L.A. Food & Wine Festival
ამერიკის ერთერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კულინარიული მოვლენა მესამედ წელს, 22-25 აგვისტოს გაიმართება. ლოს-ანჯელესის გასტრონომიისა და ღვინის ფესტივალი ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს სახელგანთქმულ შეფებსა და გამორჩეულ რესტორნებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კულინარიული მასტერკლასების დროს ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეფების მიერ მათ თვალწინ მომზადებული კულინარიული შედევრები დააგემოვნონ და უახლეს გასტრონომიულ ტენდენციებს გაეცნონ. უგემრიელესი საჭმელი, უმაღლესი ხარისხის ღვინის დეგუსტაციები, ჰოლივუდის
ვარსკვლავები და დღის ბოლოს after party ფერადი კოქტეილებით. თუ აგვისტოში კალიფორნიაში მოხვდებით და ხართ კულინარიის მოყვარული ან უბრალოდ გურმანი, ეს ივენთი არ გამოტოვოთ!
დომინიკ ანსელის უახლესი ქმნილებები
2013 წლის მაისში სოჰოში, ნიუ-იორკში დომინიკ ანსელის საკონდიტროს წინ რიგი დადგა. ტკბილეულის მოყვარულები მოთმინებით ელოდნენ ფრანგული კრუასანისა და ამერიკული დონატის შერწყმით მიღებული კრონატის გასინჯვას, რომელიც „წლის ტკბილეულად“აღიარეს. წელს კი კონდიტერიის ჯადოქრად წოდებულმა ფრანგმა დომინიკ ანსელმა 2014 წლის გაზაფხულის მენიუს ორი ახალი ქმნილება შეჰმატა: Chocolate chip cookie milkshots პატარა ჭიქის ფორმის შოკოლადის `პეჩენია~ ვანილიანი რძის შიგთავსით. `პეჩენია~ გარედან ზომიერად ხრაშუნაა, შიგნიდან მდნარი შოკოლადის საოცრად რბილი ფენა აქვს, ცივ რძეს კი ვანილის პიკანტური გემო დაჰკრავს.
ანსელის მეორე შემოქმედება“კრემის ქოთანი – ბაღი” (Garden ' Pot de Creme ) – რძიანი შოკოლადის ჰაეროვანი მუსია ბრაუნის ფენაზე, რომელიც ანსელის საიდუმლო რეცეპტით არის დამზადებული. გაზაფხულის მენიუს,სხვა მრავალ ტკბილეულთან ერთად, ვარდისა და ბროწეულის ტარტი დააგვირგვინებს (ROse Pomegranate Tart). ტკბილეულს განსაკუთრებულად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსებისა და ბლოგერების მხრიდან.
www.dominiqueansel.com
ცნობილი მილანური საკონდიტროს მფლობელი ხდება
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მოდისა და კვების ინდუსტრიებს? პრადა ეცდება, შეამციროს დისტანცია ამ ორი ერთმანეთისაგან განსხვავებულ სფეროს შორის. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოდის სახლმა მილანის ისტორიული საკონდიტრო Pasticceria Marchesi შეისყიდა. მილანელების ტკბილეულის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მაღაზია 1824 წელს მარკეზების ოჯახმა დააარსა. მან სახელი გაითქვა თავისი ფუნთუშეულით, შოკოლადითა და იტალიური ტკბილი პურით (panettone). პრადას გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ბრენდის მიზანი ამ ისტორიული ბრენდის განვითარებაში მონაწილეობაა, მისი ტრადიციების პატივისცემით. სხვათაშორის, პრადა არ არის ამ ტენდენციის ინიციატორი ბრენდი. 2013 წელს LVMH-ის ჯგუფმა, ერთერთმა ე.წ. ფუფუნების საგნების მწარმოებელმა წამყვანმა ფრანგულმა ჰოლდინგმა, მილანის ცენტრში მდებარე უძველესი (1817 წელს დაარსებული) ყავის სახლი 1817 ჩოვა შეიძინა.
სალვადორ დალის სიურეალისტური კულინარიული წიგნი
1973 წელს ესპანელი სიურეალისტი მხატვარი, უცნობ შეფსა და ტოპ-ფრანგულ რესტორნებთან თანამშრომლობით, კულინარიულ წიგნს წერს, სახელწოდებით “სადილები გალასთან”. თავის დროზე ცნობილი, შემდეგ კი მივიწყებული წიგნი 2014 წლის მარტში დაიდო საიტებზე გასაყიდად, წიგნის სულ 400 ეგზემპლიარი არსებობს და მისი ფასი საკმაოდ მაღალია. ხუთტომიანი, სიურეალისტური ილუსტრაციებით გაფორმებული გასტრონომიული მოგზაურობა მხატვრის ექსტრავაგანტული შემოქმედების ნაყოფია. კატეგორიებად დაყოფილი 136 დელიკატესის რეცეპტებს შორის, ისეთი კერძებია როგორც “მეფური ფარშევანგი მწყერით”, “ავოკადოს ტოსტები ცხვრის ტვინით” და ბევრი სხვა რეცეპტი, რომელიც ლეგენდარული ფრანგული რესტორნების Maxim'sda La Tour D'Argent -ის მენიუშიც გვხვდება.