თუ ხელოვნება ასაზრდოებს სულს, საკვები კი – სხეულს, რატომ არის საჭმელი და კვების პროცესი ხელოვნებაში ასეთი პრივილეგირებული?
საკვები ადამიანის გადარჩენისათვის აუცილებელი ელემენტია, თუმცა ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, კვების კულტურა არ არის ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელი. ჭამა, ერთი მხრივ, ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, ხოლო მეორე მხრივ, კომპლექსური სოციალურ-კულტურული ფენომენი, რომელიც გააზრებას საჭიროებს. სწორედ ამას ეხმაურება ანთროპოლოგ კლოდ ლევი-სტროსის ნათქვამი: _ “საკვები უნდა იყოს არამარტო სასარგებლო საჭმელად, არამედ საფიქრელადაც”.
არაერთ მნიშვნელოვან ბიბლიურ ეპიზოდში, საკვებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ავიღოთ თუნდაც „საიდულმლო სერობისა“ ანდაც „კანას ქორწილის“ მაგალითი. საკვებისა და ტრაპეზის პროცესის რელიგიური მნიშვნელობა აისახება სხვადასხვა პერიოდის ხელოვნებაში. ხელოვნების ისტორიის კულინარიულ ჭრილში წაკითხვა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოდ კვების კულტურის მნიშვნელობა, ანტიკური პერიოდიდან დღემდე.
საკვები ხელოვნებაში პირველად პრეისტორიულ ხანაში გვხვდება, როდესაც ადამიანი გამოქვაბულის კედლებზე ნანადირევის მონუმენტურ გამოსახულებას ხატავს. ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანი პირველად აძლევს ფორმას დანახულს და გადმოსცემს მას კონტურებით, შუქ-ჩრდილებით, ზედაპირის გაფერადებით: პირველი ნატურალისტური აქტი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკვებს საკრალურ მნიშვნელობას გაუცნობიერებლად ანიჭებს.
ანტიკური ხანისა და შუასაუკუნეების კედლის ფერწერაში, საკვები მეორეხარისხოვან ან დეკორატიულ როლს ასრულებს, მაგალითისათვის მოვიყვანოთ “ლეღვის კალათი” პომპეის კედლის მხატვრობიდან, რომელიც საოცარი სინატიფით გამოირჩევა. მოგვიანებით, სახვით ხელოვნებაში ჩნდება ნატიურმორტი, სადაც პირველად, ნახატის მთავარ სიუჟეტად უსულო საგნები, ხშირ შემთხვევაში კი, საკვები გვევლინება.
მე-17 საუკუნის ფლამანდიელი მხატვრებისათვის ნატიურმორტი მხატვრული ოსტატობის გამოვლინების ერთ-ერთ საშუალებად იქცა. ამ ნატიურმორტებში მკვეთრი კონტრასტია სიუჟეტსა და მისი შესრულების მანერაში, შედეგი კი აკადემიური სიზუსტით დახატული ყოველდღიური საკვები პროდუქტებია. მხატვრების სურვილმა, რაც შეიძლება რეალისტურად აესახათ დანახული, საფუძველი ჩაუყარა ოპტიკური ილუზიის (trompe l'oeil) განვითარებას ხელოვნებაში. ესპანელი მხატვრის,ხუან სანჩეს კოტანის გეომეტრიული სიზუსტით გათვლილ კომპოზიციებში,სინათლისა და ფერების დახვეწილ ფონზე, წარმოდგენილია ყოველდღიური საკვები პროდუქტები. ლიმონი, კომბოსტო და გოგრა მკვეთრი განათებით გამოირჩევიან მუქ ფონზე, რაც ერთგვარ დრამატულობას სძენს ნახატს. წვრილი ძაფებით ჩამოკიდებული ნანადირევი, ბოსტნეული და ხილი “წარმავალია”, ნახატი კი, რომელზედაც ეს ყველაფერია ასახული – უკვდავი. ნატიურმორტის ამ განხრას ”ამაოება” ეწოდება – მეტაფიზიკური დაკვირვება ცოცხალ არსებათა ეფემერულ ყოფაზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საზოგადოებაში ვითარდება კონსუმერიზმი, ჩნდება სუპერმარკეტები, პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი, ფერად-ფერადი შეფუთვები და რეკლამები.
ამის საპასუხოდ, ამერიკელი პოპ-არტისტები ქმნიან ხელოვნების მიმდინარეობას, რომელიც მთავარ სიუჟეტად იყენებს ყოველდღიური ცხოვრების ელემენტებს – საჭმელს (ხშირად Fast Food) და მის შეფუთვას (packaging – კონსერვის ქილები, ბოთლები), ორაზროვანი ნაბიჯი, რომელიც ერთდროულად ზეიმობს და აკრიტიკებს კონსუმერისტულ საზოგადოებას.
სხვადასხვა მედია საშუალებით (ნახატები, სკულპტურა, სერიგრაფიები, კოლაჟები, ინსტალაციები თუ ვიდეო არტი) პოპ-არტი თავად წააგავს რეკლამას, რომელიც პედესტალზე აყენებს კოკა-კოლას ბოთლს, კემპბელის სუპის ყუთს ან კიდევ ჰოთდოგებსა და ბურგერებს. პოპ-არტის მეშვეობით, ეს პროდუქტები ხდება ინდუსტრიალიზაციისა და საზოგადოების ღირებულებების გადაფასების სიმბოლო.
სამოციანი წლების დასაწყისში, ახალი რეალიზმის მიმდევარი, შვეიცარიელი დანიელ სპოერი თავის მახე ნახატებში (Snare- Pictures) საკვებს იყენებს შემოქმედებით მასალად და ამგვარად ახალ კავშირს ამყარებს ჭამასა და ხელოვნებას შორის. მისი შემოქმედების საგანი ხდება მაგიდა, რომელზეც ხელშეუხებლად დევს ვახშმისგან შემორჩენილი კერძები და ჭურჭელი. ვახშმის რეზულტატი იქცევა ბუნებრივ კომპოზიციად, სადაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება თვითონ კვების პროცესს. სპოერი დასაბამს აძლევს“ითარტს” (EatArt). ამ “ნახატების შესაქმნელად” ის ხსნის რესტორან-გალერეას, სადაც სისტემატურად აწყობს ვახშმებს, თემატურ ბანკეტებსა და კულინარიულ პერფორმანსებს. რესტორან-გალერეის შექმნით, სპოერი კულინარიულ რიტუალს რთავს ხელოვნების შექმნის პროცესში და ამით ხელოვნებასა და ყოფა-ცხოვრებას თითქოს აზავებს და აახლოვებს ერთმანეთთან.