არაფერს გამოვყავარ წყობიდან ისე, როგორც ფრაზას – ეს ვის გაუგია?! მე გამიგია და დროა თქვენც გაიგოთ.
საბედნიეროდ, კულინარია არ არის ზუსტი მეცნიერება, რაც ჩვენს ნიჭსა და ფანტაზიას ფართო გზას აძლევს. ვფიქრობ, ამ სფეროს ბოლოდროინდელი პოპულარობა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.
კერძის შეფასების მთავარი კრიტერიუმი რომ გემოა, ამაზე უკვე შევთანხმდით. მაგრამ, გარდა ამისა, ვთვლი, რომ მისი დანახვისას რაღაც განცდა უნდა გაუჩნდეს ადამიანსმოწონება, გაკვირვება. კერძსაც უნდა ჰქონდეს თავისი კონცეფცია.
მახსოვს, როგორ გავამწვანე ღომი “შუა დღის შოუში”. გავამწვანე, იმიტომ რომ თეთრ გებჟალიას და თეთრ ღომს ფერები აკლდა. ასე უფრო სახალისო მეჩვენა. რაც მთავარია, გემოს ბალანსიც არ დაირღვა.
იყო პროტესტი, იყო მოწონებაც და გაკვირვებაც. საბოლოოდ, კი გებჟალიამ მწვანე ღომით „შავი ლომის“ მენიუში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა. სწორედ ეს რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ და თავად განსაჯეთ.
გებჟალიას ბურთულები მწვანე ღომით (სადილი ორ ადამიანზე)
საჭირო მასალა
* 350 გრ სულგუნი
* 5-7 ღერი პიტნა
* 4-5 ღერი ქინძი
* 1 კბ ნიორი
* 100 გრ გაწურული მაწონი
* 100 გრ არაჟანი
* 100 გრ ისპანახი
* 400 გრ მოხარშული ღომი
* მარილი გემოვნებით
გებჟალიას ბურთულები
დავჭრათ სულგუნი 1 სმ სისქის ნაჭრებად, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 5 წუთი. გადავწუროთ და გავიმეოროთ პროცესი.
პარალელურად, წვრილად დავჭრათ ნიორი, ქინძი, პიტნა, მწვანე წიწაკა, ცოტა მარილი და დავაბლენდეროთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
ავიღოთ სულგუნის ნაჭერი, გადავუსვათ ბლენდერში მომზადებული მწვანე მასა, ხელის გულზე გავაბრტყელოთ და გავწუროთ. გამოსული წვენი შევინახოთ. სანამ სულგუნი ცხელია, სწრაფად გავაკეთოთ ბურთულა, ისე, რომ მწვანე მასა შიგნით მოექცეს. ასე გავაკეთოთ 6 ყველის ბურთულა.
მაწვნის სოუსი
ერთმანეთს ავურიოთ მაწონი, არაჟანი და შევურიოთ სულგუნიდან გამოსული წვენი.
მწვანე ღომი
მოვხარშოთ ღომი, ცალკე დავაბლენდეროთ ისპანახი, 2 ღერი პიტნა ცოტა წყალთან ერთად და ღომში
ამოვზილოთ.
თეფშზე დავალაგოთ სულგუნის ბურთულები, მოვასხათ მომზადებული მაწვნის სოუსი და გვერდზე
მივუდოთ მწვანე ღომი. გავაფორმოთ პიტნით.