ქეთი ბაქრაძის ბლოგი გთავაზობთ…
სტარტერი: ქათმის ღვიძლის პაშტეტი სალათის ფოთლებითა და გემრიელი „დრესინგით“.
ძირითადი კერძი: პასტა კრევეტებით, პომიდვრითა და ლიმონით.
დესერტი: კრემი ალუბლით – Coco
რატომ პაშტეტი?… ერთ დილას რესტორანში მოვედი, მომინდა პაშტეტი, რომელიც ძალიან მიყვარს და აღმოვაჩინე, რომ მენიუში არ გვაქვს… სასწრაფოდ, ჩემს მზარეულებთან ერთად, რეცეპტი შევარჩიე და გადავწყვიტე, „ჩემი“ პაშტეტი გარკვეული ინგრედიენტებით გამემდიდრებინა. დავამატე ტრიუფელი, ასევე რამოდენიმე ისეთი ინგრედიენტი, რის შედეგადაც პაშტეტის გაცილებით უფრო გემრიელი და დახვეწილი ვერსია მივიღეთ. გარნირად, რუკოლათი მომზადებული სალათა თაფლის დრესინგით შევარჩიე. ზემოდან მოვაყარე წითელ ღვინოში ჩალბობილი მარილის კრისტალები, რომლებიც ერთმა ფრანგმა სომელიემ მაჩუქა. ძალიან გემრიელი გამოვიდა და, რაც მთავარია, ჩემში საფრანგეთის არომატი გააღვივა.
რაც შეეხება ძირითად კერძს, მასზე ფიქრისას ასაკოვანი, საოცრად საინტერესო კაცი, სახელად არმანდინიო, გამახსენდა. მას სამხრეთ იტალიაში, ამალფის სანაპიროზე, ერთ-ერთი პატარა სოფლის რესტორანში შევხვდი. ეს პატარა სოფელი კლდოვან ნაპირზეა გაშენებული და იქ საკმაოდ ბევრი ყურეა. ერთ-ერთ ყურეში ყოფნისას, დაცარიელებული რესტორნები შევამჩნიე, ხალხი აქ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანში იყო თავმოყრილი. რესტორნის მეპატრონე, მოხუცი არმანდინიო, თავად არის იქ მზარეულიც, მფლობელიცა და მიმტანიც. თითოეულ მაგიდაზე მსხდომ სტუმრებთან მიდის, ესაუბრება, საოცარ განწყობას უქმნის… ალბათ, ამიტომაც იზიდავს იქ მყოფ საზოგადოებას. თავად შემომთავაზა, გამესინჯა განსაკუთრებული პასტა, რომელსაც იმ დღეს დაჭერილი კრევეტებითა და ტომატით მოამზადებდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რესტორნის მენიუში არსებული ყველა პასტა მზადდებოდა ნაღებით და მხოლოდ ეს ნაღები უკვე მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი გახდა. გადავწყვიტე, რაიმე უფრო მსუბუქი, გემრიელი მომემზადებინა. მინდოდა კერძი, რომლის დანახვისას იტალიის სუნი დატრიალდებოდა. რა თქმა უნდა, ეს პასტა დავამატე მენიუში. ის ყველასთვის ძალიან მარტივად გასაკეთებელია, შეიძლება სახლში მომზადებაც, რაც, თავისთავად, სასიამოვნო პროცესია. ძირითად პროდუქტებად მოვიხმართ თეთრ ღვინოს, პომიდორსა და ლიმონს. კარგი იქნება, თუ დიასახლისები საკუთარი გემოვნებით შეიტანენ კორექტივებს რეცეპტში ან დაამატებენ ინგრედიენტებს. ასე შესაძლებელია მოამზადო ზუსტად ისეთი, როგორიც თავად გიყვარს.
