ფრაზაზე სცენარისტები და რეჟისორები, როდესაც კადრში საჭმელი ჩანს? დაგვეხმარება თუ არა ეს გამოთქმა პერსონაჟების ხასიათის ამოცნობაში? მოდით, ისევ გავიხსენოთ სცენები ფილმებიდან და იქნებ ცოტა უფრო მეტი გავიგოთ საყვარელი კინო გმირების შესახებ.

მიიჩნევენ, რომ სწორედ “დიდებული ღამე” არის საუკეთესო ფილმი, რაც კი ოდესმე საჭმლის შესახებ გადაუღიათ. იტალიური სამზარეულო აქ მართლაც მთავარი გმირია. თუმცა, ეს ფილმი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი იტალიური კერძების შესახებ. ემიგრანტი ძმების, პრიმოსა და სეკონდოსთვის (პრიმო იტალიურად პირველს ნიშნავს, სეკონდო – მეორეს), რომლებიც ბედისწერამ ამერიკაში გადმოისროლა, საჭმელი, უბრალოდ საჭმელი არ არის. ეს არის წარსული, რომელსაც კარგავენ, ისტორია, რომელიც აქ არავის აინტერესებს და რაც მთავარია, ენა საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად.
მაგრამ ძმების პატარა “სამოთხეს” (რესტორანს ჰქვია კიდეც “პარადისო” – სამოთხე) კომერციალიზაციისა და გლობალიზაციის მექაში განადგურება ემუქრება. ძმები იბრძვიან, რომ საოჯახო ბიზნესი, პატარა რესტორნის
სახით, გადარჩეს და გადაწყვეტენ, დიდი წვეულება გამართონ. ამისათვის საჭიროა, ცნობილი ადამიანები მოიპატიჟონ და რესტორნის მუდმივ კლიენტებად აქციონ _ მაგალითად, იტალო-ამერიკელი მომღერალი ლუი პრიმა, რომლის წვეულებაზე დასწრება, პრიმოს აზრით, რესტორანს გაკოტრებისგან გადაარჩენს. სანამ დიდებული წვეულების ორგანიზებას პრიმო უხელმძღვანელებს, სეკონდომ კერძებს უნდა მიხედოს.
სწორედ ამ ღამეს შექმნის სეკონდო თავის შედევრს – ტიმპანოს! ტიმპანო (თიმპანო) სინამდვილეში იტალიური ტიმბალოა (თიმბალლო), თუმცა ფილმში მას ასე მოიხსენიებენ. “დიდებული ღამის” ეკრანებზე გამოსვლამ ამ კერძის პოპულარობა, რასაკვირველია, კიდევ უფრო გაზარდა. კლასიკური ტიმბალო – ეს არის გამომცხვარი პასტა, ბრინჯი ან კარტოფილი სხვადასხვა ინგრედიენტით: ხორცით, თევზით, ბოსტნეულით, ყველით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტკბილეულითა და ხილითაც კი. ტიმბალოს ვარიაციები იტალიის რეგიონების მიხედვით იცვლება და მას ხან ბომბას (ემილია რომანიას რეგიონში), ხან სარტუს (ნეაპოლში), ხან ტორტინოს და ხან პატიჩოს უწოდებენ. ერთი სიტყვით, მთელი იტალიური სამზარეულო რომ აიღოთ და მისგან ერთი დიდი ტორტი გამოაცხოთ, დაახლოებით, ტიმბალო გამოვა. შაქრიანი მაკარონისგან ღუმელში გამომცხვარი დიდი მასა, ბებიები “ბაბკას” რომ ეძახდნენ, გახსოვთ? შეიძლება ისიც ტიმბალოს საბჭოურ ვარიაციად ჩავთვალოთ.
ფილმის ყურების შემდეგ, რასაკვირველია, მოგინდებათ, სწორედ ის ტიმპანო გასინჯოთ, რომელსაც სეკონდო ამზადებს. არ ვიცი, მისი ზუსტი ანალოგის მოსამზადებლად რეცეპტის მოძიებას აქვს თუ არა აზრი, მაგრამ ფილმის ფინალი კიდევ ერთ კერძს უკავშირდება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტიმპანოს მომზადება. 4-წუთიანი გაუჭრელი კადრის განმავლობაში, ემიგრანტი ძმები ერბოკვერცხს ისეთივე ოსტატობით შეწვავენ, როგორც წინა ღამეს ტიმპანო შექმნეს. ამ სცენის ყურებისას იჯერებ, რომ ჩვეულებრივი ერბოკვერცხიც შეიძლება დიდებულ კერძად იქცეს, მით უმეტეს, როდესაც ამის მიღმა უთქმელი ემოციები და ორი ემიგრანტი ძმის მთელი ისტორიაა. მათ ბრძოლა წააგეს, მაგრამ მაინც გამარჯვებული არიან, რადგან იციან, ორი კვერცხისგან შედევრი როგორ შექმნან…
ჰოდა, სანამ ტიმპანოს გამოცხობას მოვინდომებთ, იქნებ ჯერ ერბო- კვერცხის შეწვა გვესწავლა ოსტატურად?

