შიდა სამზარეულო

_MG_5496

“კულინარტისთვის” გადასაღებად ერთი ძალიან ცნობილი ოჯახის სამი თაობის გადაღება გადავწყიტეთ. ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძეს სცენაზე კარგად ვიცნობთ, გვიყვარს და ვაფასებთ. თუმცა, მათი “შიდა სამზარეულო” ნაკლებადაა ცნობილი. ამიტომ ვიფიქრეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა მათი ამ რაკურსით დანახვა. ჩვენი პროექტის შესახებ პირველად ნატალიას ვუამბეთ, საკმაოდ კარგი კულინარი სიამოვნებით დაგვთანხმდა და ეკა და ნანიც დაიყოლია. თუმცა, ნანი ბოლო წუთამდე ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი. აღმოჩნდა, რომ კულინარიის მიმართ საკმაოდ გულგრილია. საბოლოოდ, გადაღებით იმდენად კმაყოფილო დარჩა, დაგვპირდა, რომ კულინArt სტუმარი მომავლაშიც იქნება.

_MG_5537

ნატალია ქუთათელაძე

მე და ჩემს რამოდენიმე მეგობარს გვიყვარს როგორც კერძების მომზადება, ასევე მათი დაგემოვნება. მეგობრებში ამ მხრივაც გამიმართლა. გვაქვს ტრადიცია, შაბათს ან კვირას ერთმანეთთან ვიკრიბებით და სხვადასხვა კერძებს ვამზადებთ. აუცილებელი პირობაა, რომ ყველაფერი ჩვენი მომზადებული იყოს და არა რესტორნიდან მოტანილი. მე, მაგალითად, იტალიური სამზარეულო გამომდის კარგად, ძალიან მიადვილდება და მეგობრებსაც მოსწონთ. პასტის და ხორცის ბევრი ვარიაცია ვიცი. სალათებიც, თუმცა ამას არ ვთვლი. განსაკუთრებით გემრიელი ბრაუნი გამომდის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტკბილეული არ მიყვარს და ჩემი გაკეთებული ბრაუნი არც ერთხელ არ გამისინჯავს. მომზადების პროცესი ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ დრო უნდა მქონდეს. თუ საკმარისი დრო არ მაქვს, კეთებას არ ვიწყებ. ზოგადად, გურმანი ვარ და თითქმის ყველა სამზარეულო მიყვარს, მაგრამ ქართული მაინც განსაკუთრებით, ხინკალი ჩემთვის ნომერ პირველი კერძია. ქალი, რომელიც სახლში გვეხმარება მე და ჩემს მეგობარს შეგვპირდა, რომ ხინკლის გაკეთებას გვასწვალის. აუცილებლად უნდა ვისწავლო, იმდენად მიყვარს, რომ მგონია, მომზადებაც უნდა ვიცოდე. ჩვენი პროფესია საკმაოდ რთულია. ხმას განსაკუთრებული მოფრთხილება ჭირება. ბევრს ამ მხრივ პრობლემა ექმნება. მაგალითად ნანი, თუკი ნიგვზიანს შეჭამს, ხმაზე ეტყობა. ამ მხრივ მე გამიმართლა. მიუხედავად ამისა, უშუალოდ კონცერტის წინ, გარკვეული პროდუქტისაგან თავს ვიკავებ. მართალია წონის კონტროლი პერიოდულად მიწევს, თუმცა თავს მინიმალურად ვიზღუდავ საკვებში.
ჩემს პროფესიაში ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძილი, სპორტი, ასევე, კვება ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტის წინ ხორცს ან თევზს ვჭამ, ასევე – მაკარონს. ზედმეტად გადატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ ამავე დროს ენერგიაა საჭირო. ხმის მოსაყვანად ზოგი კვერცხს ყლაპავს, ჩემი აზრით, ეს ლეგენდას უფრო ჰგავს, სინამდვილეში, თუ ხმა არ გაქვს, ამას არაფერი შველის. ჩვენს ოჯახში ყველაზე აქტიური, როგორც კულინარი, ეკაა. ხშირად აკეთებს ჩინურ ტორტს, არაჩვეულებრივი კრემი გამოსდის. ასევე, აქვს საფირმო ტორტი, რომელსაც ვიზუალურად ხარვეზები აქვს, მაგრამ იმდენად გემრიელია, რომ იმ წუთას გავიწყდება ტორტის ვიზუალური მხარე.