იმისათვის, რომ სადილი იყოს სრულყოფილი, საჭიროა დესერტი. დღეს გთავაზობთ დესერტს, რომელიც რესტორანში პირველად ერთი წლის წინ მოვამზადე და ვერც კი აღვწერ, თუ რა რაოდენობით იყიდება დღემდე. მივხვდი, რამ მოახდინა ასეთი ეფექტი…
რესტორნის გახსნა როდესაც გადავწყვიტე, სახელი სპეციალურად შევარჩიე, მინდოდა სახელს გემრიელი სადილის თუ ვახშმის ასოციაცია შეექმნა. დღევანდელ შემოთავაზებას შეიძლება სახლის დესერტი ვუწოდოთ, რომელიც, როგორც გაირკვა, ჩვენს სტუმარს ყველანაირ „ჩიზქეიქს“, „ნუგა გლიასესა“ თუ „ბრაუნს“
ურჩევნია. ეს დესერტი, სახელად “კოკო”, ჩემთვის განსაკუთრებულია და მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს. ჩემი მეგობრების ბებიის რეცეპტია, ის ყოველთვის მზადდებოდა მათთან სახლში, დაბადების დღეებზე სტუმრობისას. ასეთი სრულყოფილი, გემრიელი კრემი მე არასდროს გამისინჯავს. გადავწყვიტე ამ არაჩვეულებრივი ადამიანის სახელით დამემატებინა მენიუში.
არ მიყვარს სატანდარტული წესით მომზადებული კერძები, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ჩემი დავამატო ან შევცვალო რეცეპტში. მაგალითად, სალათა “ცეზარში” ამოვიღე მაიონეზი და საერთოდ, ისე ვამზადებ დრესინგებს, რომ ვერავინ ამჩნევს მაიონეზის გამოუყენებლობას. თუ მჭირდება, თავად ვაკეთებ მაიონეზს, რომელსაც სულ სხვა გემო აქვს – ხარისხიან მდოგვს, ბაზილიკს ვუმატებ, შეიძლება ტარხუნის დამატებაც.
ყველა კერძს თავისი ისტორია აქვს, რაღაც თუ მომეწონა, მაშინვე ვფიქრობ, – “აი ეს რესტორანში გამომადგება”. სადაც არ უნდა ვიყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ საზღვარგარეთ, ყველგან ვეძებ რაღაც გამორჩეულს. მოგზაურობა იძლევა საშუალებას გაამრავალფეროვნო მენიუ და გაგიჩნდეს ახალი იდეები.
ვფიქრობ, წარმატების საწინდარია, როდესაც რესტორნის მფლობელი თავად მონაწილეობს მენიუს შედგენაში, სხვანაირად არ გამოდის… თუ გინდა, რომ რესტორანი იყოს კარგი და გემრიელი, ასე უნდა მოიქცე. რესტორნის გახსნა, თავისთავად, ბიზნესია და ორიენტირი შემოსავლის მიღება უნდა იყოს. ამისათვის კი აუცილებელია, გქონდეს “ფიშკები”, რაღაც ისეთი, რის გამოც ხალხი შენთან მოვა. ადამიანთა გარკვეული
ჯგუფი მიდის კონკრეტულ რესტორანში, რადგან იქ კონკრეტული კერძი მოსწონს, სხვა ჯგუფს შეიძლება გაპრანჭული გარემო მოსწონდეს. მიმაჩნია, რომ პრიორიტეტული სამზარეულო უნდა იყოს. როდესაც რესტორნის გახსნა გადავწყვიტე და ეს ფართი ვნახე, მაშინვე მივხვდი, ეს ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა.
ჩემი “ფიშკა” რა არის?.. ის, რომ ამ სტანდარტულ კერძებს ვაკეთებ ჩემებურად. ვარ პატრონი, დიასახლისი და შეფმზარეული ერთდროულად. სტუმართა უმეტესობა აქ ჩემთან მოდის. აქ მათ ხვდებათ კერძები, რომელთაც მე ვთავაზობ. ჩემს სახლში სტუმრად მყოფ მეგობრებს რომელიმე კერძზე ხშირად უთქვამთ, იქნებ ეს რესტორნის მენიუში დაამატოო და მათი რჩევა გამითვალისწინებია. ამ რესტორნის წარმატების მიზეზი, სწორედ, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება და სიყვარულია.