2_issue_culinart1_Page_1491

22

2_issue_culinart1_Page_150

იტალო-ამერიკული სამზარეულოს ტრადიციული კერძი – “სპაგეტი ხორცის გუნდებით” (“Spaghetti with meatballs”) 20-იანი წლების ამერიკაში იტალიელმა ემიგრანტებმა გამოიგონეს, რომელიც იტალიური სპაგეტის, ტომატის სოუსისა და ხორცის გუნდისგან შედგება.

2_issue_culinart1_Page_1501

იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული და ამერიკის სხვადასხვა მხარეში დასახლებული ემიგრანტების ამერიკულ კულტურასთან ასიმილირებული იტალიური სამზარეულოს მთავარი განსხვავება, როგორც ჩანს, კოვბოების გულის მოსაგებად, ნივრისა და ხორცის ზედმეტი რაოდენობით გამოყენებაში გამოიხატებოდა.
რადგან 20-იანი წლების დასაწყისში ყველა კერძი წითელი სოუსის თანხლებით კეთდებოდა, იტალოამერიკული სამზარეულოს საფირმო ნიშანი წითელი ტომატის სოუსი გახდა და ხშირად მას “წითელი სოუსის სამზარეულოდ” მოიხსენიებენ. სწორედ ამ პერიოდიდან ყალიბდება კლიშე იტალოამერიკულ რესტორნებსა და მათ მეპატრონეთა სტერეოტიპებზე. პატარა რესტორნებს, ძირითადად, ვიღაცის სახელი ერქვა, მაგალითად, `მამიკო…~ ან `დედიკო…~ (ცნობილი რესტორანი `პაპა ჯინო~ მაგალითისთვის). იტალო-ამერიკულ რესტორანში რომანტიკული საღამოს ასოციაციები შემდეგნაირად გრძელდებოდა: ეზოში გამოტანილი პატარა მაგიდები წითელი კუბოკრული გადასაფარებლებით, მთავარი კერძი – აუცილებლად სპაგეტი ხორცის გუნდებით, მაგიდაზე კიანტის (Chianti – ცნობილი ტოსკანური მშრალი წითელი ღვინის სახეობა) ბოთლში ჩარჭობილი სანთლები, თეთრ წინსაფარში კეთილი მსუქანა რესტორნის მეპატრონე იტალიელი ემიგრანტი, მისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რომელიც, თუ თქვენს რჩეულთან ერთად ხართ, გიმღერებთ კიდეც რაიმე ცნობილ იტალიურ სიმღერას, ვიოლინოს თანხლებით, იმის შესახებ, რომ ასეთი ღამე არასოდეს ყოფილა…
სწორედ ეს ტიპური სცენა გააცოცხლეს დისნეის მულტიპლიკატორებმა ყველა დროის ერთერთ საუკეთესო ანიმაციურ ფილმში `ლედი და მაწანწალა~ და სიმღერის “Bella notte” -ს ჰანგების ქვეშ სპაგეტის ჭამა ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ სცენად აქციეს არა მარტო ანიმაციის, ზოგადად კინოს ისტორიაში.
ეს ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ სწორედ აქ დაფიქსირდა სასიყვარულო სცენა ანიმაციის ისტორიაში პირველად, თანაც იმ პერიოდში ჰოლივუდი ქორწინებამდე სასიყვარულო კავშირის ჩვენებას ეკრანზე სასტიკად კრძალავდა. თუმცა, დისნეის და მის თანაგუნდელებს ვერავინ ვერაფერს ეტყოდა, ფილმი ხომ ძაღლებზე იყო და არა ადამიანებზე.
მართალია, რესტორნის ღობის მიღმა რეალობა ცოტა სხვანაირია, ვიდრე ის ზღაპრული სამყარო,
რომელსაც მეგობარი მზარეულის დახმარებით მაწანწალა ლედის მოუწყობს, მაგრამ, სანამ ტონის სამფლობელოს დატოვებენ, მათ უგემრიელესი სპაგეტი უნდა გასინჯონ. დისნეიმდე კი, ალბათ, არავის მოსვლია აზრად, რომ, სწორედ სპაგეტის ბოლო ლუკმა შეიძლება ვნებიან კოცნაში გადაიზარდოს.

