ვიკა ბუკიას კულინარიული ბლოგი

სუფრა, რომელსაც ჩიტის რძე არ აკლია

2_issue_culinartjejd

ქორწილი. ამ სიტყვის ყველაზე მასშტაბურ გაგებაზე რომ ვფიქრობ _ პირველი, რაც მახსენდება, ჩემი გრძელი და უშვებელებელი კაბაა, ტერორისტი თამადა, მეჯვარეები ლოკონებით და „სამსართულიანი სუფრა“.
ეს 8 წლის წინ მოხდა. დიახ, მე, ორგანიზაციული რიტუალების მტერს ქორწილი მქონდა და ჩემს ქორწილში „სამსართულიანი სუფრა“ იყო; მაშინ ისიც ითქვა, რომ „ეს იყო გადასარევი და არნახული სუფრა. “მე კი წლების შემდეგ, ისღა დამრჩენია, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე სამწუხარო მასკულტურული ღონისძიება თვითირონიით გამოვისყიდო.
ალბათ იცით, რაც უფრო ბევრი სართულია სუფრაზე, მით უფრო მაძღარია საზოგადოება. თუმცა, აქ უხერხული არა მხოლოდ რაოდენობაა, არამედ სიუჟეტი, რომელიც ასეთ სუფრებზე ვითარდება. WELCOME ყველას, ვინც ჩემსავით დარდობს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანები ბერდებიან „ოლივიეს“ ჭამაში და არც „ნაპოლეონზე“ მოყრილი „პუდრა“ ბეზრდებათ; არ ბეზრდებათ მაშინაც კი, როცა ეს „პუდრა“ ხან სახეზე უსვიათ, ხან კაბაზე აყრიათ, ხანაც ხელები აქვთ ამოგანგლული. მე იმ „გათხუპნულ ადამიანებს“ ვგულისხმობ, რომლებიც ყოველთვის ისტერიულად აღნიშნავენ, როცა მათ ცხოვრებაში რაღაც უჩვეულო ხდება _ ცოლს ირთავენ თუ თხოვდებიან; ან შვილს აჩენენ თუ მანქანას „ასველებენ“ _ ყოველთვის ერთნაირი რიხით მიდიან რესტორანში და კაცმა არ იცის უკვე მერამდენედ მექანიკურად უკვეთავენ ამას: ვისაც კი „ქართულ-ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ რესტორანში“ პურ-მარილი ერთხელ მაინც შეუკვეთავს, ისიც ეცოდინება, რა საოცრად ჰგავს მენიუს შემდგენელი აიტიპროგრამისტს _ პრინციპული, უტყვი, პროფესიონალი. აღიზიანებს დაბნეული მომხმარებლის უმეცრება, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ კარტოფილი ცხელ კერძებთან ერთად მოაქვთ და მთლად უარესი! – არ იცის, რომ სუფრაზე იმერული ხაჭაპური უფრო „იჭმევა“, ვიდრე მეგრული და საერთოდ, აცადეთ ამ კაცს, ნუ ერევით მენიუს შედგენაში და მოუსმინეთ: – „ქალბატონო, უკვე 20 წელია რესტორნები მოვიარე _ ასეთ სუფრებზე, გენაცვალე, იმერული მიდის… კარტოფილი ცალკე არ იჭმევა, დამიჯერეთ, ამის მეტი, არაფერი ვიცი _ ოჯახური ურჩევნიათ!…. არა ქალბატონო, რას ამბობთ? კარგი სუფრა თუ გინდათ, აი, ისეთი, ხოშიანი, მაშინ გოჭის გარეშე _ გამორიცხულია!… ნამცხვრებს მარტო ქალები ჭამენ… კაცებითვის ხორცი საკმარისია.. ბავშვებს ხომ უნდათ ლიმონათი, ეს არ ეყოფა და ა.შ“.

