პედიატრის რჩევა

1_culinart_issue53

პედიატრი ქეთი ნემსაძე

ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძის პროდუქტი – რა უნდა ვაჭამოთ ბავშვებს? როგორ უნდა დავიცვათ ისინი მავნე პროდუქტებისგან? არიან თუ არა მშობლები დაცული მაშინ, როდესაც საკუთარი შვილებისთვის საკვებს ყიდულობენ? ბოლო პერიოდში ეს შეკითხვები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. გასაკვირი არაფერია – მშობლები ზრუნავენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა კი კვების რაციონის პირდაპირპროპორციულია. დედები ბავშვების კვებაზე ზრუნვას მათი დაბადებისთანავე იწყებენ. ახალშობილებისთვის დედის რძე რომ შეუცვლელი და აუცილებელია, ამაზე არავინ დავობს. პედიატრები ერთხმად აღიარებენ, რომ დედის რძე ბავშვის განვითარებისათვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა ბავშვის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი კვების რაციონიც. რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ ფაფის, წვნიანის, ხილის
დამატება? რომელ პროდუქტს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და რაც მთავარია, როგორ მოვამზადოთ სწორად ბავშვის საკვები – „კულინArtის“ შეკითხვებს პედიატრი ქეთი ნემსაძე უპასუხებს.

_ ქალბატონო ქეთი, დედის რძე რომ ბავშვისთვის აუცილებელია, ეს ყველა მშობელმა იცის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ამის საშუალება არ არის და ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი ხერხი, რაც დედის რძეს უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს?
_ ახალშობილის კვება – ეს არის მისი სიცოცხლის შემანარჩუნებელი აქცია, ვინაიდან ახალშობილი, წლამდე, ზრდის სამ ეტაპს გაივლის. ამიტომ კვება უნდა იყოს ადეკვატური, ასაკის შესაბამისი. იმ შემთხვევაში თუ დედას რძე არა აქვს, ფსიქოლოგიურად, უმჯობესია კვების დროს ბავშვი დედას ხელში ეჭიროს და თან იმ პოზიციაში, რომელშიც ის ძუძუს აჭმევს. ეს კვების შემადგენელი ნაწილია და ამით ის ანახევრებს ზიანს, რასაც ბავშვს ძუძუთი კვების არარსებობისას აყენებს.

_ თბილისში დედის რძის შემცველი სხვადასხვა ბრენდის ნარევი შემოდის. როგორ უნდა აარჩიოს მშობელმა, რომელი არის მისი შვილისათვის შესაბამისი?
_ მე ვურჩევ ყველა მშობელს აირჩიოს ბრენდი, რომელსაც ევროკავშირის ნიშანი აქვს და რომელიც ევროკომისიის დირექტივების შესაბამისია. ასეთი საკვები შემოწმებულია, თუ რამდენად ადეკვატურია ბავშვისათვის და რამდენად იცავს ინფექციურ კონტროლს. საკვები აუცილებლად უნდა იყოს დანამატების გარეშე, რადგან ყველა დანამატი მხოლოდ კომერციული ხრიკია. ჯობს ფხვნილი ქალის რძის ანალოგი იყოს. რაც შეეხება, დღენაკლულებს, მათთვის უმჯობესია თხიერი რძე, რადგან ფხვნილი, რომელიც იხსნება 37 გრადუსში, დღენაკლულებისთვის შესაძლოა ინფექციის წყარო აღმოჩნდეს.

_ ქალბატონო ქეთი, აუცილებლად უნდა გკითხოთ: ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი მშობელი ირჩევს იმ საკვებს (რძის ფხვნილს), რომელსაც ფერმენტების დანამატი აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ ტიპის საკვებს ახალშობილები უფრო ადვილად ინელებენ და ნაკლებად აწუხებთ მუცლის შებერილობა. გამართლებულია თუ არა საკვების ამ პრინციპით შერჩევა?
_ არა, რა თქმა უნდა. ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს სამკურნალო ნარევია და არ არის ჩვეულებრივი რძე. თუ ბავშვს ფერმენტი ესაჭიროება, ის პედიატრმა უნდა დანიშნოს და მიიღოს საკვების გარეშე. ბავშვს დამატებითი ფერმენტები არ უნდა მივცეთ, გარდა იმ ბიოცენეზის გამაძლიერებლებისა, რასაც აქვეითებს ხელოვნური კვება. ვგულისხმობ ბიფიდუმ-ბაქტერიების სხვადასხვა სახეობას, რაც აუცილებად უნდა დაემატოს ჩვილს, თუკი ის ხელოვნურ კვებაზეა.

