დათო, ხშირად ხარ სამზარეულოში?
სამზარეულოში დიდ დროს ვატარებ, განსაკუთრებით, ზამთარში – მეგობრები, სიგარეტი, ჩაი და ჭორაობა.
რა კერძის მომზადება შეგიძლია, ან საერთოდ თუ ამზადებ?
მსიამოვნებს რაღაცების მომზადება, თუ ვაკეთებ, გულით ვაკეთებ. ზოგადად, ხომ ამბობენ, რომ კაცები უკეთესი კულინარები არიან. აი, კვერცხს ვწვავ მაგრად.
კვერცხს ყველა მაგრად წვავს..
არა, მე ვაკეთებ ყველით და ამბებით. უნდა გასინჯო, გადმოცემით ვერ მიხვდები. შემიძლია კარტოფილის, ხორცის შეწვა. როცა ხასიათზე ვარ, მაშინ ვამზადებ. ისე ყველაზე ძალიან ხაჭაპური მიყვარს.
საფირმო კერძი თუ გაქვს?
არ ვიცი, ალბათ, მწვადი, კარგად ვწვავ,მაგრამ იშვიათად.
ჯანმრთელი საკვებით იკვებები?
„მაკდონალდსში“ დავდივარ. რაც გემრიელია, იმას ვჭამ. მეტყობა კიდეც. ვწუხვარ, რომ ქართულ სუფრაზე ხორცი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, თევზი და ტორტი ერთად დევს. ეს კატასტროფაა.
– “ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, მძიმე კაცს ეძახიან, მე კი მგონია, რომ ეგაა ფეხმძიმე კაცი”.
– “უინტერესო ფორმატი”.
– “ტაბულაში მოვიდე? მეე? როგორ გეკადრებათ?
– “ვერ მოვალ, წელი მტკივა. (მერე მობრძანდით) იცით, ქრონიკული მაქვს”.
– “ტაბულასთან არ ვთანამშრომლობთ”.
“ნუ გეშინიათ, მეგობრებო, მოდით, არ შეგჭამთ, ეს ხომ გასართობი გადაცემაა”. _ ეს დათო კოვზირიძის პოსტია, რომელსაც მის ფეისბუქზე წავაწყდი.
“მძიმე კაცი” _ ასე ჰქვია გადაცემას, რომელმაც ქალაქში არაერთხელ და არა ერთი სკანდალი გამოიწვია. სკანდალი შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა საზოგადოება რომ აალაპარაკა – ფაქტია. გადაცემის შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, მანამდე კი „კულინარტი“ კულინარ დათო კოვზირიძეს წარმოგიდგენთ.
აბა, როგორი უნდა იყოს ქართული სუფრა?
ქართული სუფრა იყო, დღეს რომ პარიზში სადილობენ – ისეთი: პირველი კერძი, მეორე, დესერტი და კონიაკის წრუპვა. მაინც, მგონია, რომ ეს ე.წ. აჯაფსანდალი საბჭოთა კავშირის გავლენაა.
გამოდის, რომ არ მოგწონს ქართული სუფრა?
-ბავშვობაში, მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო გახურებული, პატრიოტული განცდები მქონდა, სადღეგრძელოების თქმა მსიამოვნებდა, “საქართველოს გაუმარჯოს” ვამბობდი. დღეს, თითქოს დამახინჯდა ეს ყველაფერი. ნანახი მაქვს სადღეგრძელოების სია. ასე ჰქვია: “60 აუცილებელი სადღეგრძელო”. ასეთ სუფრებს ვერიდები, სიამოვნებას აღარ მანიჭებს. დროის ტყუილი ფლანგვაა და ამდენი დრო არ მაქვს. მგონი, ძველი კულტურა უნდა დავიბრუნოთ, იმიტომ რომ კულტურული ერი ვართ.
ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ყველაზე “მძიმე კაცი” ხარ, გაღვიძებიდან საუზმემდე…
კი ასეა, დილით ყავა უნდა დავლიო და დიდი, დიდი ორცხობილა ჩავაწო. ჭამა არ შემიძლია შუა დღის ორ საათამდე.
ვისი მომზადებული საკვები მოგწონს?
დედაჩემი მყავს მიმაგრებული ამ საქმეზე, მიყვარს დედის გაკეთებული. მაგრამ, აი, საცივს ჩემი მეგობრის დედა აკეთებს სასწაულად. გურმანი ვარ. ახალი კერძების გასინჯვა მომწონს. თითქმის ყველაფერი მაქვს გასინჯული გველის და ბაყაყის გარდა. ჭამა მევასება.
ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკვების მომზადება?
აუცილებელი არ არის, თუ იცის, კარგია. წავიდა ის დრო, ქალები სახლში რომ ისხდნენ და საჭმელს ამზადებდნენ. ახლა მზა იყიდება ყველაფერი. ქალებს ეს ტვირთი მოეხსნათ. რატომ არ იცი
ნიგვზიანი პრასის გაკეთება? _ ეს ტენდენცია დღეს სასაცილოა.
