ყველა ნამდვილ კულინარს აქვს საიდუმლო ინგრედიენტი, რომელიც ამა თუ იმ კერძს განუმეორებელ გემოს ანიჭებს.
– “მე ამ სალათში გახეხილ ვაშლს ვამატებ”, _ ამბობდა ცნობილი ფილმის “სამსახურებრივი რომანის” ერთერთი გმირი. თქვენც სცადეთ და თქვენს კერძებში ყვავილები დაამატეთ! დიახ, დიახ, ნამდვილი ყვავილები.
წამყვანმა ევროპულმა რესტორნებმა გადაწყვიტეს, გაათამამონ სტუმრები და მენიუში ყვავილებისგან მომზადებული კერძები შეიტანონ.
ლონდონის, პარიზისა და ბარსელონას საუკეთესო რესტორნებში უკვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სტეიკი ზიზილას სოუსით, ლობსტერი ნასტურციით ან კიბორჩხალა ვარდის სოუსით.
ყვავილები გამოიყენება სხვადასხვა სოუსებში, სალათებში, თევზისა და ხორცის კერძებში. სპეციალისტების აზრით, კულინარების წინაშე ახალი შესაძლებლობებია. თუ ადრე ყვავილები რესტორნების ინტერიერს ალამაზებდა, ახლა ისინი მენიუსაც ამშვენებენ.
მაშ, ასე! ყვავილები თქვენს სუფრაზე
ნასტურცია
ეს მცენარე მდიდარია C ვიტამინით, ცილებით, მინერალური ნივთიერებებით და
განსაკუთრებით, რკინით. ნასტურციის ნარინჯისფერ ყვავილებს აქვთ მსუბუქი წიწაკის
გემო, რომელსაც გასულ საუკუნეში ევროპაში მადის გამაძლიერებლად მიიჩნევდნენ.
ფრანგებმა ამ ყვავილის საკვებში გამოყენება პირველებმა გაბედეს. დღემდე,
საფრანგეთში ბევრ სალათს, უფრო მეტი პიკანტურობისთვის, ნასტურციას უმატებენ.
ნასტურციის თესლს ძმარში ხარშავენ და იღებენ არაჩვეულებრივ, მწარე საკაზმს
თევზისა და ხორცისთვის.
სოუსი ნასტურციისგან ბუტერბროდებისთვის:
* 100 გრ ნასტურცია
* 2 კბილი ნიორი
* მაიონეზი
ნასტურციის ფურცლები ნიორთან ერთად გახეხეთ, ცოტა მარილი მოაყარეთ და აურიეთ მაიონეზში.
კიტრისუნა
ნედლი კიტრის სურნელის მქონე მცენარეს სახელიც შესაბამისი აქვს. ეს ყვავილი A, C ვიტამინითა და შაქრით. კიტრისუნას ფურცლებს უმატებენ სხვადასხვა განსაკუთრებით კომბოსტოსა და კიტრს უხდება.
სალათი კიტრისუნასა და ტკბილი წიწაკისგან:
* 300 გრ კიტრისუნას ფოთოლი
* 300 გრ ტკბილი წიწაკა
* 300 გრ მჟავე კომბოსტო
* მცენარეული ზეთი
კარგად გარეცხილი კიტრისუნა ავურიოთ ტკბილ წიწაკასთან ერთად, დავამატოთ კომბოსტო და მოვასხათ ზეთი.
ზიზილა
მსუბუქი თხილის გემო ორიგინალობას ჰმატებს სალათებს, კერძებს მაკარონითა და ბრინჯით.
ზიზილას ვარდისფერი და თეთრი ფურცლები შეგვიძლია გამოვიყენოთ კერძის გასაფორმებლადაც. მას აყრიან სალათებს, გახსნილ ბუტერბროდებსა და მოხარშულ ბოსტნეულს _ სუფრაზე მიტანამდე.
შროშანი
ჩინეთში შროშანს დიდი ხანია საკვებში იყენებენ. ფურცლებს აქვს მოტკბო გემო და უხდება მწვანილს, ამიტომ მას ხმარობენ სხვადასხვა ბოსტნეულის სალათებში. ყვავილის ფესვებს მიირთმევენ უმად, მოხარშულს ან მოთუშულს. შროშანისგან ხიზილალასაც კი ამზადებენ, რომელიც გემოთი ბადრიჯნის ხიზილალას ჰგავს.
შროშანის ხიზილალა
* 500 გრ ახლად გაფურჩქნული ყვავილი
* 3 ც ხახვი
* ნიახური და სანელებლები
ყვავილები გაატარეთ ხორცის მანქანაში, აურიეთ მოხრაკულ ხახვთან ერთად, დაამატეთ მცენარეული ზეთი, სანელებლები და შეწვით 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხიზილალა შეგიძლიათ მოათავსოდ ქილაში.
ლავანდა
ლავანდას უმატებენ სალათებში, ბოსტნეულის კერძებში, სასმელში. შეგიძლიათ რამდენიმე ყვავილი შამპანურშიც ჩააგდოთ, გააფორმოთ შოკოლადის დესერტი, ტორტი ან ნაყინი.
ვარდი
შუა აზიაში ვარდი ასწლეულებია კერძებში გამოიყენება. ფურცლებს აგროვებენ მზის ჩასვლამდე და ამუშავებენ ადგილზევე, არომატი რომ არ დაკარგონ. შემდეგ არომატიზირებულ ვარდის წყალს იყენებენ ეგზოტიკურ ჯემებში, რომელიც სუფრაზე ძლიერ ყავასთან ერთად მოაქვთ. ხილის სალათს ვარდის ფურცლები ჟოლოსა და თაფლის არომატს აძლევს. წვრილად დაჭრილი ვარდის ფურცლებით აფორმებენ სპაგეტისაც.
ვარდის ლიქიორი
* 125 გრ ვარდის ფურცელი
* 0.5 ლ წყალი
* 0.5 ლ კონიაკი
* 250 გრ შაქრის „პუდრი“
* 1/2 ჩ.კ დარიჩინი
ვარდის ფურცლებს დაასხით წყალი და 2 დღე დატოვეთ დახურულ ჭურჭელში. შემდეგ სითხე გადაწურეთ დოლბანდში და დაამატეთ კონიაკი, დარიჩინი, შაქარი და დატოვეთ 14 დღე. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაწურეთ და გემრიელად მიირთვით.