_MG_5601

ეკა მამალაძე

მიყვარს, როდესაც სტუმრებს ჩემი მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდები. თითქმის ყველანაირ კერძს ვამზადებ. ზედმეტად რთულსა და ორიგინალურს – არა. მიყვარს კულინარული სიახლეები და ვცდილობ საინტერესო, ახალი კერძები მოვამზადო. გურმანი ვარ, მაგრამ წლების განმავლობაში გემოვნება იცვლება. ახალგაზრდობაში უხორცობა არაფრით შემეძლო, თან მიჩვეულიც ვიყავი, სახლში ყოველთვის ტრადიციული, კარგი სადილი მზადდებოდა. ახლა ხორცი იშვიათად თუ გამახსენდება.
ფრანგული სამზარეულო განსაკუთრებით მიყვარს. მწვანე სალათს ვაკეთებ, ტრადიციულად ძმრით და ზეთით, თუმცა მდოგვსა და შაქარს ვუმატებ და უფრო ფრანგული გემოსკენ მიმყავს. რამდენადაც გამომდის, ვცდილობ პროდუქტის ნატურალურობას ყურადღება მივაქციო. ბოლო დროს პროდუქტებს პატარ-პატარა მაღაზიებში ვყიდულობ. უკვე ვიცი, სად რა მოაქვთ და ჩემი `ადგილები~ მაქვს, ბოსტნეულის, ხილის თუ ხორცის. ეგზოტიკურ კერძებს არ ვსინჯავ. ბარსელონაში ძალიან გემრიელი კერძები გავსინჯე. არაფერი უცხო, უბრალოდ, განსხვავებულად მომზადებული.
ერთი ამბავი გამახსენდა: 12 საათზე საპარიკმახეროში ვიყავი ჩაწერილი. უცბად კოტლეტის მომზადება გადავწყვიტე. სასწრაფოდ ვიყიდე საჭირო პროდუქტი. მზადებას რომ შევუდექი, 11-ს აკლდა 10 წუთი. როდესაც მოვრჩი და ყველაფერი მივალაგე, საათს შევხედე და 12-ს აკლდა 10 წუთი. ავღფრთოვანდი საკუთარი თავით – თუ როგორ მოვახერხე ზუსტად 1 საათში ჩატევა. თუმცა საპარიკმახეროში მისულმა მიმავალმა აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ფეხსაცმელი ჩამიცვამს.
კერძებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ის განცდა, რომ ჩემს გაკეთებულ საჭმელს გასინჯავენ და მოეწონებათ, ძალიან მიყვარს და მიხარია.

_MG_5419

ნანი ბრეგვაძე

კულინარიისგან ძალიან შორს ვარ. ყველაფერი ვიცი, მაგრამ მომზადების სურვილი არასდროს მქონია. ბავშვობიდან ასე ვიყავი მიჩვეული, დედა ამზადებდა, მერე ქალი, რომელიც ახლაც გვყავს და ეკაც შესანიშნავი კულინარია. სხვათა შორის,
ეს ნიჭია და თუ არ გსიამოვნებს პროცესი, ვერ გააკეთებ. მე გურმანიც არ ვარ და ალბათ ამიტომაც არ ვაკეთებ. გურმანებს თვითონ სიამოვნებთ მომზადებაც და მირთმევაც. მე იმის თქმაც კი მიჭირს, გამორჩეულად რა მიყვარს. ტკბილი საერთოდ არ მიყვარს, არასდროს მქონია ეს მისწრაფება. ტორტს რომ ელოდებიან სუფრაზე, მე რეაქცია არ მაქვს. ტორტის მირთმევა შემიძლია დილით ჩაისთან, ისიც იშვიათად. ქართული სამზარეულოდან ფხალი მიყვარს. დედაჩემი ძალიან კარგად ამზადებდა ეკალას. მიყვარს, იაპონური სამზარეულო, ჩინური, ვიეტნამური, ინდური, ზოგადად აზიური კერძები. პირველად ბაყაყი კუბაში გავსინჯე. თავიდან, რომ მოგვიტანეს არც ვიცოდი რა იყო, მწყერს ჰგავდა. ძალიან გემრიელია, ოღონდ სანამ ცხელია, უნდა მოასწრო ჭამა, მერე გემოს კარგავს. მიყვარს ლოკოკინები ნიორში.
ბოლო ხანებში უფრო მსუბუქ კერძებს ვჭამ. ადრე ტოლმა მიყვარდა. საერთოდ კომბოსტო მიყვარს. სახლში როდესაც ტოლმას აკეთებენ, ვთხოვ, რომ ნაკლები ხორცით და მეტი ბრინჯით გააკეთონ, რადგან ბრინჯიც ძალიან მიყვარს. ჩინური ბრინჯი ძალიან გემრიელია. ხორცეულიდან ქათამს ვანიჭებ უპირატესობას. პატარა ულუფებით ვკმაყოფილდები. ზუსტად იმდენს ვდებ თეფშზე, რამდენსაც მოვერევი. ყოველთვის ვარეგულირებდი ჩემი კვების რაციონს. მაგალითად, გასტროლების დროს ცხიმიანი საკვებისგან თავს ვიკავებდი. კონცერტის დღეს საერთოდ არ ვეკარები საჭმელს, ან ძალიან ცოტას გეახლებით. დილით შვრიის ფაფით ვსაუზმობ. ბოლო დროს ყავა ჩაით ჩავანაცვლე. მიყვარს კარგი ხარისხის, ჩაიდანში დაყენებული ჩაი. მიუხედავად იმისა, რომ მზადების პროცესის მიმართ გულგრილი ვარ, ძალიან მიყვარს სუფრის გაშლა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გაწყობის კულტურას და ესთეტიკურ მხარეს. მახსოვს, პანამაში გვქონდა გასტროლები და იქ შევიძინე მაგიდის გადასაფარებლები, რომლებსაც დღემდე ვხმარობ. ყოველდღიური სუფრაც ლამაზად გაწყობილი მიყვარს. ოპერის მომღერლებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ. სიგარეტის კვამლსაც კი უნდა მოერიდონ. ძალიან რთული რეჟიმი აქვთ. ეს ნატალიასაც შეეხება.
ესტრადის შემთხვევაში, უფრო მარტივია, რაც გინდა აკეთე, თუ გინდა ხმაც არ გქონდეს, თან ეხლა მოდაშია არც ხმა გაქვს, არც სმენა და მაინც მღერი, ამაზე ადვილი არაფერია. არაჩვეულებრივი დრო მოვიდა.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com