2_issue_culinart1_Page_151

33

2_issue_culinart1_Page_152

`ნოთინგ ჰილის~ მთავარი გმირებისთვის ბრაუნის ნამცხვარი ერთგვარი კატალიზატორის როლს თამაშობს ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ სცენაში. ვახშმის დასასრულს, ნამცხვრის ნაჭრის მოსაპოვებლად, კონკურსი გათამაშდება. ფილმის გმირები მაყურებელს თავიანთ წარსულს, შიშებს, იმედებს, მომავალზე
ფიქრს, ფარულ ვნებებს გადაუშლიან. თამაშის წესის მიხედვით, ბრაუნის ნაჭერი მას შეხვდება, ვინც ყველაზე სევდიან ისტორიას მოყვება. ცნობილი კინოვარსკვლავი ანა სკოტი (ჯულია რობერტსი) პირველად წარდგება
მაყურებლის წინაშე ასეთი გულახდილობით და თავისი პროფესიის ბრაუნის ნაჭერივით შავ და ბნელ მხარეებს
დაგვანახებს. ანას სევდიანი ამბების შემდეგ, ნამცხვრის ნაჭერი მაგიდაზე კიდევ უფრო მუქად გამოიყურება. მართალია, ანა აგებს კონკურსს, მაგრამ სამაგიეროდ სიყვარულს პოულობს, რომლის შესანარჩუნებლად უფრო
გულმოდგინე ბრძოლა მოუწევს, ვიდრე ნამცხვრის ნაჭრის მოსაპოვებლად უჩვეულო, გულახდილი საუბარი იყო საკმარისი.

2_issue_culinart1_Page_1521

44

2_issue_culinart1_Page_153

ცნობილი რძის კოქტეილი ტარანტინოს ფილმიდან 50-იანი წლების სტილში მოდელირებულ რესტორან `ჯექ რებით სლიმსში~ გათამაშდება, სადაც ვინსენტ ვეგა მისის მია უოლასს სასეირნოდ წაიყვანს. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ბევრს გაუჩნდა შეკითხვა, მართლაც არსებობდა თუ არა სადმე ეს რესტორანი, რომელიც სპეციალურად ფილმის გადაღებებისთვის აშენდა პავილიონში და მთლიანად რეჟისორის უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფი იყო, ინტერიერის დიზაინიდან დაწყებული მენიუს ჩათვლით. `ჯექ რებითსის~ ოფიციანტები 50-იანი წლების ამერიკელ სუპერვარსკვლავებს იმიტირებენ. მაგალითად, მიმტანი ბადი ჰოლის როლში გვევლინება (ცნობილი ამერიკელი მომღერალი, როკ-ენროლის ერთ-ერთი ფუძემდებელი), მია უოლასს პეგი სიუს ეძახის (სავარაუდოდ, ვარცხნილობის გამო) და შემდეგ შეკვეთას იღებს: დარვარდ კირბის (ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი) ბურგერი სისხლში, მარტინ ლიუისის მილქშეიქთან ერთად, მიასთვის და დუგლას სირკის (ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, მელოდრამის ჟანრის მეფე) ჯოჯოხეთივით სისხლიანი სტეიკი ვანილის კოკაკოლასთან
ერთად, ვინსენტისთვის. ოფიციანტი მიას ორი ტიპის მილქშეიქს სთავაზობს: `ამოსი და ენდი~ და `მარტინი და ლიუსი~. რადგან ამოსი და ენდი 20 – 50-იანი წლების ამერიკული რადიო და სატელევიზიო სიტკომის ყველაზე პოპულარული შავკანიანი კომედიანტები იყვნენ, კოქტეილი `ამოსი და ენდი~ შოკოლადის მილქშეიქია. ვანილის შეიქს კი `მარტინი და ლიუისი~ მომღერალ დინ მარტინის და კომიკოს ჯერი ლიუისის= საპატივსაცემოდ ჰქვია, რომლებსაც, ასევე, ძალზედ ცნობილი კომედიური შოუ მიჰყავდათ 40-50-იან წლებში. ასე რომ, ტარანტინოსთან უბრალო მენიუც კი უამრავი ქვეტექსტითაა დახუნძლული.
სანამ უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა ცნობილ თვისთს შეასრულებენ, რომელიც საკულტო ცეკვა გახდება, მანამდე მისის მია უოლასი 5- დოლარიან რძის კოქტეილს მიირთმევს. ფილმის შემდეგ `მილქშეიქი 5 დოლარად~ მფრინავ ფრაზად იქცა, რითაც გამოხატავენ ხოლმე, რომ ფასი აღემატება მის ნამდვილ ღირებულებას, მაგრამ იმდენად მაგარია, ღირს ძვირი გადაიხადო. _`არ ვიცი, ეს შეიკი უნდა ღირდეს თუ არა 5 დოლარი, მაგრამ, მართლაც, ძალიან მაგარია!~ (“I don't know if that shake's worth five dollars but it's pretty damn good ”) – იტყვის ვინსენტ ვეგა კოქტეილის გასინჯვის შემდეგ.

2_issue_culinart1_Page_1531

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com