სტარტერი ქათმის ღვიძლის პაშტეტი სალათის ფოთლებითა და გემრიელი
„დრესინგით“ (4 პორცია):
* 0.5 კგ ქათმის ღვიძლი
* 0.5 ლიტრი რძე
* 3 კვერცხი
* 150 გრ. ნაღები
* 1 კბილი ნიორი
* 1/4 ხახვი
* 50 გრ. კონიაკი
* 100 გრ. მადეირა
* 0.5 ჩაის კოვზი ტრიუფელის ზეთი
* 10 გრ. მარილი
* 10 გრ. თეთრი პილპილი
გააჩერეთ ღვიძლი რძეში 5 საათის განმავლობაში. შემდეგ დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი ერთად და ჩაასხით მასა ფორმაში. შედგით ღუმელში ორთქლზე 1 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. პაშტეტი შეგიძლიათ დაჭრათ პატარა ნაჭრებად და დააწყოთ გახუხულ პურზე ან ბაგეტზე. დრესინგის მომზადებისათვის ერთი ჩაის კოვზი თხელი თაფლი გახსენით ერთ ჩაის კოვზ დიჟონის მდოგვში და ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთში. ეს სოუსი შეურიეთ მწვანე სალათის ფოთლებს და გემრიელად მიირთვით.
ძირითადი კერძი
პასტა კრევეტებით, პომიდვრით და ლიმონით (4 პორცია):
* 1 შეკვრა მაკარონი სპაგეტი
* 4 ცალი პომიდორი
* 500 გრ. კრევეტი
* 1 ჭიქა თეთრი ღვინო
* 2 კბილი ნიორი
* 1/2 ჩაის კოვზი შაქარი
* 1 ლიმონი
* 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
* 100 გრ. ოხრახუში
* მარილი/პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი: დაჭერით პომიდორი წვრილ კუბებად და მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ჩაჭყლიტეთ ნიორი და მოაყარეთ შაქარი, მარილი, პილპილი გემოვნებით. დაასხით ღვინო და გააჩერეთ 10- 15 წუთი. ამასობაში, მაკარონის მოსახარშად დადგით წყალი, კრევეტებს კი მოასხით ერთი სუფრის კოვზი ზეთი და დააწურეთ ერთი ცალი ლიმონი, 5 წუთი გააჩერეთ. კარგად გააცხელეთ ტაფა, დაყარეთ კრევეტი და როდესაც კრევეტები შევარდისფრდება, დაასხით პომიდვრის მასა. ერთხელ წამოადუღეთ და გამორთეთ. როდესაც მაკარონი მოიხარშება გადაწურეთ და დადეთ მოხარშული მაკარონი კრევეტებიან ტაფაზე, შემდეგ კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კერძი მზად არის.
დესერტი
კრემი ალუბლით – Coco (4 პორცია):
* 1 ქილა შესქელებული რძე
* 1 ლ. წყალი
* 4 კვერცხის გული
* 1.5 ჭ. შაქარი
* 1.5 ჭ. ფქვილი
* ვანილი
მომზადების წესი: 1ქილა შესქელებული რძე გახსენით ერთ ლიტრ წყალში და წამოადუღეთ. ამასობაში კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, როდესაც რძიანი მასა წამოდუღდება, ჩაუშვით კვერცხისა და ფქვილის მზა მასა ქვაბში და კვლავ ათქვიფეთ. დარჩენილი ცილებით გააკეთეთ ბეზე და შედგით ღუმელში. ამასობაში კრემი გაცივდება და შეგიძლიათ ათქვიფოთ მოხარშული კრემი, ვანილი, კონიაკი გემოვნებით. შემდეგ ჭურჭელში მოათავსეთ ფენა-ფენა ბეზე, ხილი, რომელიც გნებავთ და კრემი. შეგიძლიათ დაუმატოთ მოხალული ნიგოზი.