2_issue_culinart1_Page_114
როგორც წესი, ამ „პროფესიონალური“ და სექსისტური რჩევების შედეგად, დანიშნულებამდე კერძების მხოლოდ 40% აღწევს; ასეთ დროს მოქმედებას იწყებს PLAN B. ერისთვის ასე საყვარელი „ნამცეცობა“, რომელიც კერძების ბოლომდე ამოღების მიზნით კარგი მენეჯმენტია და ასევე „სისხლის აღების“ შესანიშნავი შესაძლებლობა ქორწილში ნაცემი კაცებისთვის.
ასეთ სუფრებს ყოველთვის აქვს ერთი ხელწერა, რომელიც მთელ საბჭოთა კოლექციას თან სდევს _ სალათს მაიონეზის გარეშე, უბრალოდ, ვერ ნახავთ; მაიონეზის არომატი სათავეს იღებს „ოლივიედან“, სალათების შემდეგ, ცივი კერძების თითქმის ყველა ინსტანციას მოივლის და ცხელ კერძებშიც ვლინდება. მაიონეზის ბოლო „გაელვება“ სქელი პიცაა, რომლის ყველა ნაჭერს თეთრი სკლინტივით ადევს.
ამ ცხელი და ცივი კერძების სექციებს თუ გადავახტებით და რამდენიმე წელიწადს უკან გადავახვევთ, დესერტების ნუსხასაც წავაწყდებით: „დათუნია“ ან „მიშკა,“ „დღე და ღამე“, „ანიუტა“, „მიკი“, „მედოკი“ და „ნაპოლეონი“, რომელიც უკვე ვახსენეთ.
ოთხი ცალი ფირფიტისგან და კრემისგან შემდგარი პრიმიტიული ნამცხვრების მუსიკალური არანჟირება რომ დამავალონ (უცნაური დავალებაა, მაგრამ მაინც), ზუსტად ვიცი, სამნოტიანი რუსული სიმღერა, უბრალოდ, დააკვდება! ისე, საბჭოთა კულინარიის მსხვერპლი ცოტათი ყველანი ვართ _ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ჰაეროვანი „ჩიზქეიქით“ ვტკბებით, ხანდახან მაინც გვენატრება კულინარიის ყველაზე რასისტული ნამცხვარი _ „ზანგის ღიმილი პელე.“ განა ყოველთვის ლხინია. ხანდახან ისეც ხდება, რომ ქელეხშიც გვიწევს სიარული. და მაინც, რა არის ეს ქელეხი?
„გუგლში“ ამოგდებულ პირველწყაროს თუ დაეჯერება „ქელეხი – ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ადამიანის სიკვდილის აღსანიშნავად დროს ტარებას“. და რადგან ერთადერთი წყარო „ჩიტიპედიაა“, ღრმა ფსიქოანალიზის გარეშე გავიხსენებ ბოლო ქელეხს, რომელსაც ვესწრებოდი; ეს იყო ჩემი კლასელის ბებია; ეს მოხდა საბანკეტო დარბაზში; საერთოდ, ეს რიტუალი, როგორც წესი, საბანკეტო დარბაზებში იმართება, ზუსტად არ ვიცი რატომ _ შესაძლოა რესტორანს ზედმეტად სადღესასწაულო ელფერი აქვს, ვიდრე საბანკეტო დარბაზს _ ღმერთმა დაიფაროს, რომ ჯერ არგაციებული მიცვალებულის სახელზე იქ ჭამონ, სადაც მათი წასვლის შემდეგ, დიდი შანსია, ბანკის თანამშრომლებმა კორპორატიული საღამო მოაწყონ.
მახსოვს, რომ ჩემი კლასელის ბებიის ქელეხში ძალიან ბევრი ვჭამეთ. სუფრაზე დაგვხვდა სალათი „მიქსი“ _ რაც კი რამე სუფრაზე იდო, ყველაფერი შიგ ეყარა,_ ხორცი, სოკო, კიტრი, პომიდორი, ოხრახუში. მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცების ჩაყრა მაინც დაავიწყდათ, მაგალითად, ჩემს გვერდით მჯდომმა ჭირისუფალმა „უდიდესი“ შეცდომა აღმოაჩინა – „მიქსს“, მისი გადმოსახედიდან, ქონდარი აკლდა. მაშინ ყველამ ვიფიქრეთ, რომ „ქონდრის ცოდვა“ ჩემი კლასელის ბებიას სადმე აუცილებლად წამოეწეოდა. წლების შემდეგ, ეს ფრაზა უკვე ჩემი გახდა. მართალია, საავტორო უფლება მე არ მეკუთვნის, მაგრამ, როცა ჩემი მეგობრები კულინარიულ „შედევრებს“ მასინჯებენ, რომ არ გათამამდნენ, ერთ შენიშვნას მაინც ვაძლევ – „ქონდარი აკლია“!
ქელეხს დავუბრუნდეთ – სტუმრები, რომლებიც სალათი „მიქსით“ უკვე საკმარისად დანაყრდნენ, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში არიან, თუ რას ჩამოატარებენ ამჯერად. კერძები ჩამოტარებით ცალკე ფილოსოფიაა, საუკეთესო ნაჭრის „დათრევა“ კი ნამდვილი მაფია. ლობიო, ხაშლამა, შილაფლავი და კორკოტი – ქელეხის MUST HAVE-ია. აქ შეიძლება ნახო დინოზავრივით გადაშენებული ე.წ. „ჩინური ტორტი“, ფლავი და მისი მეგობრები. თუ მარხვაა ეგეც არაა პრობლემა _ სამარხვო ყველი, მოდელირებული სოიოს კატლეტები,
სამარხვო მაიონეზი და ასევე სამარხვო ფუმფულა ნამცხვრები ყოველგვარ დისკომფორტს მოგიხსნით. ვინც მარხვაზე არაა, იმათაც მოუწევთ სულ ცოტა ხანი მიცვალებულის ხათრით იმარხულონ, რადგან ხორცს და ყველს, ამ სიტყვის ნატურალური გაგებით, აქ ვერ ნახავთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთ სადღეგრძელოს გეტყვით – მართალია, საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა, ჩვენს სტომაქში მისი ადგილი ყოველთვის მოიძებნება; ის ვლინდება კულინარიის სახით – ქეიფში, სადღეგრძელოებში, სუფრულ ტრადიციებში; ჰოდა, გაუმარჯოს საბჭოთა კულინარიას ქორწილსა თუ ქელეხში!

გაუმარჯოს `სუფრას, რომელსაც ჩიტის რძე არ აკლია~. აბა, დავლიოთ, მეგობრებო!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com