დილის რვა საათზე თეირანის მხურვალე მზემ, რომელიც არც თავს ზოგავს და არც ადამიანებს, მძიმე ფარდებშიც კი შემოაღწია და გაღვიძება მიბრძანა. ძილ-ბურანში ჯერ კიდევ პერსეპოლისის ფრთიანი ხარები და მათი ლაპის ლაზურით შემკობილი თვალები მელანდებოდა.
შირაზიდან გუშინ გვიან დაბრუნებულს ჩემი მეგობარი და მასპინძელი, მშვენიერი გოლშიფტე ჯერ არ მენახა, მაგრამ არ მინდოდა შირაზზე ოცნების დასრულება. გავარვარებულ მზეს ზურგი ვაქციე და ბაზრის ვიწრო ლაბირინთებში მოვინდომე დაბრუნება, სადაც სალოცავ ქვებს და მოჭიქულ ფილებზე დახატულ ყვითელ იადონებს ჩავუვლიდი და შაჰ ჩერაყის მეჩეთის ეზოში აღმოვჩდებოდი. მისი გუმბათის, მილიონობით სარკის
ნატეხის წყალობით ბრილიანტივით მოელვარე სინათლეში დავინახავდი გულმოდგინე მლოცველთა შუბლზე,
სალოცავ ქვას რომ აჭერენ, აღბეჭდილ ღმერთის სახელს.
ამ ზმანებაში ჭურჭლის წკრიალი შემოიჭრა და შირაზიც საბოლოოდ აორთქლდა.
მალე სამზარეულოდან გამოსულ ხმაურს საოცარი არომატებიც დაემატა და თეირანის რეალობამ ხორცი შეისხა.
თუმცა, ეს რეალობა ცოტა უცნაური იყო.
გოლშიფტე გოლესტანი ირანული კინოს ვარსკვლავი და ახლა უკვე მსოფლიო კინოს მონაპოვარი, რომელმაც ერთხელ ჩემს პატივსაცემად გადაწყვიტა თავად გარკვეულიყო სარეცხი მანქანის სისტემაში, რასაც ჩემი ტანსაცმლის სრული განადგურება მოჰყვა, დილის 8 საათზე ხორციან ტაფასთან, ხახვიანი ხელებით, იმდენად აბსურდული და სახიფათო სურათი იყო, რომ სასწრაფოდ ჩაცმა და სამზარეულოს დაზვერვა გადავწყვიტე.
კიბეს ჩავუყევი და ახლა სამზარეულოდან ღიღინის ხმაც მომესმა, თუმცა ხმა აშკარად კაცის იყო. სანამ
მომხდარის ვერსიებს თავში ვალაგებდი, გოლშიფტეს სიცილი და ძაღლების ყეფა გავიგე. სულ რაღაც ერთ წამში
ის უკვე გულში მიკრავდა. ასე იციან ირანში, ყოველთვის ისე გხვდებიან, თითქოს საუკუნის წინ გნახეს და ისე
გექცევიან, თითქოს უკანასკნელი შეხვედრიდან ერთი წამი გავიდა.
დიდი ფუმფულა ულვაშებით შემკული, მომღიმარი ადამიანი, უცნაური ქუდით, რომელსაც სამზარეულო
დაეპყრო, მზარეული აღმოჩნდა. იგი უმნიშვნელოვანეს და ყველასთვის საყვარელ საგაზაფხული კერძს ამზადებდა, ბატკნის ხორცს, უამრავი მომჟავო გემოს მწვანილით და მწვანე ტყემლებით. დიახ, ჩვენებური ჩაქაფულის იდენტური კერძი ირანშიც გაზაფხულის მოსვლასთანაა დაკავშირებული. ოღონდ, ირანში ტარხუნის ნაცვლად გარეულ ბალახს იყენებენ, რომელსაც გაზაფხულზე მთაში აგროვებენ. აქამდე ჩემი ირანული კულინარიული გამოცდილება აურაცხელი სახის მწვადით, ამ ქვეყანაზე ყველაზე კარგად მოხარშული ბრინჯით (აი, ისეთით ყველა მარცვალი ცალკე რომაა, დღემდე მიუწვდომელი სიმაღლე ჩემთვის) და მაყვლის სოუსში ჩაწყობილი ქათმის კერძით შემოიფარგლებოდა.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი კერძი მხოლოდ იმით განსხვავდება ქართული ვერსიისაგან, რომ უფრო მოტკბოა და მას ხშირად შებოლილ ბრინჯთან ერთად მიირთმევენ.
შებოლილი ბრინჯი ცალკე განხილვას მოითხოვს. საქმე ის გახლავთ, რომ თავის დროზე ბრინჯს მწერებისაგან დასაცავად ბოლავდნენ. მომზადების შემდეგ მას შორეული კოცონის არომატი დაჰყვება,რომელიც ჩემში ლორის ასოციაციას იწვევს. დღეს ირანში შებოლილ ბრინჯს, ძირითადად, საგემოვნო თვისებების გამო მიირთმევენ. ეს ყოველთვის ბრინჯის ექსტრა გრძელი სახეობაა.
აღარაფერს ვიტყვი ტკბილეულის მაღაზიაზე, სადაც დახლზე გოზინაყის პრინციპით შექმნილ, თხილის ყველა სახეობისგან დამზადებულ ნუგბარს იპოვით.
ძირითადი საგემოვნო სხვაობა ქართულ და სპარსულ კერძებს შორის, ალბათ, ზაფრანის გამოყენებაა. ჩვენში ხშირად ზაფრანის ყვავილსა და ყვითელ ყვავილს ერთმანეთში ურევენ. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან საუკუნეების
განმავლობაში უძვირეს, ოქროს ფასის მქონე პროდუქტ ზაფრანას იაფი ყვითელი ყვავილით ანაცვლებდნენ.
გამახსენდა პერსეპოლისის სასახლის კედლებზე ჩამწკრივებული ბარელიეფები. მეფე დარიოსის აპადანაში, ქვეშევრდომების მისაღებ სასახლეში, გაზაფხულის აღსანიშნავად, მისი საბოლოო გამარჯვების საზეიმოდ,
ძღვენით ხელში, მთელი იმპერიიდან მოდიან ყმები. ზოგს ბატკანი ჰყავს ზურგზე მოკიდებული, ზოგს ჯეჯილი
მოაქვს, ზოგს კი კვერცხი, როგორც ახალი სიცოცხლის სიმბოლო. ირანში ახალ წელს დღესაც 21 მარტს აღნიშნავენ და საზეიმო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი შეღებილი კვერცხი და ჯეჯილია.
ლოგიკურია, საგაზაფხულო კერძი, „სპარსული“ ჩაქაფული იყოს. თუ საკვები კულტურათა დიალოგს
გვაჩვენებს, საქართველოსა და ირანს უფრო შეხმატკბილებული სიმღერა
გამოსდით, ვიდრე უბრალო საუბარი. ქართული „იდენტობის“ დამცველთა სანუგეშოდ, ხინკალი წმინდა ქართული გამოგონება რომ ჰგონიათ, მხოლოდ ის შემიძლია დავამატო, რომ კერძების ჩვენი ვერსიები, მართლაც, უფრო გემრიელია, თუ ჩემს გემოვნებას ენდობით, რა თქმა უნდა.