არის კერძი, რომლის მომზადებაც გინდა რომ ისწავლო?
კი, სუში.
შენთან საუბრის დროს, არ შეიძლება, არ გკითხო შენს გადაცემაზე. რატომ ჰქვია “მძიმე კაცი” და სად დაიბადა გადაცემის შექმნის იდეა?
მე ვარ ადამიანი, რომელიც თავისთვის სულ რაღაცებს იკვლევს, არკვევს, მაგრამ არ ლაპარაკობს. ერთ საღამოს მეგობართან ვისხედით, ლუდს ვსვამდით. ჩემს ერთ მეგობარს ტელევიზიის გაკეთება ჰქონდა გადაწყვეტილი. მითხრა, შენ უნდა გააკეთო გადაცემაო და თან “მძიმე კაცი” უნდა დაარქვაო. გავიდა ერთი კვირა და დამირეკა, მოდი პილოტი უნდა ჩავწეროთო. ჩავწერე და მოეწონათ. ასე გაჩნდა “ტაბულა”-ზე გადაცემა “მძიმე კაცი”.
რა კრიტერიუმით არჩევ რესპონდენტებს?
მე თვითონ მაინტერესებს კონკრეტული ადამიანები. შეიძლება ვინმეს ათი ინტერვიუ მქონდეს მოსმენილი, მაგრამ არ ვიცოდე მის შესახებ ის, რაც მაინტერესებს. ჩაწერამდე ბევრს ვსწავლობ ჩემს სტუმარზე, მის მეგობრებს ვეკითხები, ვკითხულობ. მოკლედ, კარგად ვემზადები.
მიზანმიმართულად სვამ ასეთ განსხვავებულ შეკითხვებს?
ამ შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს და იმიტომ ვსვამ. თან რესპონდენტის მიხედვითაც ვხვდები, თუ სტუმარი ცანცარებს და იუმორით გპასუხობს, იმას უცბად ნიცშეზე ვერ დავუსვამ შეკითხვას.
ობიექტურად რომ შეხედო, ხალხს რა ასოციაცია აქვს შენს გადაცემაზე?
– მაგალითად მე, სიამოვნებით მივიდოდი სტუმრად ამ გადაცემაში. უბრალოდ, მაინტერესებს, გავქაჩავდი თუ – არა. ეს გადაცემა ხომ გაქაჩვაზეა. ან იუმორით უნდა გაქაჩო ან გულწრფელობით. ყველაზე ცუდია, როდესაც რესპონდენტი ვერ გიქაჩავს, სიმართლეს როცა არ ამბობენ, აი, იქ ერხევათ ხოლმე.
სად იყავი აქამდე? ხალხმა “მძიმე კაცით” გაგიცნო.
აქამდე ვწერდი. 1996 წლიდან სხვადასხვა გამოცემაში ვწერ. ვფიქრობ, რომ წერა უფრო კარგად გამომდის და მეტად მიყვარს კიდეც. მაგრამ ტელევიზიასაც თავისი ხიბლი ჰქონია. ჩემი გადაცემის ფორმატიც მომწონს. აი, ვერასოდეს ვერ წავიყვან ისეთ გადაცემას, სადაც ჩქარა ლაპარაკობენ.
სიახლეს ხომ არ გეგმავ ახალი გადაცემის სახით?
კი, ვმუშაობ ახალ გადაცემაზე, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი იქნება. დეტალებს ჯერ ვერ მოგიყვებით, მაგრამ გპირდებით, რომ პირველი თქვენ გეტყვით ამის შესახებ.
და ბოლოს, ისევ კულინარიას დავუბრუნდები. რას მოამზადებ „კულინარტის“ მკითხველისთვის?
სპეციალურად თქვენთვის მოვამზადებ “კუსკუსს”, ლიბანურ კერძს ქართული ელემენტებით. მარტივად კეთდება და ძალიან გემრიელია. ეს კერძი პირველად ამსტერდამში გავსინჯე. მოგვიანებით ვახო ბაბუნაშვილმა მასწავლა მისი მომზადება, ახლა მე თქვენ გასწავლით.
რეცეპტი:
ჩავყაროთ კუსკუსი ჯამში,
250 გრ ადუღებული წყალი ვასხათ და თან ვურიოთ.
შემდეგ დავახუროთ თეფში, რომ შებუჟბუჟდეს.
დავჭრათ ხუთი ცალი მწვანე ხახვი და ქინძი.
ჩავყაროთ მწვანილი, მარილი გემოვნებით, ქარი ბლომად და ვურიოთ.
წყალს ვამატებთ საჭიროებისამებრ.
ჩავაყრით კუბიკებად დაჭრილ ლიმონის კანს და ყველს.
ვასხამთ 50 გრ ზეითუნის ზეთს,
სამი წუთი ვაყენებთ თავდახურულს.
მზა “კუსკუსს” უხდება სოიოს სოუსი
ვამატებთ სიმინდის მარცვლებს და ცხელ წყალს,
სამ წუთში მზად არის ლიბანური “კუსკუსი”.
ფოტო: ანა ბოკო