რამდენჯერ გიფიქრიათ ამ საკითზე …. ან, საერთოდ, გიფიქრიათ კი? მე არც ისე… არა, როგორ, წამიკითხავს ინტერესით, მომიძიებია ინფორმაცია, მომისინჯავს, გამომიცდია…
მაგრამ არ მიფიქრია!
არადა, უნდა ვიფიქროთ! მეც, თქვენც, ჩემმა მეგობრებმაც, ქალებმაც, კაცებმაც… ყველამ! უნდა დავაკვირდეთ, ვისწავლოთ, შევცვალოთ, დავხვეწოთ, მოვძებნოთ, ვცადოთ… მოკლედ, ერთხელ მაინც უნდა დავფიქრდეთ!
არადა, ეს “საკითხი” უფრო დიდი თემის ერთ-ერთი პატარა, მაგრამ ამით არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია.
თვით თემა კი ღრმა არის… ძალიან ღრმა. იმდენად ღრმა, რომ თუ “ანალიზში შევედით” შეიძლება ვერც “გამოვიდეთ”. არადა, შორს წასვლა სასარგებლოც კი იქნება. ზოგადად. განა ცუდია, თუ რამე ახალს ან განსხვავებულს ან თუნდაც ძველს, მაგრამ განახლებულს ვიტყვით…. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, სიყვარულზე, ინტიმზე, სექსზე – თუ ცოტას გავიცინებთ ან ცრემლი თუ მოგვადგება.
უბრალოდ, თავიდან სჯობს კიდეც ცოტა ზედაპირზე ვიტივტივოთ. დამხმარე ხერხებზე ვისაუბროთ და არა გრძნობებზე, ინსტინქტებზე. ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობაც ხომ ასე იწყებაზედაპირულად.
ხერხებით. ხრიკებით. თუმცა, მე მყავს მეგობარი, რომელიც ასევე ზედაპირულად, ყოველგვარი ხერხისა და ხრიკის გარეშე, იწყებს ყველა ურთიერთობას, წლობით აგრძელებს და შემდეგ ისე ზედაპირულად ამთავრებს, რომ მეორე მხარე, რომელიც ჯერ ერთი, დიდხანს ვერ ხვდება, საერთოდ, რით დაიმსახურა ამ ნეტარების ზედაპირზე ლივლივი, და მერე, როდესაც სრულდება, საერთოდ რა მოხდა მის თავს ვეღარ ხვდება. და რჩება ერთი რუსი (!) კლასიკოსის, ასევე კლასიკად ქცეული
ფრაზის ამარა: А был ли мальчик? …. ჩვენს შემთხვევაში, გოგო, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
დავბრუნდეთ აქ. ჩემს თავზე აბსოლუტურ მინიმუმს გეტყვით. ვარ საშუალო სტატისტიკური (ვგიჟდები ამ დეფინიციაზე და მზად ვარ, მოვარგო ყველას – განურჩევლად ასაკისა, რასისა, სქესისა, ცხოვრების წესისა, ორიენტაციისა და რელიგიური პრეფერენციებისა) ახალგაზრდა ქალი. მიყვარს ჩემი ოჯახი, მეგობრები და ჩემი საქმე. ვამაყობ, რომ ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის პიონერი, არ მაწუხებს “უმეტესობა” კომპლექსებისა (ყურადღება! უკომპლექსობა არ აგვერიოს ეპატაჟში და სურვილში “გამოვიკვეთოთ მასიდან” – მაგ ასაკიდან გამოვედი), ვარ მეტად თავდაჯერებული (ხანდახან გაუმართლებლად), მიზანდასახული, ბრძენი, ცინიკოსი, მებრძოლი. არ მიყვარს სიყალბე. ზოგადად, ყველანაირ ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა და არასოდეს არავის ვკიცხავ. მიმაჩნია, რომ მორალი პირობითი და ინდივიდუალური “გაგებაა”.
მგონი, საკმარისია პირველი ავტოპორტრეტისთვის. დავუბრუნდეთ “საკითხს” – პირობითი სახელით კულინარიული დღესასწაული ურთიერთობებში – და ურთიერთობის დაწყების თემას. ალბათ, 99 % სასიყვარულო ურთიერთობისა იწყება რესტორანში, კაფეში, პარკში ან სახლში. დაწყებული სამკურსიანი ვახშმიდან, გაცვეთილი ხილის ასორტით და მზესუმზირის კვნეტით დამთავრებული – საკვები ელემენტი ადგილზეა. საკვები გვხვდება ურთიერთობის დასრულების სცენებშიც. “ლაივშიც” და ფილმშიც გვინახავს თავზე დამხობილი პასტა და სახეში შესხმული სუპი (მაპატიებენ ნათესავები).
