შესავალი FOOD ფოტოგრაფიაში

FOOD-ფოტოგრაფიით ორი წლის წინ „მოვიწამლე“. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი კულინარიით გატაცებაც იყო, მაგრამ იმ დღის შემდეგ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. თავში სულ კერძები, ტკბილეული, კომპოზიცია, განათება და მსგავსი რამეები მიტრიალებს. და სანამ ამ ყველაფერს არ გადავიღებ, არ მასვენებს, არაფრით მანებებს თავს.
ძალიან ჰგავს პორტრეტის გადაღებას. მაგალითისთვის ავიღოთ პომიდორი, რომელიც უნდა წარმოვაჩინოთ საუკეთესო კუთხით. ერთადერთი სხვაობა ის არის, რომ პომიდორი ვერასოდეს ნახავს საკუთარ პორტრეტს, ვერ დაგიწუნებთ ან ვერ მოგიწონებთ მას, რაც ძალიან აადვილებს მუშაობას.
„აუ, ამას შეჭამდა კაცი“, „მშია“, „რა გემრიელად გამოიყურება“ და ა.შ. _ ეს ყველაზე სასურველი და სასიამოვნო ქათინაურებია, რომელიც FOOD-ფოტოგრაფმა შეიძლება მიიღოს, ხოლო თუ ის ადამიანი, ვინც ამას გეუბნებათ, მშიერი სულაც არ არის, ჩათვალეთ, რომ მწვერვალებისთვის მიგიღწევიათ ამ სფეროში.
რადგან ამ ჟურნალს კითხულობთ, ე.ი. კულინარია გაინტერესებთ, თუ კულინარია გაინტერესებთ, ალბათ ხანდახან საკუთარი შემოქმედების აღბეჭდვის სურვილიც გიჩნდებათ. შესაძლოა კულინარიული ბლოგი გაქვთ… მოკლედ, ვიფიქრე რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ჩამომეწერა, იქნებ გამოგადგეთ.
დავიწყოთ განათებით. განათება ფოტოგრაფიაში დიდი თემაა. ჩვენ მხოლოდ საკვების გადაღების სპეციფიკას გადავხედოთ. სტუდიური განათების ფუფუნება ალბათ ცოტას თუ აქვს, მაგრამ სწორად შერჩეული დღის განათება არაფრით ჩამოუვარდება მას. დავჯერდეთ იმას, რაც ღმერთმა გვაჩუქა – დღის სინათლე. შეარჩიეთ ნათელი ფანჯარა, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოერიდეთ. იდეალურია დღის განათება ობიექტის უკანა მხრიდან, ხოლო მარჯვენა და მარცხენა მხარეს შუქის ამრეკლები, ოდნავ მიბრუნებული იყოს სინათლის წყაროსკენ. თუ ორი ამრეკლი არ მოგეპოვებათ, ესეც არ არის ტრაგედია. მოათავსეთ ობიექტი ისე, რომ ერთ მხარეს, მაგალითად, მარჯვნივ, ეცემოდეს დღის განათება, ხოლო მარცხენა მხარეს ერთი ამრეკლი ან თეთრი ქაღალდი დაუხვედრეთ, რომელიც ჩრდილებს შეარბილებს. ამრეკლი ძალიან საჭირო აქსესუარია. სანამ ძვირადღირებულ ტექნიკაზე გადახვალთ, გირჩევთ ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი ნივთი შეიძინოთ. შედეგად, თქვენი ფოტოების ხარისხი ერთიორად გაიზრდება. სხვაობის სანახავად, შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ მცირე ექსპერიმენტი: გადაიღეთ ერთი და იგივე ფოტო ამრეკლით და მის გარეშე. არ გამოიყენოთ ფოტოაპარატის განათება, გამოსახულება ბრტყელი და არაბუნებრივი გამოვა.
რა გამოვიყენოთ ფონად? შესაძლოა, ეს იყოს სუფრა, ნაჭერი, ან უბრალოდ მაგიდაზე დალაგებული ნივთები. ეცადეთ კადრში ზედმეტი არაფერი მოხვდეს, წინასწარ გაასუფთავეთ მაგიდის ზედაპირი. მოიფიქრეთ კომპოზიცია, გამოიყენეთ ფერადი ლენტები, ნაჭრები, ხელსახოცები, ჭიქები და ა.შ. ძალიან ეფექტურია მოწანწკარე თაფლი, შოკოლადი, სოუსი. სთხოვეთ ვინმეს დახმარება, თორემ გაგიჭირდებათ კამერის, ამრეკლისა და თაფლიანი კოვზის ერთად დაჭერა. თუ გვერდით არავინ გყავთ, ვინც საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დახმარების ხელს გამოგიწვდით, დროა იფიქროთ შტატივზე. მისი შეძენის შემთხვევაში, ერთი ხელი გაგითავისუფლდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სიტუაციაში. შტატივი, გარდა თავისუფალი ხელისა, დაბალი განათების შემთხვევაში, გვაძლევს საშუალებას გადავიღოთ ჩამკეტის დაბალ სიჩქარეზე.
მაგალითისთვის გთავაზობთ დღის განათებით გადაღებულ ფოტოებს _ მოწანწკარე თაფლით, ლენტებით და ფერადი ფონებით.

1_culinart_issue65

თუ არ გაგისინჯავთ ბერძნული დესერტი მაწვნით, თაფლით და ნიგვზით, აუცილებლად დააგემოვნეთ. სასარგებლოა, ჯანსაღია და თავისუფლად შეგიცვლით ნებისმიერ ტკბილეულს.
ეს კი „ქეიქ პოპია“ _ ძალიან პოპულარული დესერტი. ის სულ რაღაც 6 წლის წინ გამოიგონეს. აი, ასე მზადდება:
ნებისმიერი კექსი ან ბისკვიტი უნდა დაფხვნათ ხელით, შეურიოთ მურაბის წვენი, ნაღები ან ლიქიორი, თვალით განსაზღვრეთ რაოდენობა. მოურიეთ და ხელით გააკეთეთ პატარა ბურთები, დააწყვეთ თეფშზე და შედგით მაცივარში რამდენიმე წუთით. სანამ ბურთები გაცივდება, 100 გრ. შოკოლადი ორთქლზე დაადნეთ. მოამზადეთ ფიცარი, რომელსაც დააფარებთ პერგამენტს. ბურთები ამოავლეთ შოკოლადში ხის ჩხირით, ჩანგლით ან სულაც ხელით (მე სწორედ ასე მოვიქეცი). დააწყვეთ პერგამენტზე, მოაყარეთ ფერადი კანფეტები, შეინახეთ მაცივარში, როდესაც შოკოლადი გამაგრდება, ფრთხილად შეარჭეთ ხის გრძელი ჩხირი.
დაბოლოს, ისიამოვნეთ პროცესით. მერწმუნეთ, ეს აუცილებლად აისახება თქვენს კულინარიულ და ფოტონამუშევარზე _ რა თქმა უნდა, დადებითად.

1_culinart_issue66

ფოტო: ნინო მეგრელიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com