თიკო სადუნიშვილი
თბილისური გართობის, კულტურული სიახლეების, სკანდალებისა და მთელი ბომონდის კონტროლის პარალელურად, კერძების მომზადებასაც ასწრებს. სამზარეულოშიც ისეთივე აქტიური და ცეცხლოვანი გარემო აქვს მოწყობილი, როგორიც მთელ ქალაქში. კრახს რომ კარგი მზარეულებიც განიცდიან, ამის ნამდვილი მაგალითია თიკო სადუნიშვილი.
საჭმელს მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც შესაბამის განწყობაზეა. მისთვის მთავარი მიზანი საკუთარი თავისა და მეგობრებისთვის სიამოვნების მინიჭებაა და ფიქრობს, რომ მზარეულობა ვალდებულებად არ უნდა იქცეს. ყველაზე კარგად პასტებს და სალათებს ამზადებს. სოკოს და მაწვნის წვნიანი, კიევური კატლეტი, პასტა „კარბონარა“ და საკუთარი საფირმო სალათი – „ ძილშიც კი ზეპირად გეტყვით ამ კერძების რეცეპტებს“. დანარჩენ შემთხვევებში, ინტერნეტში და კულინარიულ წიგნებში სიახლეებს ეცნობა და ექსპერიმენტებს ატარებს.
ბევრი ბლინი, კატლეტი და სუშის როლი შეეწირა მის კულინარიულ კარიერას, თუმცა სასურველ შედეგს მიაღწია და მათი მომზადება, ახლა უკვე კარგად გამოსდის.
„სახლში შეკრების რიტუალი ჩემს გაკეთებულ კერძთან ასოცირდება. კარგია მსგავსი საღამოების წელიწადში რამდენჯერმე მოწყობა“.
ერთხელაც, ასეთი საღამო მისი წამოწყების გამო ჩაიშალა… სტუმრები თავის ახალ ექსპერიმენტზე, ჟოლოს ტარტზე დაპატიჟა. ინგრედიენტები, როგორც ყოველთვის სრული სიზუსტით გადაანაწილა, მზადებისას შეცდომა არც ახლა დაუშვია, მაგრამ…
„პურის და მჭადის ფქვილი ან მარილი და შაქარი ერთმანეთში არასდროს მერევა. ჩემი მთავარი მინუსი ისაა, რომ დროის შეგრძნება არ მაქვს. ტელეფონმა თუ დამირეკა, ტელევიზორის ყურებაში თუ გავერთე ან ვიღაც მესაუბრება, ყველაფერი მეწვება. ტარტის შემთხვევაშიც ასე მოხდა. სტუმრების გამო ორმაგად ვინერვიულე და მომერიდა. ხან მარჯვნიდან ვფხიკე, ხან მარცხნიდან, მაგრამ ვეღარ ვუშველე. შემეძლო გავქცეულიყავი, სადმე მეყიდა ტარტი და მომეტყუებინა, ვითომ ჩემი გაკეთებული იყო, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. მეგობრებს დავაბარე რამე წამოეღოთ იმ საღამოსთვის“.
ამბობს, რომ ყოველი ახალი კერძის მომზადება მისთვის რისკია, არ იცის კრახით დასრულდება თუ – წარმატებით, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, კარგად გამოუვიდეს. გაკეთების დროს იმდენად ნერვიულობს, რომ რამდენიმე დღით მადა ეკარგება. შეიძლება კვირაში 7 დღე კულინარიით იყოს დაკავებული, მაგრამ მერე 1 წელი არაფერი მოამზადოს.
თბილისის ტენდენციებში კარგად გარკვეული წამყვანის აზრით, ქალაქში ახალი, კულინარიული მოდაა. – „ქართველმა გოგონებმა მოიგონეს და უკვე ტრენდია, რომ არ იცოდე კერძების მომზადება. ბიჭების პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, გოგოების ასეთი იმიჯი მათთვისაც არ არის მოსაწონი. ჩემი აზრით, თუ ადამიანს უნდა რამის გაკეთება, აუცილებლად შეძლებს“.
თიკოს აზრით, საკვები მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ შიმშილის გრძნობა დავიკმაყოფილოთ, კულინარია ხელოვნებაა. იგი ყველას ურჩევს, რომ საჭმლის მომზადებაში დადებითი ემოციები ჩადონ. ენერგეტიკა გადადის და როგორი განწყობითაც ვამზადებთ, კერძიც ისეთი გამოდის.
ფოტო: ანა ბოკო