ყოველდღიურ ლექსიკონში არ ვხმარობთ, მაგრამ ერთხელ მაინც გვითქვამს ან გაგვიგია სიტყვა აფროდიზიაკი. აფროდიზიაკებს (სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტას საპატივცემულოდ) ეძახიან ელემენტებს, რომლებსაც აქვთ უნარი (არა მეცნიერულად, მაგრამ პრაქტიკულად დამტკიცებული), პირდაპირ იმოქმედონ ლიბიდოზე და არა მხოლოდ “მოგანდომონ” სექსი, არამედ საოცრად სექსუალურად გაგრძნობინონ კიდეც თავი (ყურადღება! არ აგვერიოს ალკოჰოლში, რომლის გადაჭარბებულად მიღება არათუ აქვეითებს ლიბიდოს- ორივე სქესში – არამედ საშინლად არასექსუალურს ხდის ქალსაც და კაცსაც – თუმცა, დაგეთანხმებით, = ალკოჰოლს აქვს უნარი დაგაჯეროთ, რომ ყველაზე, ყველაზე ხართ… ცოტა ხნით). ყველაზე გავრცელებული აფროდიზიაკებია შოკოლადი, მარწყვი და რამდენიმე სახის, თბილისში მიუწვდომელი (არის ამაშიც რაღაც) ზღვის პროდუქტი. ამის შესახებაც მერე.
ახლა კი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა სერიიდან
food vs sex – how to v1 vrs 1
არ დაგიწყებთ “ჭკუის სწავლებას”. ისედაც ვიცით, თუ პაემანზე მივდივართ, ნივრიანი (აფსუს, არადა აფროდიზიაკია) ან ხახვიანი კერძი არ უნდა მივირთვათ. ისიც ვიცით, რომ მზესუმზირის კვნეტა და კანის გადაფურთხება ძალიან არასექსუალურად გამოიყურება. არც იმას გეტყვით, რომ პაემანზე მშიერი მიხვიდეთ ან იქ ამოიკეროთ პირი. მშიერი კაცი ხო აუტანელია? კაცებისგან ვიცი, რომ მშიერი ქალის თვალები უარესია! დიდი (არაკეთილი) მეზობელი ქვეყნიდან კიდევ ერთი ფრაზა ჩაიბეჭდა ჩვენს ყოფაში – მამაკაცის გულთან მისასვლელ გზებზე და კუჭზე. არ ვეთანხმები. როგორც მინიმუმ, მიმაჩნია, რომ იგივე ითქმის ქალის გულთან მისასვლელ გზებზეც და მეორე – როდესმე მეზობელი ქვეყნის ქალების მუდმივ პრობლემაზეც ვისაუბრებ და მივხვდებით, რატომაა რუსი ქალისთვის ეგ “მარშრუტი” აქტუალური და ქართველისთვის – არა. ასევე, მე თუ მკითხავთ, ქალმა არასოდეს უნდა ჭამოს ხინკალი! ამაზე მთელი თეორია მაქვს და მისი მოსმენის შემდეგ უმეტესობა”ქალური კომპლექსებით” შეპყრობილი ქალი ხინკლის არსებობას სამუდამოდ ივიწყებს. თეორიაც მერე.
გადავიკითხე და მივხვდი, რომ შევეხე ურთიერთობის დაწყებას, ცოტა დასრულებას და ოდნავ აფროდიზიაკებსაც, მაგრამ არაფერი მითქვამს “მთავარზე”! ჩემსავით, ნახევრად საბჭოთა ბავშვობაგამოვლილები, დამეთანხმებით, თუ რაოდენ დიდი „ჰაილაითი“ იყო ფილმი 9 1/2 და განსაკუთრებით, სცენა მაცივართან. წლები გავიდა და ეს სცენა არ კარგავს არც სიძლიერეს, არც აქტუალობას და დამსახურებულად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ეროტიკულ კინოსცენად ფილმის ისტორიაში. ჩემთვის, პირადად, ამ სცენის სექსუალურობა მარწყვსა და რძეში კონცენტრირდება.
ის, რაც ეკრანზე ასე გვიზიდავს, სინამდვილეში სერიოზულ მომზადებას, მოხერხებულობას და კრეატიულობას მოითხოვს (ასევე: ტკბილის უზომო სიყვარულს, დიაბეტის არქონას და დიეტაზე არჯდომას). ვისაც გაგისინჯავთ
(და გიცდიათ), დამეთანხმებით, რომ მარწყვი, თხევადი შოკოლადი, ათქვეფილი ნაღები, ნაყინი და ა.შ. ძალიან გემრიელია, მაგრამ, ამავდროულად, გამოირჩევა დაწებების თვისებით და უმეტესწილად, ცივად შესანახი პროდუქტებია. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, კრეატიულობით და მოხერხებულობით არის შანსი, კიმი და მიკისავით მაინც გამოგივიდეთ
– თან ისე, რომ არც წონაში მოიმატოთ და არც სხვა სახის ფიასკო განიცადოთ. მოკლედ, საკვები პროდუქტები, კერძები, დესერტები ურთიერთობებში აქტუალური (და საჭირო) კომპონენტებია და კიდევ ბევრს დავწერ. მაგრამ, თუკი იქნება ერთი რამ, რასაც ამის წაკითხვის მერე დაიმახსოვრებთ (და გამოგადგებათ ცხოვრებაში), ეს იყოს: არსებობს ერთი ძალიან გემრიელი დესერტი, კომში კრემით, ცოტა მიუწვდომელი და ხშირად ძნელად “საშოვარია”. პრობლემა ისაა, რომ მას ბევრი არ ამზადებს (შესაბამისად, ბევრგან არ იყიდება). თან კომში ხომ სეზონური ხილია და მთელი წელი არ არის გაყიდვაში. მოკლედ, კომშის კრემის საშოვარზე შეიძლება თქვენც, ჩვენსავით, მთელი საღამო ან ღამე იყოთ გასულები და სახლში ხელცარიელი დაბრუნდეთ.