_ ფერმენტებდამატებული საკვების გარდა, არსებობს ჰიპოალერგიული საკვები. ეს მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს. რამდენად აუცილებელია ახალშობილებს დაბადებისთანავე გავუკეთოთ ანალიზი და გავერკვიოთ, არის თუ არა მიდრეკილი ალერგიისკენ?
_ დასავლეთში ახალშობილს დაბადებისთანავე უკეთებენ სკრინინგის 11 ტესტს ნივთიერებათა ცვლის შესახებ. ამის შემდეგ კარგად იცის მშობელმა და შემდგომში – ბავშვმაც, თუ რა საკვებია მისთვის დასაშვები. რიგ შემთხვევაში საკვები ბავშვისათვის შესაძლოა გონებრივი ჩამორჩენის მიზეზიც კი გახდეს. ჩვენთან, საქართველოში კეთდება მხოლოდ სამი ანალიზი, თუმცა ვისაც შესაძლებლობა აქვს, უმჯობესია გაიკეთოს თერთმეტივე სკრინინგი. თუ ბავშვს უკვე აშკარად გამოხატული ალერგია აქვს, უმჯობესია გაიკეთოს კვებით ინტოლერანტობაზე სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე სკრინინგის რუკა, სადაც მითითებული იქნება თუ რომელ კონკრეტულ საკვებზე აქვს ალერგია. ყველაზე კარგი ალერგოლოგი შეიძლება დედა გახდეს, რომელიც ჩაიწერს თუ რა საკვები მიიღო მისმა შვილმა 24 საათის განმავლობაში, ხოლო ალერგიის განმეორების შემთხვევაში, ერთი და იგივე კომპონენტი უკვე განიხილება როგორც „დამნაშავე“, რის შემდეგაც უნდა მოხდეს ამ პროდუქტის საკვები რაციონიდან ამოღება. როდესაც ახალშობილს ალერგია აღენიშნება, ხშირად ვფიქრობთ, რომ ის ძროხის ცილით არის გამოწვეული და ბაზა სოიოთი იცვლება.

_ როდესაც ბავშვი წამოიზრდება, მეექვსე თვიდან მის საკვებ რაციონს ემატება ფაფა. რომელი ფაფა უნდა ვაჭამოთ ბავშვს – რომელიც მაღაზიაში იყიდება და რომლის მომზადებასაც 5 წუთი სჭირდება, თუ მაგალითად წიწიბურა, რომელსაც შინ მოვამზადებთ?
_ ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს ოჯახური, ახლადმომზადებული საკვები, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს. ასეთი ფაფა არის აუცილებელი ახალშობილებისთვის, ვინაიდან მათი ღვიძლი უმწიფარია და ძალიან დაბალი აქვს ბარიერული ფუნქცია.

_ ფაფას უკვე ემატება ბოსტნეულის წვნიანი და ხილფაფა. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ საათზე რა საკვებს მიიღებს ბავშვი?
_ ეს წონაზეა დამოკიდებული. თუ ბავშვი დიდი წონისაა, უმჯობესია დაიწყოს ბოსტნეულის წვნიანით, თუ ჩვეულებრივ მიყვება ასაკს იმ მრუდით, რასაც ჩვენ „ზრდის მრუდს“ ვუწოდებთ, უმჯობესია კვება ფაფით დაიწყოს. ჩემი დევიზია – დედის რძე ორ წლამდე, დანამატებთან ერთად. წლამდე ბავშვს უნდა მიეცეს ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეული, ქათმის, ინდაურის ხორცი და თევზი.

_ დაბოლოს, უნდა მიიღონ თუ არა ბავშვებმა ვიტამინები?
_ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. კალციუმი, ცინკი, მაგნიუმი და თევზის ქონი უნდა მიიღოს ბავშვმა დანამატის სახით და თუ საჭიროა, დაემატოს მულტივიტამინები.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com